ახალი ამბები

“აუდიტორია 115” თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებს

24 მაისი, 2016 • 2113
“აუდიტორია 115” თვითმმართველობის გაუქმების მოთხოვნით სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებს

სტუდენტური მოძრაობა “აუდიტორია 115” სახელმწიფოს ულტიმატუმს უყენებს და ვადას ხვალ, 18 საათამდე აძლევს. სტუდენტური მოძრაობის წევრები სტუდენტური თვითმმართველობის გაუქმებას მოითხოვენ. მათი თქმით, დღეს, დაახლოებით 4 საათზე, სტუდენტური თვითმმართველობის 20-მდე წევრმა “აუდიტორია 115”-ის ერთ-ერთ წარმომადგენელს, ცოტნე ცხვედიანს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  მოძრაობის წევრების თქმით, დაუშვებელია უნვიერსიტეტში ისეთი სტრუქტურის არსებობა, რომლის წევრებიც განსხვავებული აზრის ჩასახშობად ძალადობრივ მეთოდებს მიმართავენ.

იმ შემთხვევაში, თუ სახელმწიფო მათ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, “აუდიტორია 115” სტუდენტთა მობილიზაციას გეგმავს. როგორც მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა – გიორგი არობელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა,  მათი მოთხოვნის დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, “აუდიტორია 115” დაიკავებს სტუდენტური თვითმმართველობის ოთახებს.

აუდიტორია 115-ის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მათ ერთ-ერთ წევრს, ცოტნე ცხვედიანს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 24.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

აუდიტორია 115-ის თქმით, სტუდენტური თვითმმართველობის წევრები მათ ერთ-ერთ წევრს, ცოტნე ცხვედიანს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს 24.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

“აუდიტორია 115”-ის წევრმა ნათია ქარჩილაძემ “ნეტგაზეთს” უთხრა, რომ დღეს, 24 მაისს, დაახლოებით 16 საათზე, ცხვედიანი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მიდიოდა, როდესაც მას დაუძახა თვითმმართველობის რამდენიმე წევრმა. ქარჩილაძის თქმით, ცხვედიანს ფიზიკურად შეეხნენ, რის შემდეგაც ცხვედიანთან თვითმმართველობის სხვა წევრებიც მივიდნენ. მათი რაოდენობა დაახლოებით 20-მდე იყო. ადგილზე მივიდა პოლიცია, თუმცა, ქარჩილაძის თქმით, პოლიციამ რეაგირების გარეშე დატოვა თსუ-ს პირველი კორპუსი.ნათია ქარჩილაძის თქმით, მათ ნანახი აქვთ კადრები, რომლებიც თსუ-ს კამერებმა დააფიქსირა და იციან იმ პირების ვინაობა, ვინც ცხვედიანს თავს დაესხა.

მომხდარის განსხვავებულ ვერსიას ყვება სტუდენტური თვითმმართველობის ყოფილი ვიცეპრეზიდენტი პაატა ბახტურიძე, რომელიც ინცინდენტის ერთ-ერთი მონაწილეა. ბახტურიძის თქმით, პროვოკაციების მოწყობას “აუდიტორია 115” ცდილობდა:

“ავრცელებენ შეურაცხმყოფელ პოსტებს, გინებას და ასე შემდეგ, პოსტებზე გვნიშნავენ და არის ერთი ამბავი, დღეს დილიდან არის ეს მობილიზება. სოცოალური ქსელის გარდა პირველ კორპუსში რამდენჯერმე შეგვხვდა ადამიანი 115-დან და კიდევ უცნობი პირები, რომლებიც პროვოკაციის მოწყობას ცდილობდნენ”- ამბობს ის

ბახტურიძის თქმით, ცხვედიანმა დაპირისპირება თავად გამოიწვია:

“ცოტნე ცხვედიანი ლიფტთან შეგვხვდა და აგრესიით გამოირჩეოდა. ლიფტისკენ მივდიოდი და არ მიმიქცევია ყურადღება, რომ გამოიარა. უცბად მოტრიალდა, გვერდიდან რაღაც მითხრა, არ ვიცი, და დასარტყმელად გამოიწია. ჩანს ეს კადრებში, როგორც მითხრეს. ინიცირება მისგან იყო. იქ შეიქმნა ქაოსი, რა თქმა უნდა, ზოგი 115-ელები მოცვივდნენ, ზოგი თვითმმართველობის წევრი, ზოგი დაცვის წევრი, ლექტორები. დაპირისპირება იყო, გაწევ-გამოწევა, თვითონ ცოტნემ რომ გამოიწია, ეგ იყო ერთი დასაწყისი, მერე სხვამაც გაიწია. მე ჩახუტებული მყავდა ცოტნე და ვეფარებოდი, ყველანაირად ვცდილობდი, იქ რაღაც არ მომხდარიყო. დაცვაც აწყნარებდა, რომ ხომ ხედავ, არ გირტყამენ, გაჩერდი, მაგრამ იგინებოდა და არ ჩერდებოდა. შემდეგ სხვა 115-ელებიც შემოუერთდნენ, იმათაც გინება ატეხეს და იყო ერთი ამბავი,”- ამბობს პაატა ბახტურიძე.

შესაძლო ცემის ფაქტს გამოეხმაურა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე 24.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

შესაძლო ცემის ფაქტს გამოეხმაურა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე 24.05.2016 ფოტო: ნეტგაზეთი/ლუკა პერტაია

მომხდარს გამოეხმაურა თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე.

“ეს იყო ყოველ მხრივ მიუღებელი საქციელი უნივერსიტეტის სტუდენტისთვის, საუნივერსიტეტო სივრცისთვის. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ყველანაირ გამოვლინებას,  განსაკუთრებით [მაშინ], როცა საქმე ეხება ახალგაზრდებს სტუდენტებს. გასაგებია, რომ საკმაოდ მძიმე ემოციური ფონი ჰქონდათ ამ სტუდენტებს, სანამ ამ ფაქტამდე მივიდოდნენ, მაგრამ არ უნდა დავუშვათ იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული პროვოკაციების თუ რაღაც წინასწარ განზრახული გამოწვევების საფუძველზე დავძაბოთ სიტუაცია.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, მომხდარს უნივერსიტეტის ეთიკის კომისია შეისწავლის, რომელიც მუშობას ხვალ დაიწყებს:

“ეთიკის კომისია [ჩვეულებრივ] სწავლობს იმ მასალას, რომელიც მას გადაეგზავნება. კომისია საქმის სიმძიმის მიხედვით მიიღებს გადაწყვეტილებას. ყველაზე მაღალი დისციპლინური ნორმის სახეობა შეიძლება იყოს საკითხის დასმა სტუდენტისთვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესაახებ” – განაცხადა დარეჯან თვალთვაძემ.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა უნივერსისტეტის სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებზეც ისაუბრა, რომელიც მომხდარს ასახავს:

“მე ვნახე ჩანაწერი, თუმცა, მართალი გითხრათ, ძალიან ძნელია გარჩევა ჩანაწერზე, რომელზეც ჩანს, არის მხოლოდ გამოსახულება, – ვიდეოთვალი ხმას არ იწერს. თავიდან მშვიდი სიტუაციაა, შემდეგ 2 სტუდენტი ხვდება ერთმანეთს და უცებ იწყება დაპირისპირება. შეიძლება 1-2 სტუდენტის ამოცნობა სახეზე შევძელი, მაგრამ ძირითადად იქ არის ისეთი კადრები, საკმაოდ შორიდან გადაღებული, სადაც სახის ამოცნობა რთულია. იქ არიან დაცვის თანამშრომლები, რომლებიც გასაშველებლად მოვიდნენ. იქ არიან სტუდენტები, რომლებიც უბრალოდ იქ იმ დროს აღმოჩნდნენ. პარალელურად მიმდინარეობდა ღონისძიება სააქტო დარბაზში და იქიდან გამოსული ხალხიც. არიან ადამიანებიც, რომლებმაც თავიდან ბიძგი მისცეს ამ უსიამოვნო ინციდენტს” – თქვა თვალთვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ პროცესები უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში არ გადაიზარდოს, რისი საფრთხეც რეალურად არსებობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი