ახალი ამბებიეკონომიკა

$120 მლნ. საერთაშორისო დახმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის გასავითარებლად

27 მაისი, 2016 • 3236
$120 მლნ. საერთაშორისო დახმარება საქართველოს სოფლის მეურნეობის გასავითარებლად

საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის ევროკავშირმა დამატებით $50 მლნ გამოყო, ხოლო ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ასევე, $50 მლნ საკრედიტო ხაზს დაამტკიცებს ქართველი მეწარმეებისათვის.

ევროკავშირსა და საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის შესაბამის საფინანსო შეთახმებას ხელი უკვე მოეწერა. შეთანხმების საფუძველზე ამოქმედდება სოფლის მეურნეობის განვითრების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) მეორე ფაზა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ENPARD-ის მეორე ფაზის მიზანს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სტანდარტების, ასევე ინსპექტირებისა და კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესება წარმოადგენს. პირველი ფაზის ფარგლებში დაწყებული სამთავრობო სტრუქტურების რეფორმირება, მათი ინსტიტუციონალური გაძლიერება და მცირე ფერმერთა ქმედითუნარიანობის ამაღლება, მათი კოოპერაციის ხელშეწყობისა და ტექნიკური დახმარების გზით, ამჟამადაც ხორციელდება.

პროგრამის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში დაფუძნდა 52 საინფორმაციო და საკონსულტაციო ცენტრი, რაც სამინისტროს განცხადებით, სექტორში უკეთესი პოლიტიკის გატარებას და ფერმერთა მეტად დახმარების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.

“ეს გახლავთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამა. ეს იქნება სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პოლიტიკის, რეფორმების ხელშეწყობისათვის და მასთან დაკავშირებული სერვისების გაუმჯობესებისთვის განსაზღვრული დაფინანსება,” – განაცხადა საქართველოს პრემერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კვირიკაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ გამოყოფილი თანხის გარდა, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ასევე დაამტკიცა $50 მლნ. საკრედიტო ხაზი ქართველი მეწარმეებისათვის.

“ასევე, ძალიან კარგია, რომ უკვე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა დაამტკიცა ასევე 50 მლნ დოლარის ოდენობით საკრედიტო ხაზი სპეციალურად ქართული საწარმოებისათვის, რომლებიც განიზრახავენ, საკუთარი წარმოების სტანდარტები მიუახლოვონ ევროპულ სტანდარტებს. ეს არის მნიშვნელოვანი წახალისება ევროპული სტანდარტებით საქართველოში წარმოების; განსაკუთრებით საშუალო და მცირე მეწარმეობის განვითარებისთვის და ვფიქრობთ, რომ მოვუწოდებთ ჩვენი საქმიანი წრეების წარმომადგენლებს, მაქსიმალურად გამოიყენონ ეს შესაძლებლობები. ეს არის პროგრამის პირველი ფაზა და ევრობანკი ითამამშრომლებს საქართველოს საბანკო სისტემის წარმომადგენლებთან, რათა ეს საკრედიტო ხაზები ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მეწარმეებისთვის,” – განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი