ახალი ამბები

“სააკაშვილმა ივანიშვილს მოქალაქეობა პარტიული ინტერესის გამო შეუწყვიტა”

6 დეკემბერი, 2011 • • 1564
“სააკაშვილმა ივანიშვილს მოქალაქეობა პარტიული ინტერესის გამო შეუწყვიტა”

ბიძინა ივანშვილის ქართული პასპორტის ქსეროასლი
ბიძინა ივანშვილის ქართული პასპორტის ქსეროასლი

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ რადგან ბიზნესმენსა და მის ცოლს – ეკატერინე ხვედელიძეს საქართველოს მოქალაქეობა ქვეყნის წინაშე „განსაკუთრებული დამსახურების გამო“ ჰქონდათ მინიჭებული, მათ არ ეკისრებოდათ არანაირი ვალდებულება ამ მოქალაქეობის შესანარჩუნებლად.

ივანიშვილ-ხვედელიძის მოქალაქეობის გაუქმების უკანონობასთან დაკავშირებით მომზადებული დაზუსტებული სარჩელი დღეს, 6 დეკემბერს, ჟურნალისტებს გააცნო მილიარდერი ბიზნესმენის ხუთმა ადვოკატმა – ზაქარია ქუცნაშვილმა, არჩილ კბილაშილმა, სანდრო ბარამიძემ, ეკა ბესელიამ და შალვა თადუმაძემ.

ადვოკატებმა ჟურნალისტებს თავდაპირველად განუმარტეს საქართველოს კონტიტუციის მიხედვით საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების წესები. კონსტიტუციის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა პირს ენიჭება დაბადებით და ნატურალიზაციით (მოქალაქეობის შემდეგომ მინიჭება).  საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. თუმცა საქართველოს პრეზიდენტს უფლება აქვს, საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭოს უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც აქვს განსაკუთრებული დამსახურება ქვეყნის წინაშე, ან მისთვის მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამოდინარეობს.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, რომ საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მეთორმეტე მუხლი (მოქალაქეობის დაკარგვის წესის შესახებ) ეხება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველოს მოქალაქეობა მიიღეს დაბადებით, ან ნატურალიზაციის გზით. შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს მოქალაქეობა შეიძლება შეუწყდეს დაბადებით საქართველოსა მოქალაქეს, ასევე პირს, რომელიც ნატურალიზაციის გზით გახდა საქართველოს მოქალაქე.

დაბადებით საქართველოს მოქალაქეს და პირს, რომელიც ნატურალიზაციის გზით გახდა საქართველოს მოქალაქე, ქვეყნის წინაშე გარკვეული ვალდებულებები აკისრიათ. კერძოდ, თუ ადამიანს სურს გახდეს საქართველოს მოქალაქე, ის ბოლო 5 წლის მანძილზე უნდა ცხოვრობდეს საქართველოში, დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს სახელმწიფო ენა, ისტორია და სამართლის საფუძვლები და ა.შ. გარდა ამისა, ის არ უნდა გახდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე.

ივანიშვილის ადვოკატების თქმით, რაც შეეხება ორმაგ მოქალაქეობას, როცა სხვა ქვეყნის მოქალაქეს პრეზიდენტი ანიჭებს საქართველოს მოქალაქეობას, ამ პირს არანაირი ვალდებულებები არ ეკისრება. ის მხოლოდ ერთადერთ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს – მისთვის მოქალაქეობის მინიჭება ქვეყნის ინტერესებში უნდა შედიოდეს, ან ქვეყნის წინაშე განსაკუთრებული დამსახურება უნდა ჰქონდეს.

იურისტი სანდრო ბარამიძე ამტკიცებს, რომ საერთაშორისო სამართლის ენაზე მნიშვნელობა არა აქვს, პირს ორი ქვეყნის მოქალაქეობა აქვს თუ უფრო მეტის. გარდა ამისა, ტერმინი „ორმაგი მოქალაქეობა“ არ ნიშნავს მხოლოდ ორი ქვეყნის მოქალაქეობას. „ორმაგი მოქალაქეობა“(dual citizenship) და “მრავალმაგი მოქალაქეობა“(multiple citizenship) შინაარსობრივად იდენტური ტერმინებია. „ორმაგი მოქალაქეობა“ კი გულისხმობს ერთზე მეტი ქვეყნის მოქალაქეობას. სანდრო ბარამიძემ თავისი მოსაზრების გასამყარებლად სხვადასხვა იურიდიული ლიტერატურა დაასახელა, ასევე, „გაეროს კონვენცია მოქალაქეობის შესახებ“, სადაც წერია, რომ „ორმაგი მოქალაქეობა“ მოიცავს „მულტიმოქალაქეობას“ და პირიქით. „მულტიმოქალაქეობა“ კი გულისხმობს ორი და მეტი ქვეყნის მოქალაქეობას.

როგორც ბიძინა ივანიშვილის ადვოკატები ამტკიცებენ, ლოგიკური თავლსაზრისით, როცა ქვეყანა უშვებს, რომ თავისი მოქალაქე შეიძლება გახდეს სხვა ქვეყნის მოქალაქე, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს, ერთის გარდა კიდევ რამდენი ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებს ესა თუ ის პირი.

ადვოკატების მთავარი პრეტენზია ამ საკითხთან დაკავშირებით ისაა, რომ გამონაკლისი წესით მინიჭებული მოქალაქეობის ჩამორთმევა არ შეიძლება საერთო კანონის შესაბამისად.

ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ადვოკატები, ასევე, ამტკიცებენ, რომ მოქალაქეობის შეწყვეტით მილიარდერ წყვილს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული მთავარი უფლება – პოლიტიკური საქმიანობისა და არჩევნებში მონაწილეობის უფლება შეეზღუდათ. უფრო მეტიც, ისინი ფიქრობენ, რომ პრეზიდენტის მიერ გამოცემული აქტი მათთვის მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით იყო პოლიტიკური „ანგარიშსწორების აქტი“. გარდა ამისა, ადვოკატებს მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, როცა აღნიშნული სამართლებრივი აქტი გამოსცა, რადგან ის პრეზიდენტობის პარალელურად არის მმართველი პარტიის თავმჯდომარე. აქედან გამომდინარე, ივანიშვილის ადვოკატები დარწმუნებულნი არიან, რომ  სააკშვილის გადაწყვეტილება პარტიული ინტერესით იყო გამოწვეული.

ადვოკატთა ხუთეული, ასევე,  ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა ივანიშვილ-ხვედელიძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის აქტი კანონდარღვევით, შესაბამისი პროცედურების დაცვის გარეშე, ნაჩქარევად, მხოლოდ პრესაში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე მიიღო.

ადვოკატები პრეზიდენტის #606 ბრძანების გაუქმებისთვის ბრძოლას თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 დეკემბერს განაახლებს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ საქმეს თბილისში მოიგებენ და არ დასჭირდებათ საერთაშრისო სასამართლოსთვის მიმართვა.

ივანიშვილის მოქალაქეობის საქმესთან დაკავშირებით პირველი მოსამზადებელი სხდომა 5 დეკემბერს გაიმართა. საქმეს მოსამართლე შოთა გეწაძე განიხილავს.

ამავე თემაზე:

ივანიშვილ-სააკაშვილის სასამართლო დაპირისპირების პირველი რაუნდი

მასალების გადაბეჭდვის წესი