ახალი ამბები

ნოდია: ივანიშვილი მომავალ არჩევნებსაც ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლის ასპარეზად ხედავს

30 მაისი, 2016 • 1614
ნოდია: ივანიშვილი მომავალ არჩევნებსაც ნაციონალურ მოძრაობასთან ბრძოლის ასპარეზად ხედავს

“ეს წერილი თითქმის პირდაპირი აღიარებაა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგაც ივანიშვილი რეალურად რჩებოდა “ქართული ოცნების”  ლიდერად”. ამის შესახებ ნეტგაზეთს პოლიტოლოგმა გია ნოდიამ განუცხადა ექსპრემიერის მიერ 30 მაისს გამოქვეყნებული ღია წერილის კომენტირებისას.

ნოდიას თქმით, იმის შესახებ, რომ ივანიშვილი იყო მმართველი პოლიტიკური ძალის ლიდერი, შეიძლება არც არავინ კამათობდა, თუმცა დღევანდელი წერილით ივანიშვილმა ეს თითქმის აღიარა, როდესაც პირველ პირში გააკეთა განცხადებები და პასუხისმგებლობებიც თავის თავზე აიღო:

“ზოგადი შთაბეჭდილება არის ის, რომ ეს [წერილი]  “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანიის დასაწყისია. ასე თუ ისე, პირველი საპროგრამო დოკუმენტია. როგორც ჩანს, სამომავლოდაც ის [ივანიშვილი] რჩება “ქართული ოცნების” ძირითად კოზირად. თუ ხალხი ხმას მისცემს “ქართულ ოცნებას”, ხალხი მისცემს ხმას ივანიშვილს. ის არის ძირითად განმმარტებელი და ინტერპრეტატორი იმისა, თუ რას მიაღწია “ქართულმა ოცნებამ”, რატომ უნდა მისცე მას ხმა და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ეს არის ივანიშვილის საქმე, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ ისაა ლიდერი, რადგან მესიჯის გაცხადება ლიდერის საქმეა”, – ამბობს ნოდია.

რაც შეეხება უშუალოდ წერილის შინაარსს, პოლიტოლოგის თქმით, მას იქ სიახლის შემცველი არაფერი ამოუკითხვას:

“აქ ახალი არაფერი ყოფილა, ან მე ვერ ვიპოვე, ყოველ შემთხვევაში. ნახსენებია უკვე დაწყეეული ეკონომიკური პროექტები, რომლებიც უნდა დასრულდეს. ეს ახალი არ არის. ამბობს, რომ კიდევ უფრო დაწვრილებით სექტემბერში გეტყვითო, მაგრამ სიახლე და კონკრეტული აქ არაფერია.

ზოგადი შეფასება შეიძლება იყოს ის, რომ ივანიშვილი მომავალ არჩევნებსაც ენმ-სთან ბრძოლის ასპარეზად ხედავს. წერილში ნახსენებია, რომ მხოლოდ შავი და თეთრი  აღარ არსებობს და [პოლიტიკური ველი] სხვა ფერებითაცაა წარმოდგენილი, მარგამ ამ ერთი ეპიზოდის გარდა, ტექსტი მაინც ენმ-ს ეძღვნება. ოპონენტად სხვა არავინაა მოხსენიებული”, – ამბობს ნოდია და არ გამორიცხავს, რომ ივანიშვილმა რიტორიკის დონეზე კვლავ სცადოს ე.წ. შუის გაკრეფვის ტაქტიკა, რაც იმას ნიშნავს, რომ ამომრჩეველს მხოლოდ ორ პოლიტიკურ ძალაზე, ენმ-სა და “ქართულ ოცნებაზე” ელაპარაკოს, თუმცა რეალაობაში ეს შეიძლება არ განხორციელდეს და პროცესებზე გავლენა სხვა პოლიტიკურმა ძალებმაც იქონიონ. მისივე თქმით, ეს ტაქტიკა წინააღმდეგობაში მოვა “ქართული ოცნების” ზოგად პოზიციასთან, რომლის მიხედვითაც “კარგია, რომ სხვა პარტიებიც არსებობენ”, მაგრამ ნოდიას აზრით, თვითონ ივანიშვილის რიტორიკა ორპოლუსიანია.

ნოდიას აზრით, ეს წერილი მოსახლეობაზე დიდ გავლენას ვერ მოახდენს, რადგან მასში სიახლე არაფერია:

“მე არ მგონია, რომ ჟურნალისტების და ექსპერტების გარდა ის ბევრმა ადამიანმა წაიკითხოს. ჩემი აზრით, წერილი უფრო “ქართული ოცნების” მომხრეებისთვისაა გამიზნული, რომ აი, ესაა ჩვენი სათქმელი და რიტორიკა ასეთი უნდა იყოს. ეს თუ მოსახლეობაზეა გათვლილი, როგორც წინასაარჩევნო პიარი, მაშინ, ჩემი აზრით, კარგად არ უნდა ჰქონდეს საქმე “ქართულ ოცნებას”, რადგან ახალი სათქმელი ბევრი არაფერი აქვს”, – აცხადებს ნოდია.

მასალების გადაბეჭდვის წესი