ახალი ამბები

თვალთვაძე: მივმართავთ მთავრობას, დააჩქაროს უნივერსიტეტებში თვითმმართველობის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება

30 მაისი, 2016 • 1373
თვალთვაძე: მივმართავთ მთავრობას, დააჩქაროს უნივერსიტეტებში თვითმმართველობის სტატუსზე გადაწყვეტილების მიღება

დღეს, 30 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა და აკადემიური საბჭოს, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციისა და პროფესურის წარმომადგენლებმა პრესკონფერენცია გამართეს. რექტორმა სტუდენტებს პროცესების “კანონიერ ჩარჩოში დაბრუნებისაკენ” მოუწოდა.

“მივმართავთ მთავრობას, განათლების სამინისტროსაც, ყველა სახელმწიფო სტრუქტურას, რომელსაც ხელეწიფება ამ პროცესის დაჩქარება, – რაც შეიძლება სწრაფად იქნას მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს უნივერსიტეტებში თვითმმართველობის სტატუსის შესახებ. თუ ეს გადაწყვეტილება მიღებული არ იქნება, ეს პროცესები საკმაოდ რთულად წავა. რადგან დღევანდელი მოქმედი კანონმდებლობით, თვითმმართველობა მუშაობს და მოქმედებს ყველა უნიში იმ წესითა და კანონით, რომელიც დადგენილია უამღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონითა და შემდეგ, უნივერსიტეტის წესდების მიერ”, – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, “თვითმმართველობის საქმიანობა კანონის ფარგლებშია მოქცეული: “მათი სამუშაო ოთახების დაკავებამ ხელი შეუშალა თვითმმართველობის მიერ მათივე წესდებით განსაზღვრული საქმიანობის განხორციელებას, რაც იწვევს ამ სტუდეტების განაწყენებას და მათ მოთხოვნას, რომელსაც საკმაოდ მკაცრი ხასიათი აქვს, – დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს მათი სამუშაო ოთახები”.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, უნივერსიტეტში დღეს შექმნილი ვითარება არის “შედეგი იმ არამართლზომიერი ქმედებებისა, რომელიც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობს უნივერსიტეტში”.

“მხედველობაში მაქვს ის პროცესები, რომელიც დაიწყო უნივერსიტეტის კანცლერის არჩევასთან დაკავშირებით და რომელიც დასრულდა სენატის სხდომის ჩაშლით. ამას სხვა ქმედებებიც მოჰყვა: მოთხოვნა უნივერსიტეტის რექტორის გადადგომის და აკადემიური საბჭოს დაშლის შესახებ. შემდეგ იყო სხვა გამოვლინებები, ისეთიც, რომელიც ნამდვილად არ არის მოსაწონი. უნივერსიტეტის საზოგადოების მიერ დაგმობილია ყველა ის ქმედება, რომელიც ძალადობრივ ელფერს შეიცავს, მათ შორის ისეთი, როგორიც იყო მე-6 კორპუსის ბლოკირება და სასწავლო პროცესის ჩაშლა, 24 მაისს სტუდენტთა შორის მომხდარი ინციდენტი და ამ ინციდენტის შედეგად ფიზიკური დაპირისპირება სტუდენტებს შორის, რასაც მოჰყვა სტუდენტების ერთი ჯგუფის მიერ თვითმმართველობის ოთახების თვითნებური დაკავება”, – ამბობს თვალთვაძე.

დარეჯან თვალთვაძის თქმით, დასაგმობია საჯარო სივრცეში ურთიერთშეურაცხმყოფელი განცხადებები და ყველა ფორმის ძალადობრივი ქმედება, რომელიც, თვალთვაძის განცხადებით, “ბოლო პერიოდში ძალიან დიდი დოზით იყო უნივერსიტეტში წარმოდგენელი”.

დარეჯან თვალთვაძის თქმით, პოზიტიური შედეგი აუდიტორია 115-სა და თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრებს არა აქვს. ის ამბობს, რომ შედეგი ჯერჯერობით მხოლოდ ძირითადი პრინციპების სახით არის ჩამოყალიბებული. ამ პრინციპების ძირითადი ნაწილი, თვალთვაძის თქმით, ის საკითხებია, რომლის შესახებაც სტუდენტთა დიდ ჯგუფს “თითქმის ერთნაირი” შეხედულება აქვს.

აკადემიური საბჭოს, ლექტორატის, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციისა და პროფესურის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 30.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აკადემიური საბჭოს, ლექტორატის, ცენტრალური და ფაკულტეტების ადმინისტრაციისა და პროფესურის წარმომადგენლები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. 30.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

საკითხები, რაზეც, თვალთვაძის განცხადებით, სტუდენტებს “თითქმის ერთნაირი” შეხედულება აქვთ, არის საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტების არჩევის პირდაპირი წესის დამკვიდრება, რექტორის და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის ცვლილება. “ამას გარდა, თვითმმართველობასთან დაკავშირებით ისეთი ჩანაწერის გაკეთება, რომელიც იქნება ძირითადად სტატუსის განმსაზღვრელი, სტუდენტური თვითორგანიზების რა ფორმები შეიძლება არსებობდეს და რა სტატუსი უნდა ჰქონდეს მას. ხოლო კონკრეტულად რომელი უნივერსიტეტისთვის რა წესი, რა ფორმა, რა პროცედურა იქნება ამ სტუდენტური გაერთიანების თუ კლუბებების შესაქმნელად საჭირო,  თითოეული უნივერსიტეტის გადასაწყვეტი უნდა იყოს”, – ამბობს თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

“სანამ განათლების შესახებ საქართველოს კანონი [დღევანდელი სახით] მოქმედებს, ვალდებული ვართ, დავიცვათ ის მოთხოვნები, რომელსაც კანონი თითოეულ ჩვენგანს უყენებს. კანონის ცვლილებამდე (რაც ალბათ ძალიან მალე უნდა მოხდეს) ჩვენ პარალელურად შეგვიძლია დავიწყოთ მუშაობა და შევჯერდეთ, რა სახის უნდა იყოს ეს სტუდენტური ორგანიზაციები ჩვენს უნივერსიტეტში, როგორი უნდა იყოს ფორმები და პროცედურები ამ გაერთიანებისა”, – აცხადებს თვალთვაძე.

“მანამ, სანამ ეს ცვლილებები არ იქნება, გთავაზობთ ყველა სტუდენტს, დავიცვათ არსებული ნორმები და ვიმუშაოთ ისე, როგორც ამას დღეს კანონი გვავალდებულებს. როგორც კი მოხდება კანონში ცვლილება, რასაკვირველია, ჩვენ გადავალთ იმ რეჟიმზე, რომელიც იქნება კანონის მიერ შემოთავაზებული”, – განაცხადა რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს აუდიტორია 115–ის წევრმა ცოტნე ცხვედიანმა განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტური თვითმმართველობის 20–მდე წევრი. თვითმმართველობის წევრების თქმით კი, პროვოკაცია აუდოტორია 115–ის წარმომადგენელმა მოაწყო. 25 მაისს, თსუ–ის ადმინისტრაციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი. 24 მაისს, საღამოს აუდიტორია 115–მა ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, რომ 25 მაისის 18:00 საათამდე დაეფიქსირებინათ ნათელი პოზიცია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა გაუქმდება. ულტიმატუმს მთავრობა დათქმულ ვადაში არ გამოხმაურებია, რის გამოც 25 მაისს, აუდიტორია 115–ის წევრებმა აქცია დაიწყეს და მათ ძალის გამოყენებით დაიკავეს უნივერსიტეტში თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ორი აუდიტორია.

ვრცლად იმ მოვლენების შესახებ, რამაც გამოიწვია თსუ–ში აუდიორია 115–ის და სტუდენტური თვითმმართველობის დაპირისპირება და სტუდენტების საპროტესტო აქციები, იხილეთ ამ ბმულზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი