ახალი ამბები

ნათელაშვილი: “ამ აქციამ უდიდესი დარტყმა მიაყენა რეჟიმს”

5 დეკემბერი, 2011 • 887
ნათელაშვილი: “ამ აქციამ უდიდესი დარტყმა მიაყენა რეჟიმს”

ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი შეაჯამა და განაცხადა, რომ თეთრ სახლთან “ლეიბორისტული პარტიის” დაუმორჩილებლობის აქციამ სააკაშვილის რეჟიმს დარტყმა მიაყენა.

“ვიზიტის უმთავრესი შედეგი იყო ამ ქვეყნიდან განხორციელებული ვარდების გადატრიალების 8 წლისთავთან დაკავშირებული უპრეცედენტო ეროვნული დაუმორჩილებლობის აქცია თეთრ სახლთან, სადაც დაიგმო ჩვენი სამშობლოს მონური მდგომარეობა, თავისუფლების, ენის და მამულის წართმევა, ვაშინგტონიდან სისხლიანი სააკაშვილისთვის პოლიტიკური მხარდაჭერა. მომიტინგეებმა ქართველი ხალხის სახელით მოითხოვეს, შეწყდეს უცხოეთიდან მთავრობათა დანიშვნა და მოგვეცეს უფლება, თვითონ ავირჩიოთ საკუთარი ხელისუფლება. ეს იყო ამაყი ნაბიჯი, რომლის გადადგმასაც დღევანდელ მსოფლიოში მთავარი იმპერატორის კაბინეტთან ვერავინ გაბედავს”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა აღნიშნული აქციის საქართველოს ტელევიზიების მიერ გაშუქების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ სიუჟეტი, რომელიც ტელეკომპანიებმა მოამზადეს, ცინიკური იყო.

“ამ აქციამ უდიდესი დარტყმა მიაყენა რეჟიმს, რის გამოც უბინძურეს ტელეპიარკამპანიას პირადად პრეზიდენტი სააკაშვილი ჩაუდგა სათავეში. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დამოუკიდებელი სატელევიზიო სივრცე ჩვენში გარდაცვლილია. ამ ვიდეოსიუჟეტს ვუგზავნით აშშ-ს ელჩს და ვითხოვთ, შეადაროს, თუ რა ობიექტურობით აშუქებენ მისი ხელქვეითი პრეზიდენტის ტელევიზიები რეალობას”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ამავე თემაზე:სააკაშვილი ნათელაშვილის ინგლისური ენის ცოდნის შესახებ

მასალების გადაბეჭდვის წესი