ახალი ამბები

კვირიკაშვილი: არც ერთ პრემიერს აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე

31 მაისი, 2016 • 1465
კვირიკაშვილი: არც ერთ პრემიერს აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე

პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის თქმით, კორცხელის ინციდენტში მონაწილე პირების შესახებ საზოგადოება ინფორმაციას უახლოეს მომავალში გაიგებს. პრემიერის განცხადებით, ისინი დაუსჯელი არ დარჩებიან. მისი თქმით, მათი დაჭერა შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტია და ეს საკითხი პრემიერის კომპეტენციას სცილდება:

“არც ერთ პრემიერ-მინისტრს არ აქვს უფლება, მისცეს მითითებები ადამიანების დაჭერაზე, ასეთი რამ საქართველოში ხდებოდა და წარსულს ჩაბარდა, რაც ძალიან კარგია. ჩემი პოლიტიკური მოსაზრებაა, რომ ეს პრეცედენტი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი. გამოძიება მიმდინარეობს და სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში შეიტყობთ შედეგებს. პრემიერ-მინისტრების მხრიდან მითითება, “დააკავეთ”, “დაიჭირეთ”, “ნულოვანი ტოლერანტობა”, ასეთი რაღაცები საქართველოში აღარ იქნება და მოლოდინიც ნუ გვექნება. დასასჯელი, რა თქმა უნდა, დაისჯება, მაგრამ ეს იქნება მხოლოდ შესაბამისი ინსტიტუციების გადასაწყვეტი,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი).

24 მაისს, ღამით ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები შსს-ში გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ დაკითხვაზე არ დაუბარებიათ და გადაწყვიტეს, ვითარების გასარკვევად თავად მისულიყვნენ. ისინი გამოძიებას არ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი