ახალი ამბები

პარტიების უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის წესი შეიძლება შეიცვალოს

31 მაისი, 2016 • 2000
პარტიების უფასო სარეკლამო დროით სარგებლობის წესი შეიძლება შეიცვალოს

დღეს, 31 მაისს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილავენ კანონპროექტს “საარჩევნო კოდექსში” ცვლილებების შეტანის შესახებ და მისგან გამომდინარე ცვლილებებს პარლამენტის რეგლამენტსა და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების” შესახებ კანონში.

კანონპროექტის თანახმად, უფასო სარეკლამო დროით ისარგებლებს არა მარტო ის პარტია, რომელიც კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტის (ბლოკის) პირველი ნომერი იყო ან რომელმაც ბოლო საპარლამენტო არჩევნებში ხმების 4% ან მეტი მიიღო, არამედ ყველა პარტია, რომელიც იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას. ამასთანავე, არ გაზრდილა მაუწყებლის მიერ გამოსაყოფი უფასო სარეკლამო დროის ხანგრძლივობა.

კანონპროექტის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, მუნიციპალიტეტის მერის/გამგებლის არჩევნებისას ამომრჩეველთა საინიციატივო ჯგუფს მიეცა მერობის/გამგებლობის კანდიდატის წარდგენის უფლება.

“პრობლემურია საინიციატივო ჯგუფების საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშის საქართველოში ლიცენზირებულ კომერციულ ბანკში გახსნის საკითხი, ვინაიდან მათ არ გააჩნიათ სამართლებრივი სტატუსი. პროექტის თანახმად, ანგარიშის გახსნის საფუძველი იქნება კომისიის თავმჯდომარის მიერ ამ სუბიექტის რეგისტრაციაში გატარების შესახებ განკარგულება,”- აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

საარჩევნო კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, საარჩევნო ბიულეტენის შევსებისას აკრძალულია სხვა პირის დასწრება. ხოლო  ამომრჩეველს, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად შეავსოს საარჩევნო ბიულეტენი, უფლება აქვს, ფარული კენჭისყრის კაბინაში დასახმარებლად მიიწვიოს ნებისმიერი პირი, გარდა: საარჩევნო კომისიის წევრისა;  კანდიდატისა;  საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლისა;  დამკვირვებლისა. კანონპროექტის თანახმად, ამ ჩამონათვალს ემატება პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებების წარმომადგენელიც.

კანონპროექტით იცვლება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავმჯდომარისათვის პარტიის მიერ მიმართვის ვადა, კერძოდ, პარტიამ, რომელსაც არჩევნების დანიშვნის დღისთვის არ ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში, ცესკოს თავმჯდომარეს უნდა მიმართოს პარლამენტის არჩევნების წლის 1 იანვრიდან 15 ივლისამდე, ნაცვლად 1 აგვისტოსი.

თუ მაჟორიტარული არჩევნების პირველ ტურში საქართველოს პარლამენტის წევრი ვერ აირჩა, ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს არჩევნების მეორე ტურს, რომელიც კანონპროექტის მიხედვით, იმართება პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა. მეორე ტურში მონაწილეობს 2 კანდიდატი, რომლებმაც პირველ ტურში სხვებზე მეტი ხმა მიიღეს. თუ 2-ზე მეტ კანდიდატს ერთნაირი საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა ან 1 საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატის მომდევნო რამდენიმე კანდიდატმა ხმათა ტოლი რაოდენობა მიიღო, მეორე ტურში ყველა ზემოაღნიშნული კანდიდატი მონაწილეობს.

კანონპროექტით, ამომრჩეველი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე, 2016 წლის საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობისათვის ვალდებულია 2016 წლის 1 აგვისტომდე გამოცხადდეს სააგენტოში და გაიაროს რეგისტრაცია საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ან მხოლოდ მიუთითოს თავისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი და გადაიღოს ფოტოსურათი ციფრულ ფორმატში.

“ორგანული კანონის პროექტის მიზანია კოდექსში არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების გასწორება პრაქტიკაში წამოჭრილი პრობლემების თავიდან აცილების მიზნით,”- აღნიშნულია კანონროექტის განმარტებით ბარათში.

პროექტს დღეს  იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, საპროცედურო საკითხთა და წესების, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განიხილავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი