ახალი ამბები

სააპელაციო სასამართლომ ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო

25 მაისი, 2016 • 3176
სააპელაციო სასამართლომ ლევან კოჭლაშვილი საბი ბერიანის მკვლელობაში უდანაშაულოდ ცნო

დღეს, 25 მაისს, თბილისის სააპელაციო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობის საქმეზე ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი, რომლის თანახმადაც, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნო საბი ბერიანის მკვლელობაში.

2015 წლის 7 აგვისტოს თბილისის საქალაქო სასამართლომ საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი ნაწილობრივ გაამართლა. განაჩენის თანახმად, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნო საბი ბერიანის მკვლელობაში, ხოლო დამანაშავედ მიიჩნია ბიანკა შიგუროვას ცემასა და ხანძრის განზრახ გაჩენაში.

საქალაქო სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში პროკურატურამ გაასაჩივრა.

2016 წლის 4 თებერვალს საბი ბერიანის საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ტრანსგენდერი ქალი, ბიანკა შიგუროვა საკუთარ საცხოვრებელ ბინაში გაზის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაციით გარდაცვლილი იპოვეს.

ბიანკა შიგუროვას თქმით, საბის მკველობაში ბრალდებული მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე მას დაესხა თავს, რომელ ნაწილშიც სასამართლომ დამნაშავედ ცნო.

ტრანსგენდერი საბი ბერიანი 11 ნოემბერს საკუთარ საცხოვრებელში მოკლეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიის თანახმად, მკვლელობა კოჭლაშვილსა და ბერიანს შორის შელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რომელიც თანხას უკავშირდებოდა.

თუმცა, არასამთავრობო ორგანიზაციები- “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC), “იდენტობა”, “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი”, მიიჩნევენ, რომ მკვლელობა გენდერული იდენტობის ნიადაგზე მოხდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი