ახალი ამბები

ბურჭულაძე: არ მინდა პატრიარქი უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო კითხვით, ” როგორ მოვიქცე”

28 მაისი, 2016 • 1293
ბურჭულაძე: არ მინდა პატრიარქი  უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო კითხვით, ” როგორ მოვიქცე”

დღეს გამართულ ყრილობაზე, პოლიტიკური მოძრაობის “სახელმწიფო ხალხისთვის” ლიდერმა, პაატა ბურჭულაძემ “ნეტგაზეთის” შეკითხვებს უპასუხა. ბურჭულაძის თქმით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქმა იცოდა მისი გადაწყვეტილების შესახებ, დაეწყო პოლიტიკური საქმიანობა,  თუმცა:

“პატრიარქმა, რა თქმა უნდა, იცოდა, რომ მე პოლიტიკაში მივდიოდი. როგორ, მთელმა ქვეყანამ გაიგო და პატრიარქს არ ეცოდინებოდა? მე უბრალოდ არ მინდა პატრიარქი  უხერხულ მდგომარეობაში ჩავაყენო. რომ ვკითხო, როგორ?” – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

ბურჭულაძემ ამ საკითხზე დამატებით კითხვებს აღარ უპასუხა.

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობასთან დაკავშირებით ახლად დაფუძნებული პარტიის, “სახელმწიფო ხალხისთვის” ხედვებზე “ნეტგაზეთის” კითხვას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხათუნა ლაგაზიძემაც უპასუხა. მისი თქმით,  პარტიის ხედვა ეკლესიის ჩართულობაზე სახელმწიფოს მართვაში “ისეთივეა, როგორიც უნდა იყოს განვითარებული, ევროპული სახელმწიფოს ხედვა”.

პარტიამ “სახელმწიფო ხალხისთვის” დღეს თბილისში პირველი ყრილობა გამართა და თავმჯდომარედ პაატა ბურჭულაძის  არჩევის გარდა საზოგადოებას ახალი სახეებიც წარუდგინა.

ყრილობაზე პაატა ბურჭულაძის გარდა სიტყვით წარდგნენ პარტიის უკვე ცნობილი სახეები: ხათუნა ლაგაზიძე, გიორგი რუხაძე, მერაბ მეტრეველი. გარდა ამისა, ბურჭულაძემ ყრილობაზე შეკრებილებს პარტიის ახალი წევრებიც წარუდგინა. მათ შორის არიან ჟურნალისტი ლაშა დვალიშვილი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი [ ის 2015 წელს გადადგა თანამდებობიდან, ამ პოსტზე დანიშვნამდე კი იყო სპეციალური უსაფრთხოების დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს უფროსი] და სხვები.

მასალების გადაბეჭდვის წესი