ახალი ამბები

ცხინვალის ცენტრში ექვსი მანქანა დაცხრილეს

9 დეკემბერი, 2011 • • 1077
ცხინვალის ცენტრში ექვსი მანქანა დაცხრილეს
ცხინვალის ცენტრში გვიან ღამით 6 მსუბუქი ავტომანქანა და 1 მიკროავტობუსი დაცხრილეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო “ოსინფორმი” ავრცელებს.

დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის სამართალდამცველების ინფორმაციით, ავტომანქანები პუშკინის ქუჩაზე, ცენტრალური მოედნის სიახლოვეს დაცხრილეს, სადაც ე.წ პრეზიდენტობის ექს-კანდიდატის, ალა ჯიოევას მომხრეების აქციები მიმდინარეობდა. მიკროავტობუსი კი ქალაქის ერთ-ერთ საცხოვრებელ მასივში დაცხრილეს. ყველა ავტომობილს მინები აქვს ჩამსხვრეული.  

ცხინვალელი სამართალდამცავების განცხადებით, ბოლო დღეებში კრიმინალური სიტუაცია ცხინვალში მკვეთრად გაუარესდა.

შეგახსენებთ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 13 ნოემბერს გაიმართა. თუმცა იმის გამო, რომ 11 კანდიდატიდან ხმათა 50 % ვერც ერთმა ვერ დააგროვა, მეორე ტური დაინიშნა.

დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 27 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ალა ჯიოვამ გაიმარჯვა. თუმცა არაღიარებული სამხრეთ ოსეთის სასამართლომ შედეგები გააუქმა და მორიგი საპრეზიდენტო არჩევნები 2012 წლის 25 მარტისთვის დაინიშნა.

მას შემდეგ ცხინვალის ცენტრში მიმდინარეობს ალა ჯიოევას მომხრეების საპროტესტო გამოსვლები. ისინი არჩევნების შედეგის აღდგენას ითხოვენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი