ახალი ამბები

საპარლამენტო ოპოზიციის სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

6 დეკემბერი, 2011 • 1155
საპარლამენტო ოპოზიციის  სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს  პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვას ოპოზიციონერი დეპუტატების დაპირისპირება მოჰყვა. პარლამენტარმა თამაზ დიასამიძემ „ქრისტიან დემოკრატული ფრაქციის“ წევრ გიორგი ახვლედიანს ნაძირალა უწოდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ დეპუტატებს წესრიგისკენ მოუწოდა. სხდომათა დარბაზში დაპირისპირებული მხარეები მანდატურებმა დაამშვიდეს.

პარლამენტის  პლენარულ სხდომაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” წევრებმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვის შეჩერება მოითხოვეს. საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პარლამენტში  დეპუტატების რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს.

განცხადებები პლენარულ სხდომაზე განხილვის შეჩერების თაობაზე დეპუტატებმა ჯონდი ბაღათურიამ და დიმიტრი ლორთქიფანიძემ გააკეთეს.

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” წევრმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმცირესობას მიმართა, რომ  ხელისუფლება კონსტიტუციის დარღვევაზე პასუხისმგებლობას საპარლამენტო უმცირესობას ჰკიდებს და ამ პასუხიმგებლობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა.

ლორთქიფანიძის რეპლიკა საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა დეპუტატმა ნუგზარ ერგემლიძემ გააპროტესტა, მაგრამ მას ლორთქიფანიძემ შეახსენა, რომ  პირველი იყო იმ დეპუტატებს შორის, რომელთაც საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას მოაწერეს ხელი.

ფრაქცია “ერთობა სამართლიანობის” წევრმა, დეპუტატმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ “ქრისტიან-დემოკრატებს” საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით “გონს მოგებისკენ” მოუწოდა და მათ პოზიციებს “უსუსური” უწოდა.

საპარლამენტო უმცირესობიდან ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ წარმომადგენლები დეპუტატების რაოდენობის ზრდას მხარს უჭრდნენ. ახლა კი „ქრისტიან დემოკრატები“  ამ კანონპროექტის შეჩერების ინიციატივივას ემხრობა.

“პრეზიდენტმა თქვა, რომ ერთგული რჩება რეფერენდუმის შედეგების და 2005 წელს სწორედ რეფრენდუმზე დაყრდნობით მოახდინა საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირება და რომ არა ოპოზიციის ერთი ნაწილის დაჟინებული მოთხოვნა, მხარს არ დაუჭერდა დეპუტატთა რაოდენობის გაზრდას”, – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
ლორთქიფანიძის შეფასებით, საზოგადოების უდიდესი და უმძლავრესი ნაწილი პოლიტიკური სპექტრისა მხარს არ უჭერს ამ ინიციატივას და ეს აქტი არის უკანონო.

აღნიშნული განცხადებას  ქრისტიან დემოკრატების გაღიზიანება მოჰყვა და საპარლამენტო ოპოზიცია ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდა. ვითარება მანდატურის სამსახურმა განმუხტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი