ახალი ამბები

იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი აღმოაჩინეს

25 მაისი, 2016 • 3814
იაკობ ნიკოლაძის მიერ შესრულებული ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი აღმოაჩინეს

იაკობ ნიკოლაძის სახელოსნოს სარდაფში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი აღმოაჩინეს, რომელიც იაკობ ნიკოლაძემ ცოცხალი მოდელისგან შექმნა.

პარლამენტის საარქივო განყოფილების უფროსი, ირაკლი იაკობაშვილი, რომელიც იკვლევდა ბიუსტის საკითხს, ამბობს, რომ გაზეთებში, ასევე ჟორდანიას ტომეულებში, არსებობდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძეს შეუკვეთეს ბიუსტი, ასევე შეიძინეს მარმარილოს ლოდი, რომლითაც ჟორდანიას ბიუსტი უნდა გამოეკვეთა.

იაკობაშვილის თქმით, ნიკოლაძემ 1921 წლის იანვარში დაასრულა მუშაობა და სწორედ ამ პერიოდს დაემთხვა საქართველოს საბჭოთა ოკუპაცია, რის შემდეგაც ბიუსტი აღარავის უნახავს.

იაკობ ნიკოლაძის სახელოსნო ამჟამად მისი შვილიშვილის, ასევე მოქანდაკის, გურამ ნიკოლაძის მფლობელობაშია. მისი გადმოცემით არის ორი ვარიანტი, თუ რა ბედი შეიძლება სწეოდა ბიუსტს: ერთი, რომ სახელოსნოში, მიწაში ჩაფლა ბიუსტი, ხოლო მეორეა – ნიკოლაძემ ის თავის მოწაფეს გაატანა.

“ვფიქრობდით, რომ გეომაგნიტური რადარით შეგვესწავლა სარდაფი და ენახათ, არის რამე თუ არა. ირაკლიმ [იაკობაშვილმა] სთხოვა ნიკოლაძის შვილიშვილს, რომ მაინც კარგად მოძებნე, შეიძლება რამე იყოს დარჩენილიო. გადაქექა და ნახა თაბაშირის ბიუსტი”, – ამბობს “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის” მკვლევარი ირაკლი  ხვადაგიანი, რომელიც ჩართული იყო ბიუსტის მოძიების პროცესში.

ხვადაგიანი ამბობს, რომ ამის პარალელურად, coub.com-ზე ნახა ეპიზოდი ფილმიდან “არაჩვეულებრივი გამოფენა”, სადაც პერსონაჟს, აგული ერისთავს ეუბნებიან, რომ შენ ცოცხალი ხარ თუ მკვდარი, არ იციან. ეს ეპიზოდი სასაფლაოს ფონზეა გადაღებული. 

“5-წამიანი “ქუბია”, ბრუნავს და უყურებ უფრო დიდხანს. რატომღაც ფონმა მიიქცია ყურადღება, დავაკვირდი ბიუსტს და აღმოჩნდა, რომ ეს იყო ნოე ჟორდანიას ბიუსტი, რეკვიზიტი ფილმის გადაღებისთვის”, – ამბობს ხვდაგიანი.

ხვადაგიანის თქმით, ეს არის კიდევ ერთი ვერსია ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტისა. მისი ვარაუდით, მოქანდაკემ ალბათ იცოდა, ვისი ბიუსტი იყო,  თუმცა ეს არ იცოდნენ არც გადამღებმა ჯგუფმა და არც რეჟისორმა, რადგან ძალიან საშიში იქნებოდა საბჭოთა ცენზურის არსებობის პირობებში კონტრევოლუციონერად და მტრად მიჩნეული ნოე ჟორდანიას ბიუსტის გამოჩენა ფილმში.

ხვალ, 26 მაისს, 13:00 საათზე იაკობ ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის ეზოში, ოგიუსტ როდენის ქუჩის 6 ნომერში ბიუსტის პრეზენტაცია გაიმართება. პრეზენტაციაზე იაკობ ნიკოლაძის შვილიშვილი გურამ ნიკოლაძე უფრო დეტალურად ისაუბრებს ნოე ჟორდანიას ბიუსტთან დაკავშირებულ ისტორიებზე.

ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი. ფოტო: ლაშა ბაქრაძე

ნოე ჟორდანიას თაბაშირის ბიუსტი. ფოტო: ლაშა ბაქრაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი