ახალი ამბები

გომელაური: ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკითხეს, არ დაუკავებიათ

30 მაისი, 2016 • 1856
გომელაური: ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებული დაკითხეს, არ დაუკავებიათ

“როგორც ჩვენთვის ცნობილია, დაკითხეს ეს პიროვნება, შემდეგ სახლიდან გაუსვლელობის ხელწერილი ჩამოართვეს და ასე გაათავისუფლეს. ოპერატიული ინფორმაცია ასეთი გვაქვს,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულის, რაშიდ კანჯიოღლის დაკავებასთან გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.

ეს განცხადება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა სასტუმრო “რედისონში” ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) მეცნიერებისა და შედეგების მართვის მსოფლიო კონგრესზე ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

“თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს დააკავეს ეს ადამიანი, ჩვენ არ დაგვიდასტურებია. ჩვენი ოპერატიული ინფორმაციით, დღევანდელ დღემდე დაკავებული ეს პიროვნება არ არის. გამოძიება დაწყებული აქვს სამხედრო პოლიციას, გალში შეხვედრის დროსაც დააფიქსირეს მათ, რომ გამოძიება დაწყებულია, მაგრამ დაკავება არ დაგვიდასტურეს არც მათ. არ უარყვეს, არც დაადასტურეს. ჩვენი ინფორმაციით, დაკავებული არ არის,”- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის განმარტებით, მკვლელობის დროს ადგილზე არც სუს-ის და არც შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილზე არ იმყოფებოდნენ.

“ეს არის კონფლიქტის ზონა, 30 მეტრია თვითონ აფხაზური ბლოკ-საგუშაგოდან და აქედან გამომდინარე, მიახლოებას, ჩვენ ევროკავშირი და ევროსაბჭოს დამკვირვებლები არ გვაძლევენ რეკომენდაციას, რომ იქ ვიმოძრაოთ, იქიდან გამომდინარე, რომ საფრთხეა, ისევ რაიმე შემთხვევები არ მოხდეს,”- განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელმა.

გიგა ოთხოზორია 19 მაისს მოკლეს სოფელ ხურჩაში მდებარე ადმინისტრაციულ საზღვართან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მკვლელობა განახორციელა აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების შეიარაღებული ფორმირების წარმომადგენელმა ე.წ. მესაზღვრემ, რაშიდ კანჯიოღლიმ, რომელიც დაედევნა ოთხოზორიას მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა ე.წ. საზღვართან და თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა ცეცხლსასროლი იარაღით და ბოლოს საკონტროლო გასროლაც განახორციელა, რის შედეგადაც ოთხოზორია გარდაიცვალა, ხოლო კანჯიოღლი ისევ ოკუპირებული აფხაზეთის მიმართებულით წავიდა და მიიმალა.

საქართველოს პროკურატურამ რაშიდ კანჯიოღლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით[განზრახ მკვლელობა] და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით [ცეცხლსასროლი იარაღის [გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)], საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება] დაიწყო. მას ზუგდიდის სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, მასზე გამოცხადდა შიდა ძებნა.

აფხაზეთის დე ფაქტო პროკურატურის ცნობით, კანჯიოღლის მიმართ მათაც დაიწყეს გამოძიება აფხაზეთის სისხლის სამართლის კოდექსის 99–ე მუხლის პირველი ნაწილით (განზრახ მკვლელობა). აფხაზეთის პროკურატურის ცნობით, ისინი თბილისიდან ელიან მტკიცებულებების წარმოდგენას, რომ მკვლელობას ნამდვილად ჰქონდა ადგილი, იმდენად, რამდენადაც დანაშაული თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზეა ჩადენილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი