ახალი ამბები

ეუთოს მინისტერიალზე მედიის თავისუფლების საკითხსაც განიხილავენ

6 დეკემბერი, 2011 • • 1004
ეუთოს მინისტერიალზე მედიის თავისუფლების საკითხსაც განიხილავენ
რეგიონში გაჭიანურებული კონფლიქტები, ტრანსნაციონალური საფრთხეები, მედიის თავისუფლება და გაძლიერებული თანამშრომლობა ეუთოს პარტნიორ და მოკავშირე ქვეყნებს შორის – ეს ის საკითხებია, რომლებიც დღეს, 6 დეკემბერს, ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ეუთოს (OSCE) ორდღიან მინისტერიალზე განიხილება.

ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრ აუდრონიუს აჟუბალისის განცხადებით, მსოფლიო უამრავი გამოწვევის წინაშეა, დაწყებული მიმდინარე ფინანსური კრიზისიდან ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში მიმდინარე მოვლენებით დასრულებული. მნიშვნელოვანია, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში შევინარჩუნოთ ჩვენი აქცენტი ევროატლანტიკური და ევრაზიის უსაფრთხოების თანამეგობრობის გაძლიერებაზე. ეს შეხვედრა იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ პროგრესს მივაღწიოთ ძველი და ახალი გამოწვევების აღმოსაფხვრელად.

აჟუბალისმა ყურადღება მედია–უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობაზეც გააკეთა.

“დაუსჯელობის კულტურა ხელს უშლის ჟურნალისტს, შეასრულოს პროფესიული მოვალეობა და ემუქრება მის სიცოცხლესაც. ჩვენი, წევრი ქვეყნების, მოვალეობაა, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ საზოგადოების ინფორმირება ყოველგვარი დაშინების გარეშე,” – განაცხადა ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის ლიდერმა.

ეუთოს მე–18 მინისტერიალში 40–მდე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი მიიღებს მონაწილეობას. აღნიშნულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძეც დაესწრება.   

მინისტერიალი 7 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი