ახალი ამბები

განათლების სამინისტროში შეხვედრა შალვა საბაურმა პროტესტის ნიშნად დატოვა

27 მაისი, 2016 • 1501
განათლების სამინისტროში შეხვედრა შალვა საბაურმა პროტესტის ნიშნად დატოვა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სტუდენთებთან და უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან შეხვდრას მართავს მინისტრი თამარ სანიკიძე, თუმცა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა თსუ-ის თვითმმართველობის ყოფილმა პრეზიდენტმა შალვა საბაურმა.

საბაურის თქმით, მინისტრი თამარ სანიკიძე თავის პრეზენტაციაში საუბრობს საკანონმდებლო ცვლილებების საკითხზე, რომლის მიხედვითაც თვითმმართველობები უნივერსიტეტში, ფაქტობრივად, უქმდება და ეს ის არ არის, რაზეც აქამდე იყო საუბარი მინისტრთან სხვა შეხვედრებზე.

“გაღიზიანება გამოიწვია იმან, რომ ჩვენი მოსაზრება არაა გათვალისიწნებული და ქსოვილი თვითმმართველობისა ამ მიდგომით იშლება და ის პრაქტიკულ დონეზე თვითმმართველობის გაუქმებაა. მიჩნდება პროტესტი, როდესაც სამინისტრო მსგავს ქმედებას ჩადის,” – განაცხადა საბაურმა.

საბაურის თქმით, თსუ-ში სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” “შუასაუკუნეების მიდგომით” მოქმედებს, როცა მათ ოთხშაბათს დაიკავეს თვითმმართველობის ოთახები. მისი თქმით, უნივერსიტეტში კონფლიქტი პროვოკაციითაა გამოწვეული, რომელსაც მიმართავს აუდიტორია 115.

საბაურის თქმით, პრობლემას ქმნის ისიც, რომ შეხვედრებში განათლების სამინისტროში არ მონაწილეობენ რეგიონების უნივერსიტეტის სტუდენტები: “ნუ უთითებთ სტუდენტებს ნურც მინისტრები და რექტორები, რა უნდათ და როგორ იმოქმოდენ”, – განაცხადა საბაურმა.

განათლების მინისტრის ცნობით, სტუდენტებთან შეხვედრები სისტემატურად იმართებოდა და სწორედ ერთობლივი მუშაობის შედეგად მოხდა შეთანხმება იმ პრინციპულ ცვლილებებზე, რომლებიც უნდა აისახოს საკანონმდებლო ინიციატივაში.

სამინისტროს ცნობით, შეთანხმება მოიცავდა შემდეგ საკითხებს:

ა. საფაკულტეტო საბჭოებში სტუდენტთა პირდაპირი წესით არჩევნებს;

ბ. რექტორისა და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის წესის დარეგულირებას;

გ. სტუდენტების თვითმმართველობასთან დაკავშირებით კანონის გარდამავალ დებულებაში ისეთი ჩანაწერის გაკეთებას, რომელიც საფუძველს გააჩენდა და განსაზღვრავდა გარკვეულ ვადას, რომლის ფარგლებშიც ჩამოყალიბდებოდა სტუდენტური გაერთიანებების ოპტიმალური მოდელი. აღნიშნული მოდელი უზრუნველყოფდა სტუდენტების მიერ დღის წესრიგში დაყენებული ისეთი საკითხების მოგვარებას, როგორიც არის სტუდენტების უფლებების დაცვა, ადმინისტრაციულ და ფინანსურ რესურსებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და სხვა.

ამ საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი უნდა შეიმუშაოს განათლების სამინისტრომ, რომელიც შემდეგ უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა. აუდიტორია 115-ის ცნობით, მათთვის პრინციპული საკითხია გაუქმდეს სტუდენტური თვითმმართველობა და ამ საკითხზე უკვე მოამზადეს საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი, რომლის განხილვასაც ითხოვენ ჯერ მთავრობის სხდომაზე, შემდეგ უკვე პარლამენტში. მათ ამის გამო დღევანდელ შეხვედრაზე განათლების სამინისტროში მისვლაზე უარი თქვეს.

შეგახსენებთ, რომ 24 მაისს აუდიტორია 115–ის წევრმა ცოტნე ცხვედიანმა განაცხადა, რომ მას უნივერსიტეტის შენობაში ფიზიკურად გაუსწორდნენ სტუდენტური თვითმმართველობის 20–მდე წევრი. თვითმმართველობის წევრების თქმით კი, პროვოკაცია აუდოტორია 115–ის წარმომადგენელმა მოაწყო. ოთხშაბათს, თსუ–ს ადმინისტრაციამ გაავრცელა სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელიც ასახავს მომხდარ დაპირისპირებას, სადაც ჩანს ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი. სამშაბათს საღამოს აუდიტორია 115–მა ხელისუფლებას წაუყენა ულტიმატუმი, რომ 25 მაისის 18:00 საათამდე დაეფიქსირებინათ ნათელი პოზიცია, რომ სტუდენტური თვითმმართველობა გაუქმდება. ულტიმატუმს მთავრობა დათქმულ ვადაში არ გამოხმაურებია, რის გამოც აუდიტორია 115–ის წევრებმა აქცია დაიწყეს და მათ ძალის გამოყენებით დაიკავეს უნივერსიტეტში თვითმმართველობისთვის გამოყოფილი ორი აუდიტორია. ისინი კვლავაც აპირებენ საპროტესტო აქციების გამართვას.

ვრცლად იმ მოვლენების შესახებ, რამაც გამოიწვია თსუ–ში აუდიორია 115–ის და სტუდენტური თვითმმართველობის დაპირისპირება და სტუდენტების საპროტესტო აქციები, იხილეთ ამ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი