ახალი ამბები

პრემიერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატები წარუდგინეს

29 მაისი, 2016 • 1378
პრემიერს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატები წარუდგინეს

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კანდიდატად სპეციალურმა კომისიამ, რომელიც პრემიერ-მინისტრის ბრძანებით შეიქმნა, მთავრობის მეთაურს ორი კანდიდატი წარუდგინა: თამარ ქალდანი და ნიკოლოზ ლეგაშვილი.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის შესარჩევ კომისიას იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს. კომისიის წევრები არიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები: ეკა ბესელია − საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე; მზია თოდუა − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე; ნათია კაციტაძე − საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე; გიორგი კლდიაშვილი − ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ დირექტორი.

კონკურსი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის თანამდებობაზე 18 მაისს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირებს შეეძლოთ, რომლებსაც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება ექნებოდათ. საკონკურსო კომისიამ 50 აპლიკანტიდან 5 შეარჩია. კონკურსის მეორე ეტაპი − გასაუბრება − დღეს გაიმართა, რის შემდეგაც კომისიამ პრემიერს ორი კანდიდატურა წარუდგინა.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი სამწლიანი ვადით ინიშნება. 2013 წლიდან დღემდე ამ პოსტს თამარ ქალდანი იკავებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი