ახალი ამბები

ინიციატივა ახალი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ

7 დეკემბერი, 2011 • 1265
ინიციატივა ახალი ტიპის სასჯელაღსრულების დაწესებულების შესახებ

ხათუნა კალმახელიძე
ხათუნა კალმახელიძე

სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის ინიციატივით, ახალი ტიპის – თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება შეიქმნება. შესაბამის საკანონმდებლო ინიციატივას კალმახელიძე პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის, იურიდიულ საკითხთა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების სხდომაზე დღეს წარადგენს.

საკომიტეტო სხდომა პარლამენტში რამდენიმე წუთში დაიწყება.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულება იქნება ღია ტიპის ანალოგი, გისოსებს გარეშე დაწესებულება, სადაც სასჯელს პრობაციის ეროვნული სააგენტო აღასრულებს.

ხათუნა კალმახელიძის აზრით, ეს რეფორმა ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სისხლის სამართლის პოლიტიკის ლიბერალიზაციის კუთხით, რითაც ქვეყანაში ევროპული სტანდარტი დაინერგება.

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში განთავსდებიან ის პირება, რომლებსაც სასამართლომ მიუსაჯა თავისუფლების შეზღუდვა და ის მსჯავრდებულები, რომლებსაც ადგილობრივი საბჭოს მიერ, მათივე თანხმობის საფუძველზე, თავისუფლების აღკვეთა შეეცვლებათ თავისუფლების შეზღუდვით.

თავისუფების შეზღუდვის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს არ ექნებათ შეზღუდული ერთმანეთთან ურთიერთობა და გადაადგილება დაწესებულების ტერიტორიის ფარგლებში. ინდივიდუალური შეფასების საფუძველზე, მსჯავრდებულებს შესაძლებლობა ექნებათ, შაბათ–კვირას დატოვონ დაწესებულების ტერიტორია. ისინი, ასევე, ჩართულნი იქნებიან საგანმამანათლებლო, სამუშაო და სარეაბილიტაციო პროგრამებში.

მსჯავრდებულები არასამუშაო დღეებში ისარგებლებენ შეუზღუდავი ხანმოკლე პაემნების უფლებითაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი