ახალი ამბები

მოსკოვში ასეულობით დემონსტრანტია დაკავებული

7 დეკემბერი, 2011 • • 1097
მოსკოვში ასეულობით დემონსტრანტია დაკავებული
მოსკოვში გამართული საპროტესტო აქციების შედეგად დაახლოებით 600–მდე ადამიანია დაკავებული. აქციების მონაწილეები 4 დეკემბერს რუსეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც მმართველმა პარტია “ედინაია როსიამ” გაიმარჯვა.
პირველი საპროტესტო აქცია ორშაბათს, 5 დეკემბერს, შედგა მოსკოვში, ტურგენევის მოედანზე და მასში 1500–მდე ადამიანი მონაწილეობდა. მეორე აქცია კი გუშინ, 6 დეკემბერს, ტრიმფალურ მოედანზე გაიმართა, სადაც პროტესტი 300–მდე ადამიანმა გამოხატა.
ორივე აქციის დარბევის შედეგად, რუსეთის მედიის ცნობით, 569 ადამიანია დაკავებული. მათ შორის არიან: პარტია “იაბლოკოს” ლიდერი სერგეი მიტროხინი, პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ლიდერი კირილ გონჩაროვი, “სხვა რუსეთის” თავმჯდომარე ედუარდ ლიმონოვი და “სოლიდარნოსტის” ხელმძღვანელი ბორის ნემცოვი.
დაკავებულებს ჯარიმები და მოკლევადიანი პატიმრობა შეუფარდეს. დაკავებულთა შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლები, რომლებიც დღეს დილიდან გაათავისუფლეს.
მოსკოვში მიმდინარე საპროტესტო აქციებს აქტიურად აშუქებს საერთაშორისო მედია. პუტინისა და მედვედევის ბოლო 12–წლიანი მმართველობის პერიოდში პირველად მოიცვა მოსკოვი მასობრივმა საპროტესტო აქციებმა. ისინი განსხვავდება იმ აქციებისგან, რომლებიც დრო და დრო იმართებოდა და თავს უყრიდა მხოლო კომუნისტ მოხუცებსა და ულტრა– ნაციონალისტებს, – წერს ამერიკული გამოცემა Times–ი.
ამას გარდა, საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას უთმობს რეპრესიებს, რაც აქციის რუსეთში მონაწილეების მიმართ ხორციელდება. ბევრი გამოცემა წერს დაპატიმრებული რუსი ბლოგერის ალექსეი ნავალნის შესახებ, როგორც არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო ნამდვილ ლიდერზე. მაგალითად, ბრიტანული გამოცემა The Guardian–ი ნავალნის უწოდებს პოპულარულ აქტივისტს, რომელიც იბრძვის კორუფციის წინააღმდეგ და რომელიც შეიძლება ჩაითვალოს პუტინისა და “ედიანაია როსიას” წინააღმდეგ მიმართული მზარდი მოძრაობის ფაქტობრივ ლიდერად.
წინასწარი ინფორმაციით, შაბათს, 10 დეკემბერს, 14:00 საათზე მოსკოვში, რევოლუციის მოედანზე კიდევ ერთი საპროტესტო აქცია უნდა გაიმართოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი