13001029_465012307030888_8370927418457969643_n

ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტზე რომელიმე მუხლით გამოძიება ჯერ არ დაწყებულა

ვეგანურ კაფეში მომხდარ ინციდენტზე პოლიციას  გამოძიება ჯერ არ დაუწყია. როგორც ნეტგაზეთს შსს-ში განუცხადეს, ამ დროისთვის წინასაგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

“ამ დროისთვის აღნიშნულ ფაქტთან დაკავშრებით მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები, რის ფარგლებიც გამოიკითხა კაფეში მყოფი პირები და ასევე გამოიკითხება მეორე მხარეც. გამოკითხვების დასრულების შემდეგ პოლიცია იმოქმედებს კანონის შესაბამისად”, – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში და არ დააკონკრეტეს, არის თუ არა უკვე იდენტიფიცირებული მეორე მხარე.

ვეგანურ კაფეში Kiwi-Café Tbilisi ინციდენტი წუხელ, 20:00 საათის შემდეგ მოხდა. კაფეში ანიმაციური ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, რა დროსაც, როგორც თვითმხილველები ამბობენ, ათზე მეტი ადამიანი მივიდა. მომხდარის ერთ-ერთი თვითმხილველი ნონო ანთაძე გვიყვება, რომ უცხო პირების ჯგუფმა ლუდი იყიდა და კაფეში, სადაც სიგარეტის მოწევა აკრძალულია, თამბაქოს მოუკიდა.

“შეიძინეს ლუდი და დაიწყეს ხმამაღლა ყვირილი. გამომწვევად ყვიროდნენ. ბარმენმა და მიმტანმა უთხრეს, რომ დატოვეთ ტერიტორია, ნუ ყვირით, ხალხი ფილმს უყურებს და ხელი ეშლებათო. ეს არ გაითვალისწინეს… რამდენჯერმე გაუმეორეს”, – ამბობს ანთაძე და დასძენს, რომ ამის შემდეგ ზემოხსენებულმა პირებმა ვეგანურ კაფეში მწვადის ნაჭრები და სოსისები შეყარეს.

მისივე თქმით, კაფეს თანამშრომლებმა და შენობაში მყოფმა სტუმრებმა ფიზიკური ძალის გამოყენებით უცნობი პირების კაფედან გარეთ გაყვანა ცადეს, რასაც დაპირისპირება, ჩოჩქოლი და გაწევ-გამოწვეა მოჰყვა. ადგილზე მივიდნენ მეზობლებიც, რის შემდეგაც, ანთაძის განმარტებით, ქაოტური პროცესები დაიწყო და რთული იყო გარკვევა, ვის უპირისპირდებოდნენ მეზობლები. ანთაძე იხსენებს, რომ ერთ-ერთმა მეზობელმა აივნიდან იარაღიდანაც გასიროლა [ანთაძის ვარაუდით გასროლა გაზის პისტოლეტიდან განხორციელდა]. იგი ამბობს, რომ ფიზიკური დაზიანება მიიღო მზარეულმა, რომელსაც წარბი გაუხეთქეს დამიმტანს თმაში ხელი ჩაავლეს. მისივე განმარტებით, უცხო პირები გაიქცნენ.

ნეტგაზეთი ასევე ესაუბრა კაფეს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც იდენტიფიცირება არ ისუვრა. ის ფიქრობს, რომ თავდასხმის მიზეზი ის იდეოლოგიური განსხვავებაა, რომელიც თავდამსხმელებსა და კაფეს შორის არსებობს. მისი თქმით, თავდამსხმელები რადიკალი ნაციონალისტები არიან, რომლებიც სხვადასხვა ორგანიზაციას წარმოადგენენ:

“ჩვენი და იმ ხალხის შეხედულებები ერთმანეთს არ ემთხვევა. ისინი თავის თავს ნეონაცისტებს უწოდებენ და პატრიოტიზმით ინიღბებიან. მათი გადმოსახედიდან საქართველოში სხვა ეროვნების რელიგიის და, ასე ვთქვათ, სხვნაიარი არავინ უნდა იყოს. ჩვენ ვართ ცხოველთა უფლებების დამცველები, არ ვჭამთ ცხოველურ პროდუქტებს და ამის გამო ისინი მოვიდნენ მწვადებით და კისერზე ეკიდათ სოსისები”, – ამბობს იგი და დასძენს, რომ ადგილი ჰქონდა მიზანიმართულ პროვოკაციას. მისივე თქმით, უცხო პირები, რომლებიც კაფეში პროვოკაციის მიზნით მივიდნენ, ყველაფერს ვიდეოზე იღებდნენ. იგი იხსენებს, რომ ეს ადამიანები სიტუაციის დაზვერის მიზნით კაფეში ადრეც იყვნენ და დაინტერესდნენ, ჰქონდათ თუ არა კამერები.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. აშუქებს პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ევროკავშირის საკითხებს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. Email: davit.qoqoshvili@gmail.com