ახალი ამბები

ბესელია პრეზიდენტის ვეტოზე: ძირითად საკითხებზე შევჯერდით

31 მაისი, 2016 • 1407
ბესელია პრეზიდენტის ვეტოზე: ძირითად საკითხებზე შევჯერდით

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკონსტიტიციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს პარლამენტი სავარაუდოდ არ დაძლევს. მისი თქმით, კონსულტაციების შედეგად მხარეებმა პოზიციები დაახლოვეს:

“ამ პროცესს წინ უძღოდა წინასწარი სამუშაო პროცესი, კონსულტაციები და სამართლებრივი არგუმენტების მოსმენა და დაახლოება როგორც პრემიერ-მინისტრის მხრიდან, ასევე ჩვენი მხრიდან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხრიდან. ეს იყო წმინდა სამუშაო პროცესი, იყო შედეგზე ორიენტირებული და კარგია, რომ ძირითად საკითხებზე შევჯერდით. დოკუმენტზე ვიმუშავებთ იმ შეჯერებული პოზიციებით, რითაც ჩვენი არგუმენტები ერთმანეთს იმ სამ საკითხზე დაუახლოვდა, რომლებზეც პრეზიდენტს აქვს შენიშვნები. სხვა საკითხებზე პოზიციები ემთხვევა,” – აღნიშნავს ბესელია.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 31 მაისს ვეტო დაადო ადამიანის უფლებათა კომიტეტის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონს, რომელიც პარლამენტმა, დაჩქარებული წესით, 14 მაისს დაამტკიცა 81 ხმით არც ერთის წინააღმდეგ.

პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა კონსულტაციები და “კონსტრუქციული თანამშრომლობა” პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან, რის შემდეგაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ მოტივირებული შენივშნები დღესვე გაიგზავნება პარლამენტში.

“პარლამენტს გადაეგზავნება ის მოტივირებული შენიშვნები, რომლებიც აქამდეც გამოსახავდა ჩვენს კითხვის ნიშნებს, ეს შეეხება სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების ქვორუმის საკითხებს, მოსამართლეების 10-წლიანი ვადის სრულფასოვნად მომზადებას. მაქვს იმედი, რომ ჩვემი პოზიციები იქნება გაზიარებული პარლამენტში”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტიციო სასამართლოს შესახებ კანონზე ვეტოს, სავარაუდოდ, საპარლამენტო უმრავლესობა არ დაძლევს და პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს გაითვალისწინებს. ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა საფრანგეთში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი