ახალი ამბები

საქართველო პირველად სლოვაკეთის პრეზიდენტის დელეგაციას მასპინძლობს

30 მაისი, 2016 • 1132
საქართველო პირველად სლოვაკეთის პრეზიდენტის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს პრეზიდენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, სლოვაკეთის პრეზიდენტს მასპინძლობს. ანდრეი კისკას დახვედრის ოფიციალური ცერემონია პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.

დახვედრის ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში მხარეებმა ერთმანეთს სლოვაკეთისა და საქართველოს დელეგაციები და დიპლომატიური კორპუსის წევრები წარუდგინეს. საქართველოში აკრედიტებულ ელჩებთან ერთად დახვედრის ოფიციალურ ცერემონიას საქართველოს მთავრობის წევრები და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე და აფხაზთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების დარღვევის გახშირებულ ფაქტებზე. გიორგი მარგველაშვილმა სლოვაკეთის პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერისათვის, ასევე, ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მხარდაჭერისათვის.

“მოხარული ვარ, რომ მე მახლავს ბიზნესმენთა ჯგუფი, რომლებთან ერთად ასეულობით კილომეტრით მოვცილდები დედაქალაქს, ვიმოგზაურებ თქვენს ქვეყანაში, ჩვენ შევისწავლით გარემოს, იმისათვის, რომ დავეხმაროთ ქვეყნის ეკონომიკის და ტურიზმის სფეროს განვითარებას.

ვიცით, რომ თქვენი კულტურული პროდუქტი საკმაოდ მაღალი პოტენციალის მქონეა და იმედი მაქვს, რომ უამრავ პოზიტიურ სიურპრიზს შევთავაზებთ ჩვენს ქვეყნებს.

მე ჩამოვედი იმისათვის, რომ მხარი დაგიჭიროთ თქვენ და თქვენს ხალხს იმ გზაზე, რომელიც საქართველოს ევროპისა და ნატოსკენ წაიყვანს.

ვიცი, რომ ბევრი პრობლემაა ამ მიმართულებით, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა იაროთ წინ.
პრეზიდენტთან შეხვედრის დროსაც ხაზი გავუსვით ამ საკითხს. ჩვენ თითქმის ერთი ზომის ქვეყნები ვართ, მნიშვნელოვანია, რომ ნატოში თქვენი გაწევრიანება გახდეს რეალობა” – განაცხადა ანდრეი კისკამ.

1 ივლისიდან,სლოვაკეთი ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.

8 ოქტომბერს დაგემილ საპარლამენტო არჩევნებში სლოვაკეთი დამკვირვებელთა მისიის ფორმატში ჩაერთვება და დამკვირვებლებს გამოაგზავნის.

ასევე დღეს ტექნოლოგიურ პარკში საქართველო-სლოვაკეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ანდრეი კისკა გახსნიან.

ანდრეი კისკას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში 2 ივნისს დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი