ახალი ამბებიეკონომიკა

ევროკავშირში გატანამდე ქართული თაფლის ხარისხის კვლევა სრული სპექტრით ხორციელდება

31 მაისი, 2016 • 1316
ევროკავშირში გატანამდე ქართული თაფლის ხარისხის კვლევა სრული სპექტრით ხორციელდება

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ევროკავშირმა  ქართული თაფლის ხარისხის კონტროლის/შემოწმების სისტემა აღიარა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო მესამე ქვეყნების სიაში მოხვდება, საიდანაც ადგილობრივ მეწარმეებს უფლება აქვთ თაფლი ექსპორტზე ევროკავშირში გაიტანონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია თაფლის ხარისხობრივ მაჩვენებლებზე კვლევას სრული სპექტრით ახორციელებს. პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა თაფლის უვნებლობის მაჩვენებლებზე  კვლევის ახალი მეთოდების დანერგვის მიმართულებით.

“2016 წლის მარტში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების ჩამონათვალს  თაფლის უვნებლობის მაჩვენებელზე კვლევის 13 პარამეტრი დაემატა. მათ შორის, კვლევები ქლორორგანული პესტიციდების ჯგუფზე, მძიმე მეტალებისა და რადიონუკლიდების ჯგუფზე. აქტიურად მიმდინარეობს ანტიბიოტიკების  ჯგუფზე კვლევის  პარამეტრების დანერგვაც.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში შემუშავებულია გეგმა, რომლის საფუძველზეც სააკრედიტაციო ნუსხას  სხვა მიმართულების კვლევები ეტაპობრივად დაემატება“, – აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

სამინისტროს ცნობით, ლაბორატორიის თანამშრომლებს ახალი მეთოდების დანერგვის პროცესში დახმარებას საერთაშორისო ექსპერტები და ლატვიის სურსათის უვნებლობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ინსტიტუტის (BIOR)  ლაბორატორიის სპეციალისტები უწევენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია საერთაშორისო აღიარების მქონე მააკრედიტებელი ორგანოს  მიერ მინიჭებულ საერთაშორისო აკრედიტაციას, ISO 17025 ფლობს. შესაბამისად,  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში ჩატარებული კვლევის  შედეგები ვალიდურია (აღიარებულია)  არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ საერთაშორისო დონეზეც.

დღეისათვის საქართველოში ფუტკრისგან მიღებული პროდუქტის ხარიხსობრივ მახასიათებლებზე გამოკვლევას თაფლის ტექნიკური რეგლამენტი არეგულირებს. მიმდინარე წლის ივნისიდან, სურსათის კვლევა  უვნებლობის აუცილებელ პარამეტრებზე სავალდებულო გახდება. აუცილებელი პარამეტრების ჩამონათვალიდან გარკვეულ ნაწილზე  სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია გამოკვლევას უკვე ახორციელებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი