ახალი ამბები

თბილისის ზოოპარკი 22 ცხოველს საჩუქრად მიიღებს

27 მაისი, 2016 • 1334
თბილისის ზოოპარკი 22 ცხოველს საჩუქრად მიიღებს

თბილისის ზოოლოგიური პარკის განცხადებით, ევროპის ზოოპარკებისგან საჩუქრად გადმოცემული ცხოველების მეორე ნაკადს მიიღებს.

ზოოპარკის ცნობით, 7 სამხრეთ ამერიკული კოატი, 2 ინდური მაჩვზღარბა და 10 ზოლებიანი მანგუსტი დუისბურგის ზოოპარკიდან (გერმანია), ხოლო 3 ლურჯი გნუ პლანკენდეილის ზოოპარკიდან (ბელგია) ჩამოვა. ცხოველები 30 მაისს, ორშაბათს, გამთენიისას, თვითმფრინავით ჩამოფრინდებიან.

ზოოპარკის ახალი ბინადრებისთვის ვოლიერები უკვე მზადაა, ხოლო თბილისის ზოოპარკის დამთვალიერებლები ახალი ცხოველების მონახულებას 30 მაისიდან შეძლებენ.

თბილისის ზოოპარკი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციის“ (EAZA) წევრობის კანდიდატია. ინიციატივას სტიქიით დაზარალებული თბილისის ზოოპარკის კოლექციის შევსებასთან დაკავშირებით მსოფლიოს მრავალი ზოოპარკი გამოეხმაურა. კოლექციის შევსების გეგმა EAZA-ს მენტორთან ერთად მომზადდა. პირველი ეტაპისთვის შეირჩა ცხოველები, რომელთა ვოლიერების მშენებლობაც არსებულ ტერიტორიაზე მინიმალური დანახარჯითაა შესაძლებელი.

„წყალდიდობის შემდეგ ევროპის ზოოპარკებმა აქტიური კამპანია დაიწყეს თბილისის ზოოპარკისთვის ცხოველებისა და მათი ტრანსპორტირებისთვის საჭირო თანხის შესაგროვებლად. განსაკუთრებით აქტიურობდნენ ჩვენი მენტორი „ევროპის ზოოპარკებისა და აკვარიუმების ასოციაციიდან“, ბ-ნი მარიო ჰოდემეკერი და ქ-ნი იოზი კოკი ფონდ „ალერტისიდან“. უღრმეს მადლობას ვუხდით ჩვენს ევროპელ კოლეგების დახმარებისთვის. როგორც იცით, რიგის ზოოპარკმა უკვე გამოგვიგზავნა საჩუქრად 7 ცხოველი. ახლა 22 ახალი ბინადარი შემოგვემატება. მათ დასაბინავებლად ყველაფერი მზადაა. გარდა ამისა, ვასრულებთ ვოლიერების მშენებლობას იმ ცხოველებისთვის, რომლებსაც უახლოეს მომავალში მივიღებთ“, _ აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

შემდეგ ეტაპზე თბილისის ზოოპარკი ჰამადრილებს, მაკაკებს, ვალაბებს, ტაპირებს, დეგუებს, ემუებს, ფაფრიან ცხვრებსა და ხალებიან ირმებს ელოდება ბელგიის, საფრანგეთის, ჰოლანდიისა და დიდი ბრიტანეთის ზოოპარკებისგან, აცხადებს ზოოპარკი.

მასალების გადაბეჭდვის წესი