ახალი ამბები

“ქართული ოცნების”პირველი დღე[Photo-video]

12 დეკემბერი, 2011 • • 1668
“ქართული ოცნების”პირველი დღე[Photo-video]

ბერა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბერა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“საქართველოში განსხვავებული აზრისა და განსხვავებულთა ერთობა,”   “სამართლიანობის აღდგენა,” “ერთგვარი ლაბირინთიდან თავის დაღწევა”, “ქართული ოცნება” როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა,” – ეს ის ფრაზებია, რასაც 11 დეკემბერს საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე, ფილარმონიაში, სიტყვით გამომსვლელები ხშირად წარმოთქვამდნენ და იმეორებდნენ.

ბიძინა ივანიშვილის საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრეზენტაცია ფილარმონიის დარბაზში 15:00 საათზე დაიწყო და დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა. 
ფილარმონიაში შესვლას “ქართული ოცნების” ათასობით გულშემატკივარი საკონცერტო დარბაზის ყველა შესასვლელიდან ცდილობდა. ბოლოს დაცვის სამსახური იძულებული გახდა, ყველა კარი დაეხურა. ისინი, ვინც უშუალოდ დარბაზში ვერ მოახერხეს შესვლა, ღონისძიებას თვალყურს ფოიეში დამონტაჟებული მონიტორიდან ადევნებდნენ.
“ქართული ოცნების” პრეზენტაცია ბიძინა ივანიშვილის შვილის, მომღერალ ბერასა და მოცეკვავეების სცენაზე გამოსვლით დაიწყო, რასაც დარბაზიდან ოვაციები მოჰყვა. მომღერლის შემდეგ სცენა მორიგეობით დაიკავეს: მწერალმა რატი ამაღლობელმა, მწერალმა და “კავკასიური სახლის” ხელმძღვანელმა ნაირა გელაშვილმა, ადვოკატმა მანანა კობახიძემ, ფეხბურთელმა კახა კალაძემ, მწერალმა გურამ ოდიშარიამ და ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა.

“განსხვავებულთა ერთობა უსახო აზროვნების ნაცვლად”

სიტყვით გამომსვლელებს შორის მწერალი რატი ამაღლობელი პირველი იყო. მისივე განცხადებით, მას სურს, რომ ერთფეროვნი, უსახო აზროვნების ნაცვლად, განსხვავებული აზრისა და განსხვავებულთა ერთობა დაინახოს სქართველოში.

“ჩემი იდეა– ეს არის განსხვავებულთა ერთობა დავინახო, როგორც განსხვებულთა შეთანხმება. დღეს საქართველოში ყველაზე მეტად უჭირს გნსხვავებულ აზრს. სწორედ განსხვვებული აზრი არის პროგრესის მამოძრავებელი იმპულსი, რისკენაც მიდის კაცობრიობა.

დღეს კი, ნაცვლად განსხვავებული აზრისა, ჩვენ გვაქვს ერთფეროვანი, უსახო აზროვნება. ჩვენ, ქართულმა საზოგადოებამ, უნდა დავუპირისპიროთ არსებულ რეალობას ჩვენი ღიაობა, მრავალფეროვნება, გახსნილობა, განსხვავებულობა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რაც ქართულ საზოგადოებას გააჩნია და მიაღწევს გარკვეულ წარმატებას. მე ამის ახლა მჯერა, გაჩნდა იმედი, რომ ახდება ქართული ოცნება.

აღარ მოხდება ამ თვისებების მიტაცება, რაც ხდებოდა წლების მანძილზე. ჩვენ უნდა ვიგულისხმოთ ილია ჭავჭავაძე და ვიგულისხმოთ ასევე ჩვენი მომავალი. რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ, რა გამოწვევების წინაშეა ქართული საზოგადოება. ეს არის ის, რომ მთლიანად ქართულ საზოგდოებას მივცეთ მომავლის იმედი. ყველაფრის გარანტია ამ ქვეყანაში არის სამართლიანობა. მე მჯერა, რომ განსხვავებული ადამიანები შევთანხმდებით ამაზე და ყოველდღიურად მოვიპოვებთ თავისუფალი ადამიანობის სახელდების უფლებას,” – ამ სიტყვებით მიმართა რატი ამაღლობელმა ფილარმონიაში შეკრებილებს.

ნაირა გელაშვილის გამოსვლა

ნაირა გელაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ნაირა გელაშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

მეორე გამომსვლელი მწერალი და კავკასიური სახლის ხელმძღვანელი ნაირა გელაშვილი იყო. მას გამოსვლისას გრძელი სიტყვა დარბაზში ტაშით რამდენჯერმე გააწყვეტინეს, იყო უკმაყოფილო შეძახილებიც. ნაირა გელაშვილი გამოსვლაში რამდენიმე თემას შეეხო. ისაუბრა რუსეთთან ურთიერთობაზე, ეკოლოგიასა და სოფლის მეურნეობაზე.  მწერალმა საქართველოს უახლესი ისტორიის 20– წლიანი მონაკვეთი ერთგვარ ლაბირინთს შეადარა, საიდანაც ვეღარ გამოდის ქვეყანა.

“მადლობა ყველას, რომ ერთად ვართ. რომ ყველას აღმოგვაჩნდა სურვილი, გვერდში დავუდგეთ ქვეყანას და ამ ახალ საქმეს. რადგან ეს ქვეყანა, სამწუხაროდ, ისევ გადასარჩენია და გადასარჩენია ძალიან სწრაფად. რადგან ერთ-ორ წელიწადში გადასარჩენიც აღარაფერი იქნება.

თუ ლაბირინთიდან ვეღარ გამოდიხარ, გაიხსენე, როგორ მოხვდი იქ. ჩვენ უახლეს ისტორიას ლაბირითში ვქმნით და სანამდვილეში ვეღარ გაგვირკვევია.  
ვინ მოსთვლის, რამდენი საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური გაერთიანება შეიქმნა და ჩაკვდა საქართველოში 1988 წლიდან მოყოლებული. ოცი წლის წინაც ასევე ვსაუბრობდით ქვეყნის გადარჩენაზე. თითქოს, ქვეყნის გადარჩენის სურვილი ამოძრავებდა ყველას, მაგრამ ფაქტია, რომ ვერანაირმა ასეთმა მოძრაობამ ვერ შესძლო ისეთი არსებითი ზეგავლენის მოხდენა სინამდვილეზე, რომ საქართველოს თავზე უბედურება და 20– წლიანი ჯაჭვი არ გაბმულიყო.

ახლა შეუძლებელია ყველა იმ მიზეზზე საუბარი, რამაც ჩვენი დამარცხება გამოიწვია, მაგრამ ამ მიზეზების გაანალიზების გარეშე ყველა ახალი მოძრაობის საწინდარი გამარჯვება ვერ იქნება. ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ მიზეზებიდან უმთავრესად მიმაჩნია მასობრივი ცნობიერების ეთიკაზე დაფუძნებული აზრის უკიდურესი შევიწროება და შთანთქმა. ჩვენ წინ არსებული პრობლემების გადაჭრას კი სჭირდებოდა პოპულისტური და ორდინარული, არამედ ძლიერი პიროვნული პოზიცია. 
ჩვენ დავკარგეთ ადამიანი, კონკრეტული ადამიანის ტკივილი, მისი განცდები. მაგრამ ამ საზოგადოებრივ დუღილსა და ორომტრიალში მაინც ჩაისახა ის, რაზეც უნდა დაშენდეს მომავალი,” – აღნიშნა გელაშვილმა.

ქართული ფეხბურთიდან “ქართულ ოცნებაში”

კახა კალაძე ფილარმონიაში უკრაინელ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად მივიდა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
კახა კალაძე ფილარმონიაში უკრაინელ ფეხბურთელ ანდრეი შევჩენკოსთან ერთად მივიდა/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

“ქართული ოცნების” პრეზენტაციისას მოულოდნელი იყო ფეხბურთელ კახი კალაძის განცხადება ნაკრებიდან წასვლის შესახებ, რომელზეც გამოსვლის მეორე ნაწილში განაცხადა.

“ქვეყანში შექმნილია მძიმე სოციალური ფონი, დაკარგულია ტერიტორიები, მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე კი უცხოეთშია გადახვეწილი, ხოლო დანარჩენებს უმუშევრობა ემუქრებათ. ადამიანების გარკვეული ჯგუფი დაუსჯელობის სინდრომით სარგებლობს. მათ მოახდინეს კანონის უზურპაცია და ქვეყნის კონსტიტუცია სათავისოდ მოირგეს. წლების მანძილზე ხდებოდა ძეგლებისა და ეკლესიების ბოლშევიკური დევნა. ადამიანთა ცემა, შანტაჟი, კანონის სახელით რეკეტი, მოსმენა ქვეყანაში მათ ჩვეულებრივ მოვლენად აქციეს. ქვეყნის მოსახლეობა ცხოვრობს მუდმივი დაძაბულობისა და სტრესის ფონზე. მოსახლეობაში დაისადგურა უიმედობამ და ნიჰილიზმმა. ვფიქრობ, საკმარისზე მეტი მიზეზია იმისათვის, რომ დადგეს საერთო სახალხო გამოღვიძების დრო. მინდა, მივმართო ახლგაზრდებს, ვთხოვო– ჩემო მეგობრებო, დებო და ძმებო, დროა ერთად დვდგეთ და კონსტიტუციით დაშვებული ყველა ფორმით ავისრულოთ ქართული ოცნება.  ასევე მინდა, გითხრათ– მე, კახა კალაძე, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, ვაცხადებ, რომ მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან. ეს ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა. მინდა, მადლობა ვუთხრა თითოეულ იმ ადამიანს, ვინც მხარს მიჭერდა გამარჯვებისთვის ბრძოლაში.  მადლობა გაულშემატკივარს, მწვრთნელს .ეს ჩემთვის უმძიმესი გადაწყვეტილებაა, რადგან 15 წელი საქართველოს ნაკრების ღირსებას ვიცავდი. ამ ხნის მანძილზე 83 მატჩი ჩავატარე ეროვნულ ნაკრებში. აქედან ყველაზე დასანანი იყო ერთი მატჩი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე. ეს შემთხვევით მოხდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი ქართველ გულშემატკივარს,”– განაცხადა კახა კალაძემ .

ადვოკატი მანანა კობახიძე

ადვოკატმა მანანა კობახიძემ გამოსვლაში ყურადღება ქვეყანის მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ მძიმე ვითარებზე გააკეთა: “ძალიან რთულია საქართველოში მიაღწიო რაიმეს სამართლებრივი გზით, მიაღწიო არარსებული მართლმსაჯულების სისტემაში, სტრასბურგამდე კი ძალიან შორია. არაფერი ყოფილ იმაზე შემზარვი, როდესაც შედიხარ საპყრობილეში და ხვდები 60 წლის ქართველ მამაკაცს და ხედავ მის აცრემლებულ თვალებს. ამიტომ ვერც მას გაუგია და ვერც მე ამიხსნია, თუ რატომ  უნდა იხდიდეს ის სასჯელს არჩადენილი დანაშულისთვის. მე დღეს აქ მოვედი სწორედ იმისთვის, რომ მჯერა, რომ ეს ვითარება შეიცვლება.  სამოქალაქო საზოგადოებას ზოგჯერ უფრო მეტი ძალა აქვს, ვიდრე რომელიმე პოლიტიკურ პარტიასა და ლიდერს. მე აქ მოვედი იმიტომ, რომ მსურს, ქართული ოცნება მალე რეალობად ვიხილო,” – აღნიშნა კობახიძემ.

ბიძინა ივანიშვილის სიტყვა

ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილი/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

გამომსვლელებს შორის ბოლო ბიძინა ივანიშვილი იყო. მან ზოგადად მიმოიხილა ის ვითარება, რაც ქვეყანაშია შექმნილი და საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებზეც ისაუბრა.  “საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნება” იქმნება როგორც საზოგადოების გამაერთიანებელი ძალა, რათა განხორციელდეს საზოგადოების კონტროლი და გავლენა სახელმწიფოს პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური განვითარების  პროცესებზე. მოძრაობა შექმნის რეგიონულ სტრუქტურებს, რომელთა მთავარი ამოცანა იქნება სამართლიანი საარჩევნო გარემოს დამკვიდრებისათვის საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების კონსოლიდაცია, რათა დემოკრატიული არჩევნების გზით ქვეყნის სათავეში მოვიდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებსაც ხალხი დაუჭერს მხარს.

საზოგადოებრივი მოძრაობა მოიზიდავს გამოცდილ პროფესიონალებს ისეთ საკითხებზე სამსჯელოდ, როგორებიცაა: მართლმსაჯულება და ადამიანის უფლებები, ეკონომიკური პოლიტიკა, სოფლის მეურნეობა, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სოციალური უზრუნველყოფა, განათლება, მეცნიერება, კულტურა, საგარეო პოლიტიკა, კონფლიქტების მოგვარება, რეგიონალური პოლიტიკა, ადგილობრივი თვითმმართველობა, ეროვნული უმცირესობები, უსაფრთხოება, ახალგაზრდობა და სპორტი.

ჩვენი მიზანია სახელმწიფოს აღმშენებლობა იმ დემოკრატიულ სტანდარტებსა და პრინციპებზე დაყრდნობით, რომელსაც ვერ უზრუნველყოფს არსებული ხელისუფლება.
2003 წლის “ვარდების რევოლუციამ,” მიუხედავად თავდაპირველი წარმატებებისა, ვერ გაამართლა საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოლოდინი.

სამოქალაქო საზოგადოება უხეშადაა ჩამოშორებული სახელმწიფოს მართვას. მოშლილია ადგილობრივი თვითმმართველობა. არჩევითი ორგანოები მმართველ ელიტას ემსახურებიან.

ნორმად იქცა საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის გაუმჭვირვალობა და არამიზნობრივი გამოყენება. გამეფებულია ელიტარული კორუფცია.
მასმედიის დიდი ნაწილი ხელისუფლების მორჩილებასა და საზოგადოების დეზინფორმაციაზეა ორიენტირებული. სამოქალაქო საზოგადოებას უკიდურესად შეზღუდული აქვს შესაძლებლობა, მიიღოს ობიექტური ინფორმაცია.

ქვეყანაში დამკვიდრდა ე.წ. ნომენკლატურული კაპიტალიზმი, რაც გულისხმობს ბიზნესის ლოიალობას და, ხშირ შემთხვევაში, სრულ ინტეგრაციას ხელისუფლებასთან. ეს გარემოება თავისთავად გამორიცხავს თავისუფალი კონკურენტული ბაზრის ჩამოყალიბებას და, შესაბამისად, სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას. უმუშევრობა ინტენსიურად მატულობს. დამახინჯებული ოფიციალური მონაცემების მიხედვითაც კი, ტენდენცია მკვეთრად უარყოფითია. უკიდურესად დამძიმდა ვითარება სოფლად. სოფელი ღატაკდება და იცლება. მოშლილია განათლების სფერო, ხოლო მეტნაკლებად წარმატებულ სასწავლებლებში დაწესებული გადასახადები მრავალი ოჯახისათვის ხელმიუწვდომელია. უყურადღებოდაა მიტოვებული ქართული კულტურა, ანუ ის, რითაც ჩვენ ყოველთვის ვამაყობდით.

საქართველოს უმძიმესი დარტყმა მიაყენა 2008 წლის აგვისტოს ომმა. უბედურება ეწვია მრავალ ქართულ, აფხაზურ და ოსურ ოჯახს, კონფლიქტებით გავლებული საზღვრების სხვადასხვა მხარეს დარჩნენ ოჯახის წევრები და ახლობლები. საქართველოს ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებულია. სავალალო პირობებში ცხოვრობს ათასობით დევნილი.

ბიძინა ივანიშვილი ცოლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი
ბიძინა ივანიშვილი ცოლთან, ეკატერინე ხვედელიძესთან ერთად/ფოტო: თაზო კუპრეიშვილი

საერთაშორისო ორგანიზაციების მასალების ანალიზი მოწმობს, რომ შესაძლებელი იყო კონფლიქტის ესკალაციის არიდება. უფრო მეტიც, შესაძლებელი იყო სამშვიდობო პროცესების წარმატებით განვითარება, რომ არა ხელისუფლების მიერ დაშვებული მძიმე შეცდომები. ხელისუფლებას არ გააჩნია კონფლიქტების მოგვარების პოლიტიკური რესურსები. არ არსებობს არც გეგმაზომიერი სტრატეგია, ხედვა მაინც, რომლის განვითარების ხელშესაწყობად მზად იქნებოდა საერთაშორისო თანამეგობრობა.
ხელისუფლების “სტრატეგიის” ერთადერთ მიმართულებად რჩება აპრობირებული “რუსული საფრთხის პრევენციის” პრინციპი. ხელისუფლება ამ მოტივით ამართლებს სხვადასხვა ბრალდებით პოლიტიკურად აქტიური პირების დაჭერას, შპიონაჟის და ტერორიზმის ისტერიას, მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვებს.

რუსეთის აგრესიასთან “პერმანენტული ბრძოლის”  მიზეზითვე ამართლებენ  2011 წლის 26 მაისს საპროტესტო აქციის განსაკუთრებული სისასტიკით დარბევას.
როგორც წესი, ხელისუფლებას მხოლოდ წინასაარჩევნო კამპანიის დროს ახსენდება ჩვენი თანამემამულე ეთნიკური უმცირესობები. თვალშისაცემია საზოგადოებაში მათი ინტეგრაციის მინიმალური ხარისხი. უკიდურესად დაბალია მმართველ რგოლებში მათი წარმომადგენლობის დონე.

თვითნებურად ყალიბდება საარჩევნო კანონმდებლობა. საგანგებო სახელისუფლებო ჯგუფი მუშაობს გაყალბების უკვე გამოყენებული პრაქტიკისა და მეთოდების დასახვეწად.
დადგა დრო, თვალი გავუსწოროთ სიმართლეს და ჩვენს თავს დავუსვათ შეკითხვა: ხომ არ შეეგუა საქართველოს საზოგადოება არსებულ რეალობას _ იმას, რომ გვისმენენ და გვითვალთვალებენ, უტიფრად გვატყუებენ, ღირსებას გვილახავენ, ხომ არ შევეგუეთ იმას, რომ “უპურო სანახაობის” ქვეყანაში ვცხოვრობთ.

დადგა დრო, დავუბრუნოთ საქართველოს წარსული და ავაშენოთ ღირსეული მომავალი, ვიყოთ პირნათელი წინაპრებისა და მომავალი თაობის წინაშე.
დღეიდან ჩვენი მიზანია ისეთი სახელმწიფოს აშენება, სადაც თითოეული მოქალაქისა და მთელი ქვეყნის კეთილდღეობის წარმატების საწინდარი იქნება პატიოსნება, ღირსება და პროფესიონალიზმი;

ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეების ნდობის მოპოვება და ქვეყნის გამთლიანება;

დასავლური დემოკრატიის ღირებულებათა დანერგვა და ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია; სამართლიანობის დამკვიდრება და ჩვენს თანამემამულეებში იმედისა და რწმენის გაძლიერება; ჩვენ არ ვაპირებთ ახალი ისტორიის დაწერას 2012 წლიდან. ჩვენი ვალია, აღვადგინოთ კავშირი წარსულსა და მომავალს შორის და ამ ჯაჭვში შევინარჩუნოთ საქმენიც და ადამიანებიც, რომლებიც ამ წლებში ახერხებდნენ და ემსახურებოდნენ არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ სახელმწიფოს. ჩვენ ერთად უნდა ვაშენოთ მომავლის საქართველო. ჩვენი მიზნების აღსრულება არ არის უბრალოდ ჩვენი არჩევანი, ეს ჩვენი უზენაესი მოვალეობაა, ერთად ავაშენოთ თავისუფალი, ღირსეული მოქალაქეებით დასახლებული, ყველასათვის საოცნებო საქართველო!” – განაცხდა ბიძინა ივანიშვილმა “ქართული ოცნების” პრეზენტაციაზე.

საზოგადოებრივი მოძრობა “ქართული ოცნების” პრეზენტაციას ათასობით ადამიანი დაესწრო. მათ შორის იყვნენ: პოლიტიკოსები, პარტიის ლიდერები, ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომდგენლები, ხელოვანები, მსახიობები, მწერლები. ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ “ქართული ოცნების” დაფუძნებითა და ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის გამოჩენით ახალი რეალობა შეიქმნა.“ქართული ოცნების” პრეზენტაცია ფილარმონიაში ბერას ახალი კლიპის ჩვენებით დასრულდა.

პოლიტიკოსები “ქართულ ოცნებაზე”

ხელოვანები “ქართულ ოცნებაზე”

მასალების გადაბეჭდვის წესი