ახალი ამბები

პრემიერი: მთავრობის მიერ მიღწეული შედეგები მოქალაქეებისთვის 4 წლის წინ სანატრელი იყო

31 მაისი, 2016 • 873
პრემიერი: მთავრობის მიერ მიღწეული შედეგები მოქალაქეებისთვის 4 წლის წინ სანატრელი იყო

“რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან საინტერესო წერილი, წარსულის მოვლენების, დღევანდელობისა და გასული წლების დინამიკის საკმაოდ მკაფიო ანალიზით,” – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილის ღია წერილი.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მთავარი დასკვნა, რაც შეიძლება წერილის მკითხველმა გამოიტანოს, არის ის, რომ საქართველოს მიერ აღებული ვექტორი აბსოლუტურად სწორია და ბოლო წლებში მიღწეული შედეგები ძალიან მნიშვნელოვანია.

“რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ შევძლებთ, 3 და 4 წელიწადში საქართველოს მოქალაქეების ყოფის მნიშვნელოვან გაუმჯობესებას, თუმცა წერილში ჩამოთვლილი ყველა შედეგი იყო ნამდვილად სანატრელი თითოეული მოქალაქისთვის 4 წლის წინ, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში. ამიტომ ასეთი წერილი ყველას სჭირდება. ის ჩემთვისაც დიდი მუხტის მატარებელი იყო და, ვფიქრობ, ჩვენს თანაგუნდელებსაც სჭირდებათ ხანდახან ასეთი გამხნევება და შემოძახება”, – განაცხადა პრემიერმა.

რაც შეეხება ღია წერილში “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებას, პრემიერმა კითხვაზე პასუხისას აღნიშნა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ამ საკითხზე არჩევანი 4 წლის წინ გააკეთა.

“მე მგონია, რომ ეს არჩევანი შეუქცევადი იქნება”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი