ახალი ამბები

საგამოძებო სამსახური: საქართველოში ნახევარი მილიონი ყალბი აქციზური მარკა შემოიტანეს

31 მაისი, 2016 • 1719
საგამოძებო სამსახური: საქართველოში ნახევარი მილიონი ყალბი აქციზური მარკა შემოიტანეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, 30 მაისს საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები ვ.კ, ე.მ და ა.ხ საქართველოში თამბაქოს ნაწარმისთვის განკუთვნილი 500 000 აქციზური მარკის გასაღების ფაქტზე დააკავეს.

“ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა, რომელიც აერთიანებს უკრაინის, თურქეთისა და საქართველოს მოქალაქეებს, უკრაინის ტერიტორიაზე უახლესი პოლიგრაფიული ტექნოლოგიების გამოყენებით დაამზადეს 500 000 ერთეული თამბაქოს ნაწარმისათვის განკუთვნილი ყალბი ქართული აქციზური მარკა, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოიტანეს.  ბრალდებულები დაკავებული იქნენ ყალბი აქციზური მარკების 185 000 ლარად რეალიზაციის დროს. ზემოაღნიშნული ყალბი აქციზური მარკების გამოყენებისა და რეალიზაციაში გაშვების შემთხვევაში სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგებოდა 550 000 ლარის ოდენობის ზიანი,”- ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 200 პრიმა მუხლის 2-ე ნაწილის „ბ“ და 4-ე  ნაწილის „ა“ პუნქტებით, (ყალბი აქციზური მარკის დამზადება, გასაღება ან/და გამოყენება) რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-დან 12  წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი