ახალი ამბები

თამარ კორძაია: ივანიშვილი საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობს

30 მაისი, 2016 • 1773
თამარ კორძაია: ივანიშვილი საზოგადოებას ახალს არაფერს სთავაზობს

“რესპუბლიკური პარტიის” საპარლამენტო ფრაქციის წევრის,  თამარ კორძაიას თქმით, დღეს, 30 მაისს ბიძინა ივანიშვილის გამოქვეყნებული წერილით დასტურდება, რომ ის [ივანიშვილი] “ქართული ოცნების” მართვაში აქტიურად მონაწილეობს. დეპუტატის აზრით, ეს არ ნიშნავს, რომ ქვეყნის რეალური მმართველი ბიძინა ივანიშვილია:

“ბიძინა ივანიშვილი ლაპარაკობს როგორც საკუთარი პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერი და ადასტურებს იმას, რომ პარტიის მართვაში აქტიურად იღებს მონაწილეობას. ის ადასტურებს, რომ საარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაერთვება და ამით ხელს შეუწყობს მმართველი გუნდის ხელისუფლებაში დარჩენას. პარტიის მართვაში მონაწილეობის მიღება ავტომატურად არ ნიშნავს ხელისუფლების ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღებას, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის არსებობას ნიშნავს. ”

კორძაია მიიჩნევს, რომ ივანიშვილი საზოგადოებას არსებითად ახალს არაფერს სთავაზობს:

“ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ საზოგადოებას პრაქტიკულად ახალს არაფერს სთავაზობს. ისევ და ისევ ძველი პრობლემების მიმოხილვაა. ის არსებული კურსის გაგრძელებას სთავაზობს საზოგადოებას, ასევე გატარებული რეფორმების შესახებ საკუთარ ხედვას სთავაზობს. ერთია ის, როგორ ხედავს ამ ყველაფერს და მეორე საკითხია, საზოგადოება რამდენად გაიზიარებს მის მოსაზრებებს. ”

ამ წერილის თანახმად, ივანიშვილი  მთელ რესურსს გამოიყენებს, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ხელისუფლებაში კვლავ მოსვლა ვერ მოახერხოს. თამარ კორძაიას თქმით, ივანიშვილი პარტიას კანონით დადგენილ თანხაზე მეტს ვერ შესწირავს:

“არსებობს კანონი პოლიტიკური პარტიების შესახებ, არსებობს კანონი პარტიების დაფინანსების შესახებ და ის[ბიძინა ივანიშვილი] იმაზე მეტს ვერ შეწირავს “ქართულ ოცნებას”, ვიდრე ეს კანონით არის გათვალისწინებული. თუ სხვა ტიპის დაფინანსებას  განახორციელებს, ეს იქნება  კანონის გვერდის ავლით და, შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები უნდა ამოქმედდეს.”

ბიძინა ივანიშვილის მტკიცებით, მას მართებული ანალიზის უნარი აქვს და ამიტომ მისი მოსაზრებები საზოგადოებისთვის საინტერესოა. თამარ კორძაიას თქმით, ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნების შედეგები აჩვენებს, დადასტურდება თუ არა ივანიშვილის ეს განაცხადი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი