ახალი ამბებისაზოგადოება

სამი გარდაცვლილი და სამი მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვი ერთ ოჯახში

1 ივნისი, 2016 • 2907
სამი გარდაცვლილი და სამი მშობლის გარეშე დარჩენილი ბავშვი ერთ ოჯახში

სამი მცირეწლოვანი ბავშვი სოციალურმა სამსახურმა ერთი კვირის წინ მშობლებს ჩამოართვა. ბავშვები მინდობით აღზრდაში ოფიციალურად ჯერ კიდევ არ გადაუციათ, რადგან ისინი დედის და-ძმამ ბათუმში წამოიყვანა.

ცხრა თვის გოგონა დეიდის მეთვალყურეობის ქვეშაა, ორი არასრულწლოვანი ბიჭი კი, ბიძის სახლში ცხოვრობს. ცხრა თვის გოგონას ტყუპისცალი ერთი კვირის წინ გარდაიცვალა, თავად კი, როგორც ბიძა ამბობს, მიკროელემენტებისა და კვების დეფიციტის დიაგნოზით მოათავსეს კლინიკაში. ცხრა თვის ბავშვი 5 კილოზე ნაკლებს იწონის. ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ გოგონას 2 და 5 წლის ძმებსაც.

როგორც ბავშვის დედამ “ბათუმელებს” სატელეფონო საუბარში უთხრა, ცხრა თვის გოგონას
გარდაცვალებამდე მას ორი ბავშვი კიდევ დაეღუპა, ორივე ჩვილობის ასაკში.

“არ ვიცი რა სჭირდა, დილით რომ გავიღვიძე, საწოლში გარდაცვლილი იყო”, – ამბობს დედა პირველ შვილზე. მისი თქმით, მეორე ბავშვიც საწოლში იპოვა გარდაცვლილი. მას შემდეგ ხათუნამ ორი შვილი კიდევ გააჩინა, ცხრა თვის წინ კი, ტყუპი გოგონა შეეძინა, თუმცა მათგან ერთი უკვე გარდაცვლილია. დედის თქმით, ბოლო შემთხვევაშიც ჩვილის გარდაცვალების მიზეზი ავადმყოფობა იყო.

“ბავშვი წონაში არ იმატებდა. “ჰუმანას” და “ნესტლეს” ფაფას ვაჭმევდი, მაგრამ საჭმელი არ ჰყოფნიდა, ჭამის შემდეგ აღებინებდა. სუსტი ბავშვი იყო, სუნთქვა უჭირდა. რვა მაისს ექიმთან მყავდა თბილისში. ხუთი დღე გავჩერდით, შემდეგ ექიმებმა მითხრეს, რომ ფული იყო გადასახდელი. მე ფული არ მქონდა, ხელწერილი დავწერე და წამოვედი”, – ამბობს დედა.

დედა ირწმუნება, რომ ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკამ ბავშვი ნამდვილად იმის გამო გაუშვა სახლში, რომ მას თანხის გადახდა არ შეეძლო. ეს ბავშვისთვის სავალალო შედეგით დასრულდა – 9 თვის გოგონა უკვე გარდაცვლილია.

ცხრა თვის ჩვილი თბილისში, ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში რომ იწვა სამკურნალოდ, “ბათუმელებს” კლინიკის ადმინისტრაციაშიც დაუდასტურეს.

“3-ში შემოვიდა და 8-ში გაეწერა. გაუმჯობესებულ მდგომარეობაში გავიდა, ჰქონდა მწვავე ბრონქიტი, დაუზუსტებელი, გულის რევა და პირღებინება, სტომატიტის ფორმები, განვითარების ეტაპების დაყოვნება, საკვების უკმარისობის შედეგი,” – გვითხრა ადმინისტრაციის წარმომადგენელმა.

“ბათუმელების” კითხვაზე – “გაუმჯობესებული მდგომარეობა” ნიშნავს თუ არა, რომ ბავშვის კლინიკიდან გაწერა შეიძლებოდა? – კლინიკის ადმინისტრაციაში გვიპასუხეს: “კი, მაგრამ ბავშვი საჭიროებდა ინჰალაციას, პედიატრის მონიტორინგს, მშობლის ინფორმირებას კვების შესახებ”.

“ბათუმელების” შემდეგ კითხვაზე, თუ რატომ მოუხდა მშობელს ბავშვის გაყვანა ხელწერილით,  კლინიკაში გვიპასუხეს, რომ ბავშვი ვადაზე ადრე არ გაუყვანიათ: “ეტყობა, აღარ ჩათვალეს 5 დღეზე მეტი საჭიროდ და იმიტომ გაიყვანა”, – განაცხადეს ი. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალ კლინიკაში.

კლინიკიდან გაყვანის შემდეგ ჩვილი ცხრა დღეში, 17 მაისს გარდაიცვალა. ბავშვების დედა ამბობს, რომ ოჯახს სოციალური პრობლემები აქვს. სახლში წვიმა ჩაუდით და ოთახებიც კეთილმოუწყობელია. სოციალური
შემწეობა სახელმწიფომ ოჯახს მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ოთხი შვილის მამამ თურქეთის საზღვარი სამუშაოს მოსაძებნად გადაკვეთა. სოციალური სამსახური მცირეწლოვანი ბავშვების მდგომარეობით ჩვილის გარდაცვალების შემდეგ დაინტერესდა.

სამი გარდაცვლილი შვილის დედა წალკის მუნიციპალიტეტში ცხოვრობს. სოციალურად დაუცველი ოჯახის მდგომარეობით, იმით, რომ ბავშვები ფაქტობრივად შიმშილობდნენ, არც წალკის გამგეობა დაინტერესებულა და არც სხვა პირები. გამგებელი ამბობს, რომ ერთჯერადი ფინანსური დახმარების თხოვნით ოჯახმა მას
ახლახან მიმართა.

“ვიცი, რომ ჩვილი გარდაეცვალათ, მაგრამ დახმარება აქამდე არ უთხოვიათ”, – უთხრა “ბათუმელებს” წალკის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ჯონი საბაძემ.

“ბათუმელები” ამავე სოფლის მკვიდრს, ჯუმბერ იაკობაძესაც ესაუბრა, რომელმაც გვითხრა, რომ ბავშვების ოჯახს მძიმე სოციალური პირობები აქვს.

“სახლის კედელი გახსნილი იყო და იქ ცხოვრება ნამდვილად არ შეიძლებოდა, მით უმეტეს სიცივეში. ასჯერ მაინც შეიტანა განაცხადი სოციალურ დახმარებაზე, მაგრამ შემწეობა არ დაუნიშნეს, პირადად მეც ვეხმარებოდი და რამდენჯერმე მივყევი კიდეც სოციალური მომსახურების სააგენტოში,” – ამბობს ის.

ჯუმბერ იაკობაძისთვის ბავშვების გარდაცვალების მიზეზი უცნობია. რაც შეეხება ბოლო შემთხვევას, მისი თქმით, ჩვილის გარდაცვალებაზე დასკვნა არსებობს და “მიზეზი ალბათ იქ წერია”.

იმის თაობაზე ინფორმაციას, რომ სოციალურმა სამსახურმა დედას შვილები ჩამოართვა, ერთი კი გარდაეცვალა, არ ფლობდა სოფლის რწმუნებული პაატა კურტანიძეც.

“ბავშვები როდის ჩამოართვეს? როდინდელი ამბავია? არ ვიცი, გაგირკვევთ”. თუმცა მოგვიანებით საუბარში აღნიშნა, რომ ინფორმაცია დააზუსტა: “მშობლები ვერ უვლიდნენ. ის ჩვილიც, სავარაუდოდ, შიმშილით
არის გარდაცვლილი”.

ჩვენს კითხვაზე, თუ რატომ არავინ მოახდინა რეაგირება სოფელში ოჯახის მდგომარეობაზე, როცა ქალს პირველი და მეორე შვილი დაეღუპა, სოფლის რწმუნებული ამბობს: “ვერ გეტყვით, არ ვარ საქმის კურსში”.

რა გეგმები აქვს სოციალურ სამსახურს სამ მცირეწლოვანთან დაკავშირებით, სოცმუშაკები, რომლებიც ტყუპისცალის ბათუმში გადმოყვანის პროცესში იყვნენ ჩართული, “ბათუმელებთან” კომენტარს არ აკეთებენ.

ბავშვების ბიძამ გვითხრა, რომ სახელმწიფოს მისი დისშვილების მინდობით აღზრდაში გადაცემა უნდა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება.

“შევაკვდები და ბავშვებს უცხო ოჯახში არ გავატან”, – ამბობს ის. თუმცა დასძენს, რომ მას სამივე დისშვილზე მზრუნველობის აღება არ შეუძლია.

“ტყუპისცალი წაიყვანა ჩემმა მეორე დამ, ბიჭები კი ჩემთან იქნებიან. მინდობით აღზრდაში გადაცემის უფლებას სახელმწიფოს არ მივცემ”, – გვეუბნება გია, ბავშვების დედის ძმა.

გია ამჟამად ბათუმთან ახლოს, ნაგირავებ პატარა ოთახში მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს. რამდენიმე თვეში ბინის გამოცვლა მოუწევს, რადგან საბინაო ხელშეკრულებას ვადა გასდის. ხუთ ადამიანს, მათ შორის სამ მცირეწლოვან ბავშვს, ერთ პატარა ოთახში სძინავს.

“ჩემი მეუღლე არ მუშაობს, ბავშვს უვლის, მე კერძო კომპანიაში მუშად ვმუშაობ. ზაფხულში ათას ლარამდე გამომდის ხელფასი, ზამთარში კი 600-700 ლარი მაქვს და შეძლებისდაგვარად ვიმყოფინებთ”, – ამბობს გია.

ბავშვების დედა გვეუბნება, რომ მას ურჩევნია შვილები სახელმწიფომ თავისი და-ძმის მეურვეობის ქვეშ დატოვოს. მამის პოზიცია უცნობია, რადგან, როგორც ბავშვების დედა ამბობს, ის სამუშაოდ თურქეთში იმყოფება და არც შვილისმდაკრძალვაზე ჩამოსულა.

ცხრა თვის გოგონა წალკიდან გადმოყვანის შემდეგ, ბათუმში დედათა და ბავშვთა რესპუბლიკურ ცენტრში იწვა. ივერი, ბავშვის დეიდის ქმარი გვეუბნება, რომ პატარას საავადმყოფოში გამოკვლევები ჩაუტარეს და ახლა თავს კარგად გრძნობს.

“უკვე გამოწერეს და სახლში გვყავს, 880 ლარი იყო გადასახდელი. ჯერ მე მთხოვდნენ თანხას, მაგრამ შემდეგ, როგორც ჩანს, სოციალურმა სამსახურმა მოაგვარა ეგ საკითხი”, – ამბობს ბავშვების ბიძა.

თანხის გადახდის პრობლემა ბავშვების ნათესავებისთვის მას შემდეგ გადაიჭრა, რაც საკითხით “ბათუმელები” დაინტერესდა. ბოლო დღემდე ბავშვის ბიძას ეუბნებოდნენ, რომ ვიდრე 880 ლარს არ გადაიხდიდა, ბავშვს ვერ წაიყვანდა.

ასევე ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ ბიჭებსაც – ხუთი და ორი წლის ძმებს. ნათესავების თქმით, უფროს
ბიჭს ფსიქოლოგისა და ლოგოპედის დახმარება ესაჭიროება.

“მე ასე ვიცი, რომ პრობლემები გაუჩნდა შიშის ნიადაგზე, მანქანა კინაღამ დაჯახებია და შიშის გამო ვეღარ
ლაპარაკობს. როცა რაღაცის ეშინია, სახეზე იფარებს ხელებს”.

ჯანმრთელობის პრობლემები აქვს მეორე ძმასაც: “ახველებს. ექიმმა მითხრა, რომ ფილტვების ანთება აქვს და ნემსები სჭირდება. ახლა მხოლოდ ბრონქების წამალს ვაძლევთ, საავადმყოფოში ვერ ვაწვენთ – უბნის ექიმი მიმართვას არ გვაძლევს, რადგან ბავშვები ოფიციალურად არ იმყოფებიან ჩვენი მეურვეობის ქვეშ”.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა ტატა გამყრელიძემ “ბათუმელებთან” სატელეფონი საუბარში სამ და-ძმასთან დაკავშირებით სახელმწიფოს გეგმები განმარტა: “ოჯახის მდგომარეობის შესწავლით გაირკვა, რომ მშობლების სახლში ბავშვებისთვის ცხოვრება ამ
ეტაპზე შეუძლებელია, რადგან საფრთხის ქვეშ არიან. ბავშვების დეიდა და ბიძა, ვისთანაც ბავშვები დროებით გადავიყვანეთ, არ არიან თანახმა, რომ ბავშვები ერთად იყვნენ, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს ერთი ოჯახის წევრების დაშორებას, ამიტომ საუბარი მიდის იმაზე, რომ იქვე, წალკაში, მოიძებნოს ოჯახი, სადაც გადავლენ ბავშვები მინდობით აღზრდაში. გარდა ამისა, ადგილობრივ მთავრობასთან გვქონდა საუბარი და გვითხრეს, რომ დაეხმარებიან ოჯახს სახლის შეკეთებაში”.

ტატა გამყრელიძე ამბობს, რომ ბავშვების დედა და, შესაბამისად, კანონიერი წარმომადგენელი, თანახმაა შვილები მასთან ახლოს ცხოვრობდნენ.

რაც შეეხება ჩვილის გარდაცვალებას, სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს უფროსის მარი ჟვანიას განცხადებით, 0-დან ხუთ წლამდე ბავშვის გარდაცვალებაზე სააგენტო მოკვლევას იმ შემთხვევაში იწყებს, თუკი ბავშვი სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვლება.

“კლინიკა ვალდებულია დატოვოს შეტყობინება და ვიწყებთ მოკვლევას, მაგრამ თუ კლინიკიდან გაწერეს
და სახლშია გარდაცვალება და საჩივარი ან განცხადება მშობლებისგან არ არის შემოსული, რეაგირებას ვერ დავიწყებთ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი