ახალი ამბები

აპატურაი: ვარშავაში საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოებას ჩაეყრება საფუძველი

25 მაისი, 2016 • 1370
აპატურაი: ვარშავაში საქართველოსთან პარტნიორობის გაფართოებას ჩაეყრება საფუძველი

24 მაისს საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციის ეს დღე მთლიანად ნატოს მიეძღვნა და მთავარი აქცენტი დაგეგმილ ვარშავის სამიტზე გაკეთდა. ნატოს ვარშავის სამიტი 2016 წელის 8-9 ივლისს გაიმართება.

კონფერენციას, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა, აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი,  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი, ნატოს ევროპული ძალების უმაღლესი მთავარსარდლის მოადგილე, გენერალ სერ ადრიან ბრედშოუ და სხვა უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

კონფერენციის მონაწილეებმა გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები განიხილეს და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებზეც ისაუბრეს.

დეიმონ უილსონის თქმით, აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია მის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მიაღწიოს. აშშ-ის ევროატლანტიკური საბჭოს ვიცეპრეზიდენტის თქმით, ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე მნიშვნელოვანი ქართველი ხალხის უცვლელი არჩევანი და მსოფლიოს აქტორების მხარდაჭერაა.

დეიმონ უილსონი და ჯეიმს აპატურაი

დეიმონ უილსონი და ჯეიმს აპატურაი

უილსონმა ვარშავის სამიტზეც ისაუბრა:

“ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საქართველოსთვის ვარშავის სამიტზე შეიძლება მოხდეს, ალიანსმა უნდა მიიღოს საუკეთესო სტრატეგია რუსეთის შესაკავებლად. როგორც ხედავთ, ალიანსი აღმოსავლეთით ძლიერდება და ეს არის ძალიან მკაფიო სიგნალი რუსეთისთვის, თავი შორს დაიჭიროს და კვლავ არ ჩაერიოს ევროპულ უსაფრთხოებაში. ყირიმის შემდეგ, ვფიქრობ, ალიანსი საქართველოში მეტად უნდა იყოს წარმოდგენილი,“ – განაცხადა აშშ-ის ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა დეიმონ უილსონმა.

პოზიტიურად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა ვარშავის სამიტზე კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ. მისი თქმით, ნატო დაგეგმილ სამიტზე საქართველოსთან დაკავშირებით ახალ ინიციატივებსა და იდეებს წამოაყენებს:

“ნატოს მომავალ სამიტზე ჩვენ საფუძველს ჩავუყრით საქართველოსთან პარტნიორობის კიდევ უფრო გაფართოებას, ასევე, დავეხმარებით საქართველოს, დამოუკიდებლად იზრუნოს საკუთარ უსაფრთხოებაზე და შეიტანოს საკუთარი წვლილი საერთაშორისო ოპერაციებში,” – თქვა  აპატურაიმ.დავით უსუფაშვილი

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენციაში მონაწილეობა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარემაც მიიღო. დავით უსუფაშვილმა კონფერენციის მიზნებსა და მნიშვნელობაზე ისაუბრა:

„ვსაუბრობთ, თუ როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ჩვენი თანამშრომლობა, როგორ იყოს საქართველო უფრო უსაფრთხო, მეტად დაცული და სანაცვლოდ საქართველოს რისი გაკეთება შეუძლია მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. ეს კონფერენცია კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენ ვსაუბრობთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, როგორც ვარშავის სამიტის გადაწყვეტილებების ნაწილში, ისე ამ პროცესის მიღმა და გარეთ. დღეს დასრულდა ძალიან მნიშვნელოვანი სამხედრო წვრთნა, რომლის მსგავსი ღონისძიებები საქართველოში კვლავაც ჩატარდება. ეს ყოველდღიურად მეტ თავდაცვასა და მეტ უსაფრთხოებას ნიშნავს ყველასთვის,“ – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მე-10 კონფერენცია

კონფერენციის მნიშვნელობა შეაჯამა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა. თინა ხიდაშელის თქმით, საქართველომ უნდა იამაყოს ალიანსში გაწევრიანების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებით. მისი თქმით, კონფერენციის დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობები და უსაფრთხოება, ასევე პარტნიორ ქვეყნებთან ორმხრივი თანამშრომლობა, კიდევ უფრო გაიზრდება.

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია, რომელიც ყოველწლიურად იმართება, ხვალ დასრულდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი