ახალი ამბები

საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან დევნილთათვის

9 დეკემბერი, 2011 • • 1045
საფრთხე ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან დევნილთათვის

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიიჩნევს, რომ „დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიღების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების მოსაზღვრე სოფლებიდან გამოქცეული ადამიანები  ვერ შეძლებენ დევნილის სტატუსის მიღებას და, შესაბამისად, ვერ ისარგებლებენ იმ სოციალური გარანტიებით, რომლებიც დევნილებზე ვრცელდება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივით პარლამენტში წარდგენილია კანონპროექტი, რომელიც ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა -დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს, საია-ს იურისტების მოსაზრებით, კანონპროექტი სხვადასხვა ტექნიკურ საკითხებთან ერთად, ითვალისწინებს ისეთ ცვლილებებსაც, რომლებმაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს იმ პირთა უფლებებზე, ვისზეც კანონის დღევანდელი რედაქცია ვრცელდება.

კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით იცვლება დევნილის ცნება და ის ყალიბდება შემდეგი ფორმულირებით _ ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად (შემდგომში – „დევნილი“) ჩაითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა, დაეტოვებინა თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ საფრთხე შეექმნა მას ან მასთან მცხოვრები ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიისა და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო, ან ამ კანონის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“

საია მიიჩნევს, რომ დევნილის ცნების მსგავსი განმარტება ავიწროებს იმ პირთა წრეს, ვისზეც დღევანდელი მდგომარეობით კანონი ვრცელდება და ის შემოიფარგლება მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებით, მაშინ, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ არაოკუპირებული ტერიტორიებიდან, კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებიდან (ზარდიანთკარი, დიდი ხურვალეთი და სხვა) არაერთი პირი გახდა იძულებული, დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი. ისინი საცხოვრებლებში ვერ ბრუნდებიან სწორედ უსაფრთხოების მტკიცე გარანტიის არარსებობის გამო, რაც ასევე დასტურდება შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილებით.

„ახალგაზრდა იურისტები“ ასევე აღნიშნავენ, რომ დევნილის ცნების მსგავსი დეფინიცია არ შეესაბამება იძულებით გადაადგილების შესახებ გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს.

ორგანიზაციის მტკიცებით, დევნილის ცნების მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებასთან გაიგივებამ, შესაძლოა, საზღვრისპირა სოფლებიდან დევნილები აიძულოს, დაბრუნდნენ ისეთ ადგილას, სადაც მათ სიცოცხლეს და უსაფრთხოებას საფრთხე შეიძლება დაემუქროს, რაც ასევე გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებს არღვევს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საია მიმართავს საქართველოს პარლამენტს, ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა _ დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები იმგვარად იქნეს ფორმულირებული, რომ არ შეილახოს კონფლიქტის ზომის მიმდებარე სოფლებიდან იძულებით გადაადგილებული პირების უფლებები.

ამ კანონპროექტის ავტორია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო. ავტორების თქმით, კანონპროექტის მიღების მიზანია კანონში არსებული ხარვეზების გასწორება, მუხლების დახვეწა, ასევე თავსებადობაში მოყვანა საქართველოში არსებულ დღევანდელ რეალობასთან და საქართველოს კანონმდებლობასთან.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, რომ წარმოდგენილი კანონში  ზემოაღნიშნული ცვლილებების მიღების აუცილებლობა დაკავშირებულია “საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის პროექტის მიღებასთან, რომლის მიხედვით შეიცვალა საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დასახელება.  ამასთან, გათვალისწინებულია ის გარემოება და რეალობა, რომ საქართველოში მოსახლეობის იძულებით გადაადგილება – დევნილობა განპირობებულია უცხო ქვეყნის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციით. კანონპროექტით პირველ მუხლს ემატება მე-2 პუნქტი, რაც განპირობებულია შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან იძულებით გადაადგილების შესახებ. ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ “იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულ იქნა 1996 წელს, ხოლო გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებთან იძულებით გადაადგილების შესახებ – 1998 წელს.

მასალების გადაბეჭდვის წესი