ახალი ამბები

საქართველოს საელჩოებში ეკონომიკური ატაშეები იმუშავებენ

31 მაისი, 2016 • 1800
საქართველოს საელჩოებში ეკონომიკური ატაშეები იმუშავებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს საელჩოებში ეკონომიკური ატაშეები დაინიშნებიან, რომლებიც ქართული ბიზნესის საზღვარგარეთ ხელშეწყობასა და ინვესტიციების მოზიდვას ხელს შეუწყობენ.

დღეს, 31 მაისს, საქართველოს ბიზნესასოციაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინისტრმა ისაუბრა იმის შესახებ, რომ ეკონომიკური ატაშეების დანიშვნის საჭიროება სამინისტროს წარმოებულმა ეკონომიკურმა დიპლომატიამ განაპირობა.

ეკონომიკური დიპლომატიის მიზანი იქნება ინვესტიციებისა და ახალი ტექნოლოგიების მოზიდვა საქართველოში, მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერნაციონალიზაციაში ხელის შეწყობა, ქართული საექსპორტო პროდუქციისთვის ახალი ბაზრების მოძიება და არსებულ ბაზრებზე გაძლიერება.

მინისტრის თქმით, ეკონომიკური დიპლომატიის ფარგლებში დაგეგმილია რეფორმები საელჩოებში, რომლის ფარგლებშიც შეიქმნება პლატფორმა, რისი საშუალებითაც ბიზნესის წარმომადგენლები იქნებიან მუდმივ კავშირში სამინისტროსთან.

სამინისტრო ასევე გეგმავს საელჩოების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ტრენინგებს იმისათვის, რათა იცოდნენ იმ პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რაც საქართველოში მიმდინარეობს.

ეკონომიკური ატაშე, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება ელჩის მიმართ, ასევე, ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელიც იქნება.

მინისტრის თქმით, თავდაპირველად ატაშეები მხოლოდ რამდენიმე საელჩოსა თუ საკონსულოში დაინიშნებიან, რის შემდეგაც მათი რაოდენობა გაფართოვდება. მინისტრის თქმით, ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რომელ საელჩოებში დაინიშნებიან ეკონომიკური ატაშეები.

ატაშეები საქართველოში არსებული ეკონომიკური გარემოს შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან უცხო ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენლებს, ამ პროექტის ფარგლებში ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს შეეძლებათ დაკავშირება უცხოელ კოლეგებთან.

სამინისტრო ასევე მზადაა, რომ ხელი შეუწყოს ქართული პროდუქციის მონაწილეობას უცხოურ გამოფენებსა და ბაზრობებში და დაეხმაროს ქართულ ბიზნესს იქ არსებული მომსახურებების მიღებაში.

მინისტრ მიხეილ ჯანელიძის თქმით, ისინი შეარჩევენ ფორმატებს, სადაც შესაძლებელი იქნება საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისთვის ახალი ბიზნესიდეების წარდგენა, რომ ამ იდეების დასაფინანასებლად მათი ქვეყნებიდან ინვესტორები მოიზიდონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი