ახალი ამბები

მიროტაძე: თუ ივანიშვილი ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად დაბრუნდება, სწორი არ იქნება

30 მაისი, 2016 • 1510
მიროტაძე: თუ ივანიშვილი ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად დაბრუნდება, სწორი არ იქნება

“ეროვნული ფორუმის” საპარლამენტო ფრაქციის წევრი ანი მიროტაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გამოქვეყნებული წერილით ხელისუფლების საქმიანობაში მისი ჩარევა არ დასტურდება:

“თუ ის  პოლიტიკურ პროცესებში “ქართული ოცნების” სასარგებლოდ აქტიურად ჩაერთვება, ჩვენ შეგვიძლია გაგვიჩნდეს გარკვეული მოსაზრებები, რომ მინიმუმ პოლიტიკაში დაბრუნდა და დაბრუნდა “ქართული ოცნების” პოლიტიკურ გუნდთან ერთად.”

ამ წერილის თანახმად, ივანიშვილი  მთელ რესურსს გამოიყენებს, რათა ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა ხელისუფლებაში კვლავ მოსვლა ვერ მოახერხოს. ანი მროტაძის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობას” რევანშის უფლებას თვითონაც არ მისცემს:

“როგორც ერთი მოქალაქე , მეც არ მივცემ რევანშის უფლებას. შეიძლება ბევრი იყოს გაბრაზებული “ქართულ ოცნებაზე”, მაგრამ “ნაციონალურ მოძრაობას” რევანშის უფლებას საქართველოს ძალიან ბევრი მოქალაქე არ მისცემს, ეს ზუსტად ვიცი.”

ივანიშვილის განცხადებით,  საზოგადოებისთვის მისი ხედვა საინტერესოა, რადგან მისივე თქმით,   მოვლენების მართებული ანალიზის უნარი აქვს. ამ მოსაზრებას ანი მიროტაძეც ეთანხმება:

“საზოგადეობას აინტერესებს ივანიშვილის მოსაზრებები, ეს ფაქტია.”

რაც შეეხება ანალიზის უნარს, დეპუტატი რამდენიმე შემთხვევას გამოყოფს:

“მისი არჩევანი რეჟიმის წინააღმდეგ ჩვენი გაერთიანების შესახებ იყო სწორი. ის, რომ პოლიტიკიდან წავიდა – სწორი არ იყო, ვინაიდან მან საზოგადოების წინაშე აიღო პასუხისმგებლობა, როცა პრემიერ-მინისტრი გახდა, და პასუხისმგებლობა ბოლომდე უნდა განეხორციელებინა. თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდება, ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ თუ ერთი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერად დაბრუნდება, მგონია, რომ ეს სწორი არ იქნება. მგონია, რომ ბევრად უფრო დემოკრატიული იქნება პროცესი თანაბარი კონკურენციის პირობებში.”

2012 წელს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ეკონომიკური თვალსაზრისით პირველი წელი იქნებოდა რთული, მეორე- უკეთესი. მისი ამ ანალიზის მიხედვით,  მესამე წელს მოსახლეობას ეს უკეთესობა საკუთარ ოჯახზე უნდა ეგრძნო, ხოლო მეოთხე წელი კარგი უნდა ყოფილიყო. კითხვას, სწორი იყო თუ არა ივანიშვილის ეს ანალიზი/პროგნოზი, მიროტაძე პასუხობს:

“ოთხი წლის შემდეგ რა იქნება – ამის განსაზღვრა ძალიან რთულია.  მას შეიძლება თავისი გეგმა ჰქონდა, მაგრამ გეგმებზე გარკვეული გარემოებები ახდენს ზეგავლენას. წინასწარ იმის თქმა, 2020 წელს რა იქნება , მე ძალიან გამიჭირდება, შემიძლია ვთქვა – რა მინდა იყოს. შესაძლოა მას ძალიან კარგი სურვილები ჰქონდა, მაგრამ ცოტა გაუაზრებელი არა, ცოტა გაუთვლელი იყო ის გამოწვევები, რომელიც არსებობს საქართველოს ირგვლივ და ზოგადად სამყაროში,” – ამბობს მიროტაძე და აღნიშნავს, რომ რეგიონსა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესები საქართველოზე ახდენს ზეგავლენას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი