ახალი ამბები

ლგბტ აქტივისტების დაკავების საქმეზე რესპუბლიკელები შსს-ს გენინსპექციას მიმართავენ

25 მაისი, 2016 • 1408
ლგბტ აქტივისტების დაკავების საქმეზე რესპუბლიკელები შსს-ს გენინსპექციას მიმართავენ

“რესპუბლიკური პარტიის” წევრმა, თამარ ხიდაშელმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 17 მაისს ლგბტ უფლებათა აქტივისტების დაკავებაზე ისაუბრა:

“17 მაისი არის ოჯახური სიმტკიცის დღე, უკვე მესამე წელია ჩვენ ამ დღეს ვზეიმობთ. დაგვიანებით ყველას ვულოცავ [ამ დღეს], ვისთვისაც ოჯახი ჭეშმარიტი ღირებულება არის. ოჯახი არის ის ადგილი, რომელიც აერთიანებს თავისუფალ და ღირსების მქონე ადამიანებს. თუმცა წელს, 17 მაისს, საზეიმო ღონისძიებების ხმაურში, სამწუხაროდ, ჩვენ გამოგვეპარა ის აგრესია და უკანონო მოქმედება, რომელიც განხორციელდა მცირერიცხოვანი აქტივისტების წინააღმდეგ,” – განაცხადა ხიდაშელმა.

მისი მტკიცებით, პოლიციელებს არ ჰქონდათ განმასხვავებელი ნიშანი და არც თვითიდენტიფიცირება მოუხდენიათ. შესაბამისად, ხიდაშელის აზრით, აქტივისტების წინააღმდეგ პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდება გაუგებარია:

“ჩვენ შეიძლება დაუსრულებლად ვიმსჯელოთ და ვიკამათოთ იმაზე, თუ რამდენად ეთიკურია საპატრიარქოს კედლის შეღებვა, ან ვიკამათოთ იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრება იმ ქმედებისათვის, რომელიც შეიძლება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდეს, მაგრამ ამ დარბაზში, იმედი მაქვს, არა არის არც ერთი ადამიანი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმას, მოქმედებდნენ თუ არა კანონიერად პოლიციის თანაშრომლები. ყველას შეგახსენებთ, რომ  იმ დღეს, როდესაც ერთი მუჭისხელა აქტივისტების დაკავება განხორციელდა თხუთმეტამდე პოლიციელის მიერ, არც ერთ პოლიციელს არ ეცვა პოლიციის ფორმა, ისინი იყვნენ ჩაცმული სამოქალაქო ტანსაცმელში. შესაბამისად, შეუძლებელი იყო მათი იდენტიფიცირება პოლიციელებად.  მათ არ ჰქონდათ განმასხვავებელი ნიშანი, მათ დაკავებულებისათვის თავი არ გაუცნიათ, როგორც პოლიციელებს. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია, საიდან გაჩნდა მათ წინააღმდეგ ბრალდება – პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობა.

იმისთვის, რომ პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა არსებობდეს,  სამი ნიშანი უნდა იყოს სახეზე: პირმა თავი უნდა წარმოგვიდგინოს, როგორც პოლიციელმა,  მას რამე მოთხოვნა უნდა ჰქონდეს და ეს მოთხოვნა აუცილებლად იყოს კანონიერი. შესაბამისად, კითხვის ნიშნები ჩნდება, როგორ არის მოთხოვნა კანონიერი, როდესაც არც ერთ დამკავებელს არ მოუხდენია საკუთარი იდენტიფიცირება პოლიციელად.”

“რესპუბლიკელები” გენერალურ ინსპექციას მიმართავენ და შს სამინისტროს ადეკვატური რეაგირების იმედი აქვთ:

რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები ჩვენს კოლეგებთან ერთად “ქართული ოცნებიდან” ყოველთვის ვაპროტესტებდით პოლიციის უკანონო მოქმედებებს, ვაპროტესტებდით ძალადობას და დიდი იმედი მაქვს, სიტუაცია არ შეიცვლება იმის გამო, რომ დაკავებული იყვნენ მცირერიხოვანი ჯგუფის წარმომადგენლები.
„ ჩვენ მივმართავთ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პოლიციელთა ამ უკანონო ქმედებაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ექნება ადეკვატური რეაგირება.”

17 მაისს, გამთენიისა,ს პოლიციამ 10 პირი დააკავა ანტიჰომოფობიურ წარწერების გაკეთების მცდელობის გამო – 7 საპატრიარქოს შენობასთან, 3 კი – პარლამენტის მიმდებარედ.

წელს, 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე საქართველოში ამ დაკავებებით აღინიშნა – ლგბტ უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ 17 მაისს ვერ გამართავდნენ საჯარო აქციას, რადგანაც მათ პოლიციამ უსაფრთხოების გარანტიები არ მისცა. ის აქტივისტები კი, რომლებიც ანტიჰომოფობიურ წარწერებს აკეთებდნენ, დააკავეს, ხოლო წარწერები გადაღებეს.

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის საჯაროდ აღნიშვნას ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი ეკლესია და მისი მრევლი, ასევე, ჰომოფობიურად განწყობილი საზოგადოება.

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე 2005 წლიდან აღინიშნება 17 მაისს.  თარიღი სიმბოლურად უკავშირდება 1990 წლის 17 მაისს, როცა მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ ჰომოსექსუალობა დაავადებათა სიიდან ამოიღო.

2014 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოაცხადა.

 

ლგბტ აქტივისტების მიერ ვაჩნაძის ქუჩაზე მოხატული ასფალტი, 17 მაისს აღსანიშნავად. 17.05.2016 ფოტო: მარიამ სიხარულიძე.

ლგბტ აქტივისტების მიერ ვაჩნაძის ქუჩაზე მოხატული ასფალტი, 17 მაისს აღსანიშნავად. 17.05.2016 ფოტო: მარიამ სიხარულიძე.

ლგბტ აქტივისტების მიერ პუშკინის სკვერში მოხატული ასფალტი, 17 მაისს აღსანიშნავად. 17.05.2016 ფოტო: მარიამ სიხარულიძე.

ლგბტ აქტივისტების მიერ პუშკინის სკვერში მოხატული ასფალტი, 17 მაისს აღსანიშნავად. 17.05.2016 ფოტო: მარიამ სიხარულიძე.

ლგბტ აქტივისტების მიერ პუშკინის სკვერში მოხატული სკამი, 17 მაისს აღსანიშნავად. 17.05.2016 ფოტო: მარიამ სიხარულიძე.

ლგბტ აქტივისტების მიერ პუშკინის სკვერში მოხატული სკამი, 17 მაისს აღსანიშნავად. 17.05.2016 ფოტო: მარიამ სიხარულიძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი