ახალი ამბებისამართალი

შოთაძე: რაშიდ კანჯიოღლიზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად ინტერპოლს მივმართეთ

26 მაისი, 2016 • 2088
შოთაძე: რაშიდ კანჯიოღლიზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად ინტერპოლს მივმართეთ

საქართველოს მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის განცხადებით, გიგა ოთხოზორიას მკვლელობაში ბრალდებულზე საერთაშორისო ძებნის გამოსაცხადებლად ინტერპოლს მიმართეს.

ამის შესახებ ირაკლი შოთაძემ ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. დადიანების სასახლის კარის ეკლესიაში გიგა ოთხოზორიას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

“უპირველეს ყოვლისა, ეს არის დიდი ტრაგედია, მთელი ქვეყნის ტრაგედია. რაც შეეხება ჩვენს [გამოძიების] ინსტრუმენტებს, მკვლელი უკვე ბრალდებულია.  ჩვენ მივმართეთ ინტერპოლს საერთაშორისო ძებნის გამოცხადების შუამდგომლობით და, შესაბამისად, ველოდებით პასუხს. იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში მკვლელი წითელი ცირკულარით ძებნილი იქნება,”- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ გიგა ოთხოზორიას მკვლელი დაკავებულია, შოთაძის თქმით, ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებს.

2016 წლის 19 მაისს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სოფელ ხურჩაში 30 წლის გიგა ოთხოზორია მოკლეს. პროკურატურის განცხადებით, მკვლელობაში ბრალდებულია ე.წ. მესაზღვრე, აფხაზეთში მცხოვრები რაშიდ კანჯიოღლი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი