ახალი ამბები

მოქალაქის თქმით, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულზე მეგობრის დასაკავებლად გამოიყენა

25 მაისი, 2016 • 1786
მოქალაქის თქმით, პოლიციამ იგი ნარკოდანაშაულზე მეგობრის დასაკავებლად გამოიყენა

“თეთრი ხმაურის” მოძრაობის აქტივისტების მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში მოქალაქე ბესო ხუციშვილი ამბობს, რომ პოლიციის თანამშრომლებმა აიძულეს, დახმარებოდა ლაშა ბახუტაშვილის დაკავებაში. შემდეგ კი თვითონაც დააკავეს.

“[ციხიდან] გამოსვლიდან მესამე-მეოთხე დღეს პოლიცია დამადგა. სახლიდან გამოვედი, გაჩერდა თეთრი შკოდა. მომმართეს სახელით და გვარით, ჩვენ ვართ დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოდანო. წამიყვანეს განყოფილებაში. შემომთავაზეს, ლაშა ბახუტაშვილი უნდა დაგვაჭერინოო”.

ლაშა ბახუტაშვილი სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის 2013 წელს დააკავეს. მას 0,00009 გრ ნარკოტიკული ნივთიერება დეზომორფინისთვის (მოხმარებულ ნემსში არსებული ნარჩენისთვის) 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებაბახუტაშვილის ადვოკატმა, ნინო გელაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის ნოემბერს მიმართეს და გაასაჩივრეს სსკ-ს 260 მუხლის მესამე ნაწილის ა ქვეპუნქტის კონსტიტუციურობის საკითხი. მისივე თქმით, ბახუტაშვილს ბრალი ამ მუხლით აქვს წარდგენილი.

ბესო ხუციშვილის თქმით, პოლიციის თანამშრომლები მას დაემუქრნენ: “[ბახუტაშვილს] თუ არ დაგვაჭრინებ, 3 შვილი გყავს, წამალს დაგიყრითო”. “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტის, დათო ლაღიძის ცნობით, დიდუბე-ჩუღურეთის განყოფილების ეს თანამშრომლები იყვნენ გიორგი ჩორგოლეიშვილი და გიორგი ფუხალაშვილი. “სწორედ მათ დააკავეს ლაშა ბახუტაშვილი” – ამბობს ლაღიძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის თანამშრომლის, ნატალია ბერიანიძის, ინფორმაციით, დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის განყოფილებაში ადამიანები, სახელად გიორგი ჩორგოლეიშვილი და გიორგი ფუხალაშვილი, არც ახლა და არც 2013 წელს არ მუშაობდნენ.

ვიდეომიმართვაში ბესო ხუციშვილი ამბის დეტალებზეც საუბრობს: “[პოლიციის თანამშრომლები] თვითონ მირეკავდნენ, ჩავდიოდი, ვხვდებოდი ხოლმე ვაგზალზე, მსვამდნენ მანქანაში. მანქანით მივყავდით აფთიაქში … თავისი “პრიპასებით”, რაც იყო საჭირო [ნარკოტიკის მოსამზადებლად], სახლში მივდიოდით. მაძლევდნენ ხოლმე 20-40 ლარს, რომ მეყიდა კოდესანი და დამეჭერინებინა ლაშა”.

ხუციშვილის თქმით, იგი ერთი თვის განმავლობაში ცდილობდა, პოლიციის თანამშრომლებისთვის წინააღმდეგობა გაეწია. “1 თვის მერე ვეღარ გავძელი” – ამბობს ხუციშვილი.

“ბოლო დღეს, როცა ლაშა დაიჭირეს, ორნი [პოლიციელები] იდგნენ სტადიონთან და მესამე იყო იმ ოთახში, სადაც წამალს ვხარშავდი – მაკონტროლებდა, რომ კიდევ არ გავპარულიყავი. მოხარშვის შემდეგ ლაშასთან ჩავედი. ამოვიყვანე და მერე დაიჭირეს ლაშა. კრაკადილზე [დეზომორფინზე] იყო საუბარი. ლაშას დაჭერის მერე მე შემოვივარდნენ სახლში, ისევ დამიჭირეს და 3 თვე მომისაჯეს”, – ამბობს ბესო ხუციშვილი.

“ეს არის სქემა, რომლის მიხედვითაც მუშაობდა და სავარაუდოდ ახლაც მუშაობს შსს” – ამბობს დათო ლაღიძე “თეთრი ხმაურის მოძრაობიდან”. მოძრაობის მიერ გავრცელებული განცხადებით, ბესო ხუციშვილი და ლაშა ბახუტაშვილი “სისტუმურ ძალადობასთან ბრძოლის მაგალითები არიან – მათ დაგვანახეს, თუ როგორ გვებრძვის, გვანადგურებს და გვიყენებს პოლიციური სისტემა ჩვენივე მეგობრების, ნათესავებისა და ახლობლების წინააღმდეგ”.

“[ბესო ხუციშვილის საქმეს] ჩვენ განვიხილავთ არა როგორც გამონაკლის შემთხვევას, არამედ როგორც სისტემურ დანაშაულს. შინაგან საქმეთა სამინისტრო თავისი ოფიცრებით ცდილობს, თავისი სტატისტიკის გაზრდის, კარიერული წარმატების მიზნით მსგავსი რაღაცები აკეთოს” – ამბობს “თეთრი ხმაურის მოძრაობის” აქტივისტი, დათო ლაღიძე, “ნეტგაზეთთან” საუბრისას. 

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” 30 მაისს საპროტესტო აქციას გამართავს საქართველოს მთავრობის კანცელარიასთან და არსებულ ნარკოპოლიტიკას გააპროტესტებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი