ახალი ამბები

ივანიშვილის “ქართული ოცნების” პრეზენტაცია 15.00 საათზე დაიწყება

11 დეკემბერი, 2011 • 970
ივანიშვილის  “ქართული ოცნების” პრეზენტაცია 15.00 საათზე დაიწყება
საზოგადოებრივი მოძრაობა “ქართული ოცნების” პრეზენტაცია დღეს, 15:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო ფილარმონიაში გაიმართება.

პრეზენტაციას პოეტი რატი ამაღლობელი გახსნის, სიტყვით კი, თავად ბიძინა ივანიშვილის გარდა, გამოვლენ– აფხაზი მწერალი გურამ ოდიშარია, უფლებადამცველი მანანა კობახიძე, ფეხბურთელი კახი კალაძე.

პრეზენტაციაზე მიწვეული არ არიან პოლიტიკური პარტიები, თუმცა, შესაძლოა, ზოგიერთი პოლიტოკოსი დაესწროს. ბიძინა ივანიშვილის მრჩევლის, ზურაბ ბიგვავას განმარტებით, ამის მიზეზი  ისაა, რომ “ქართული ოცნება” საზოგადოებრივი მოძრაობაა.

“ქართული ოცნება” ქართველმა მილიარდერმა, ბიძინა ივანიშვილმა მას შემდეგ დააფუძნა, რაც ნოემბრის დასაწყისში პოლიტიკური მოძრაობა დაიწყო და განაცხადა, რომ ხელისუფლებაში აპირებს მოსვლას.

იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულმა  სააგენტომ  საზოგადოებრივი  მოძრაობა “ქართულ ოცნება”  25 ნოემბერს დაარეგისტრირა.

წესდების შესაბამისად, “ქართული ოცნება” საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის მიზანია:
– ქართული სახელმწიფოს სიძლიერის ხელშეწყობა;
– თავისუფლებისა და დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისათვის ხელშეწყობა;
– თავისუფალი მედიის განვითარებისათვის ხელშეწყობა;
– ქართული ეთნო–კულტურული ტრადიციების დაცვა და პოპულარიზაცია;
– ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და თვითმყოფადობის დაცვა, მათი ქართველ საზოგადოებაში ინტეგრირების ხელშეწყობა;
– თავისუფალი არჩევნების ხელშეწყობა და არჩევნების მონიტორინგი;
– სახალხო დიპლომატია;
– თვითმმართველობის განვითარების ხელშეწყობა;
– თავისუფალი მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობა;
– კულტურული და სამეურნეო მემკვიდრეობის დაცვა
– სხვა საქმიანობა, რომელიც არ არის აკრძალული კანონმდებლობით.

მასალების გადაბეჭდვის წესი