პლატფორმა “არა ფობიას” ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება

სამოქალაქო პლატფორმის “არა ფობიას!” წევრი ორგანიზაციები  ვეგანურ კაფეში “კივი” მომხდარი თავდასხმის თაობაზე განცხადებას ავრცელებენ.

სამოქალაქო პლატფორმის „არა ფობიას“ წევრი ორგანიზაციები შეშფოთებას გამოთქვამენ ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების ქმედებების გამო:

“შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო დროს აგრესიული ულტრანაციონალისტური დაჯგუფებების ქმედებების გამო, რასაცირიბად ახალისებს სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი რეაგირება ან სრული გულგრილობა სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების და კანონდარღვევების მიმართ.

გავრცელებული ინფორმაციით, 2016 წლის 29 მაისს ვეგანურ კაფეში “კივი” შეიჭრნენ ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების წარმომადგენლები, 10-მდე პირი. ისინი თავს დაესხნენ კაფეში მყოფ პირებსა და დაწესებულების პერსონალს.

როგორც აღინიშნა, თავდაპირველად პოლიცია მხოლოდ სისხლის სამართლის კანონმდებლობისთვის უცნობი „წინასაგამოძიებო მოქმედებებით” შემოიფარგლა, თუმცა მედიასა და სოციალურ ქსელებში მწვავე გამოხმაურებების შემდგომ გავრცელდა ინფორმაცია გამოძიების დაწყების შესახებ, ტრადიციისამებრ,  ცემის მუხლით (სსკ 125-ე მუხლი); გამოძიებასკვლავ არ გამოუყენებია სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-31 ნაწილი, მაშინ, როდესაც სახეზეა სიძულვილის აშკარა მოტივი,” – აღნიშნულია განცხადებაში.

პლატფორმის განცხადებით, 2016 წლის 26 მაისს გავრცელდა ქართველი ულტრანაციონალისტური მოძრაობის მარშის ვიდეო შავი ბანერებით და ცნობილი ფაშისტური ლოზუნგით “ქართველები საქართველოსთვის”, რაც მათივე აზრით, მიანიშნებს ამგვარი ჯგუფების გაძლიერებასა და მათგან მომდინარე აგრესიული ქმედებების საშიშროებაზე განსხვავებული იდენტობის მქონე ადამიანების მიმართ:

“პლატფორმის “არა ფობიას!” წევრმა ორგანიზაციებმა ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერში  მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მოვითხოვეთ დისკრიმინაციისა დასიძულვილის მოტივით განხორციელებულ სამართალდარღვევებზე დროული და ეფექტური რეაგირება.

რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, სამართალდამცავი ორგანოები დღემდე არ დაინტერესებულან მსგავსი სიძულვილით მოტივირებული ჯგუფების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებით. 2015 წლის 21 სექტემბრის ვიდეოებში ასახულ კანონდარღვევებზე გამოძიება დაიწყო ცემის (სსკ 125) მუხლით და არ ყოფილა მითითებული სიძულვილის მოტივი. საბოლოოდ, ორი პირი დაკავებული იქნა რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით, თუმცა უცნობია, დაეკისრათ თუ არა მათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

პლატფორმამ „არა ფობიას“ აგრესიულ ულტრანაციონალისტური ჯგუფებების შესახებ შსს-ს 2016 წლის 31 მარტსაც მიმართა წერილობით „ანტისაიმიგრაციო, ანტიისლამისტურ მსვლელობასთან“ დაკავშირებით, რომელიც 3 აპრილს იგეგმებოდა. პლატფორმამ შსს-ს მოსთხოვა უსაფრთხოების ზომების მიღება და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებების გამოვლენის შემთხვევაში – შესაბამისი რეაგირება. ასევე, მოვითხოვეთ ინფორმაცია, რა შედეგებით დასრულდა 2015 წლის სექტემბერში რასობრივი დისკრიმინაციის ბრალდებით ორი პირის დაკავება და მიმდინარე გამოძიება.  აღნიშნულ წერილზე პასუხი დღემდე არ მიგვიღია,” – წერია განცხადებაში.

“არა ფობიას”  შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს  დროული და ადეკვატური რეაგირება მოახდინოს აგრესიული დაჯგუფებების კანონსაწინააღმდეგო ქმედებებზე,განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აღნიშნულ ქმედებებს სიძულვილი და შეუწყნარებლობა აქვს მოტივად:

“ასევე, ყოველ შესაბამის შემთხვევაში, შს მინისტრის 2014 წლის 23 დეკემბერის N47 მითითების მიხედვით, აუცილებლად მიგვაჩნია, გამოძიებამ, დანაშაულის გარემოებების აღწერის დროს, მიუთითოს საქმეში სისხლის სამართლის კოდექსის 53-ემუხლის მე-31 ნაწილის (სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის) ნიშნების არსებობის შესახებ. ზემოხსენებული ჯგუფისგან მომდინარე რისკების გათვალისწინებით არსებითია, შსს-მ განახორციელოს ყველა გონივრული ღონისძიება მომავალში ძალადობის პრევენციის მიზნით,”- აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ მედიის განვითარების ფონდი MDF, ლგბტ საქართველო LGBT Georgia, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება ISFED, ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი TDI, ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG,  საერთაშორისო გამჭვირვალეობა – საქართველო TI და იდენტობა.

თბილისში, ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტზე პოლიციამ 30 მაისს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გივი ავალიანი არის ნეტგაზეთის საპარლამენტო კორესპონდენტი.