ახალი ამბებისამართალი

მღებრიშვილი: კორცხელის ინციდენტის სავარუდო მონაწილეების დაკავების საფუძველი არ გვქონდა

26 მაისი, 2016 • 1521
მღებრიშვილი: კორცხელის ინციდენტის სავარუდო მონაწილეების დაკავების საფუძველი არ გვქონდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ  22 მაისს, საკრებულოს შუალედური არჩევნების დროს სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტში სავარაუდოდ მონაწილე სპორტსმენის დაკავების საფუძველი გამოძიებას არ ჰქონდა.

“ზედმეტი ემოციებისგან განთავისუფლდეს ყველა. დაელოდოს გამოძიებას. გამოძიებას აქვს თავისი პროცედურები, რომელიც აუცილებლად დაცული უნდა იყოს.  ჩემი განცხადების შემდგომ სპორტსმენები თვითონ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ითანამშრომლეს გამოძიებასთან, აქედან გამომდინარე, მათი დაკავების საფუძვლები მე და გამოძიებას აღარ გვქონდა. მიუხედავად ამისა, მათი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. დაველოდოთ გამოძიებას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნუ შევქმნით რაღაც აჟიოტაჟს არაფრის გამო,” – განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

სამეგრელოში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს.

შსს-მ გამოძიება ცემის მუხლით დაიწყო (სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლი).

24 მაისს, ღამით ინციდენტის სავარაუდო მონაწილეები შსს-ში გამოცხადდნენ და განაცხადეს, რომ ისინი დაკითხვაზე არ დაუბარებით და გადაწყვიტეს, ვითარების გასარკვევად თავად მისულიყვნენ. ისინი გამოძიებას არ დაუკავებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი