ახალი ამბები

დიასპორის ფორუმი თბილისში პრეზიდენტმა, პრემიერმა და პატრიარქმა გახსნეს

27 მაისი, 2016 • 1531
დიასპორის ფორუმი თბილისში პრეზიდენტმა, პრემიერმა და პატრიარქმა გახსნეს

დღეს თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში დიასპორის მეორე ფორუმი გაიმართა, რომელსაც ხელისუფლების პირველი პირების გარდა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დაესწრო.

“ჩვენ პატარა ერი ვართ, არ გვაქვს უფლება, ვიყოთ გახლეჩილი, არ გვაქვს უფლება, ტალახი ვესროლოთ ერთმანეთს, ჩვენ უნდა გავერთიანდეთ ერთი საერთო, დადებითი მიზნის გარშემო – განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა, ვაქციოთ ის მართლა დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყნად,” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

ფორუმის სლოგანია – “გაუზიარე გამოცდილება სამშობლოს”, რაც არის ერთგვარი პლატფორმა იმისა, რომ დიასპორა ჩართული იყოს ქვეყნის განვითარების საქმეში.

„ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს მაქსიმალურად დავანახოთ ის შესაძლებლობები, რომლებიც არსებობს დღეს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნებისათვის. უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა, დღეს ჩვენ გვაქვს არაერთი მექანიზმი იმისთვის, რომ ჩვენი დიასპორა ჩართული იყოს ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. თუნდაც ახალგაზრდა ელჩების პროგრამა იძლევა საშუალებას ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების ჩართულობისთვის. ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რათა საქართველო წარმოჩინდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, როგორც ღირსეული, უდიდესი ისტორიისა და კულტურის მქონე, ინვესტიციებისთვის მიმზიდველი და დინამიკურად განვითარებადი ქვეყანა. ჩვენ კიდევ არაერთი ასეთი ინიციატივა გვექნება”, – განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა იმ პროგრამებზე, რომლებიც ქართული დიასპორის წარმომადგენლებს საქართველოში ბიზნესის წამოწყების შესაძლებლობას აძლევს. მათ შორის – სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგრამები.

პრემიერის განცხადებით, სახელმწიფოს განსაკუთრებული მიდგომა აქვს იმ ინიციატივების მიმართ, რომლებსაც ქართული დიასპორის წარმომადგენლები იჩენენ.
„ეს და კიდევ არაერთი სხვა ინიციატივა იძლევა საშუალებას, რომ ჩვენი თანამემამულეები დაბრუნდნენ საქართველოში და ის შესაძლებლობები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში იქმნება, ის განვითარების დღის წესრიგი, რომელიც საქართველოში არსებობს, მაქსიმალურად გამოიყენონ, რომ საკუთარი ოჯახები არჩინონ და ის ურთულესი ცხოვრება, რომელიც დღეს ჩვენს თანამემამულეებს უცხოეთში გააჩნიათ, შეცვალონ უკეთესობისკენ. ფორუმი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ეს არის პლატფორმა ყველა თქვენგანის ჩართულობისთვის. ზოგიერთი ადამიანი შეიძლება დაბრუნდეს, ზოგიერთმა, შესაძლოა, ეს ახლო მომავლისთვის გადადოს, ზოგიერთმა, შესაძლოა, განაგრძოს უცხოეთში მოღვაწეობა. ჩვენ ყველა თქვენგანისთვის უნდა ვიყოთ გახსნილები, ჩვენ ყველა თქვენგანის ჩართულობა გვჭირდება. არ აქვს მნიშვნელობა, რა სოციალურ ფენას მიეკუთვნება, რომელ ქვეყანაშია ჩვენი თანამემამულე, ყველას უნდა ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ქვეყნის განვითარების საქმეში ჩაერთოს“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სახელმწიფო მინისტრმა დიასპორის საკითხებში, გელა დუმბაძემ პრემიერ-მინისტრი დააჯილდოვა საპატიო მედლით – „ჩვენ გვაძლიერებს ყოველი, რაც გვაერთიანებს“.

დიასპორის ფორუმს პრემიერი მთავრობის სხდომაზეც გამოეხმაურა.

“სიმბოლურია, რომ გუშინ მოეწერა ხელი დოკუმენტს საფრანგეთში ლევილის მამულის საქართველოს სახელმწიფოსთვის გადმოცემის თაობაზე. ეს არის განზრახულობათა ოქმი, რომელიც, სავარაუდოდ, დაგვირგვინდება შემოდგომისთვის უკვე იმ დოკუმენტის სახით, რომ ეს მამული გადმოეცემა საქართველოს სახელმწიფოს”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი