ახალი ამბები

კიწმარიშვილი: “მაესტროსთვის” თანხის მოსაძიებლად პარტიებთან მქონდა მოლაპარაკება

2 დეკემბერი, 2011 • • 1142
კიწმარიშვილი: “მაესტროსთვის” თანხის მოსაძიებლად პარტიებთან მქონდა მოლაპარაკება
ეროსი კიწმარიშვილის თქმით, 2009 წლის ბოლოს, როდესაც საკუთარ თავზე აიღო ტელეკომპანია “მაესტროს” მართვა, თანხების მოსაზიდად მოლაპარაკებებს აწარმოებდა პოლიტიკური პარტიებთან.
“მე არასოდეს არ მინდოდა, რომ ეს ტელევიზია გამხდარიყო ვინმეს პოლიტიკური სურვილების გამომხატველი. ჩვენ ვთავაზობდით პოლიტიკურ ძალებს, რომლის ინიციატორი მათ შორის მე ვიყავი, რომ ტელევიზიის დახმარების სურვილი თუ ჰქონდათ, არა მარტო განცხადებები გაეკეთებინათ, არამედ თანხებიც მოეზიდათ”, – აცხადებს კიწმარიშვილი.
როგორც თავად ამბობს, 2009 წლის ბოლოს საკუთარი ინიციატივით კაფე “ბატონებში” მოაწყო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობდნენ: სალომე ზურაბიშვილი (პარტია “საქართველოს გზა”), ნინო ბურჯანაძე (“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო”), ირაკლი ალასანია (თავისუფალი–დემოკრატები), ლევან გაჩეჩილაძე.
“მათი დახმარებით მსურდა უცხოელი დონორები დამეინტერესებინა, თუმცა მათ არაფერი გაუკეთებიათ, გარდა იმისა, რომ მხოლოდ წერილს მოაწერეს ხელი,” – განაცხადა კიწმარიშვილმა დღეს ტელეკომპანია “მაესტორო”–ში გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, გრანტის მიღება მხოლოდ ამერიკული ორგანიზაცია “NED”-ისგან მოახერხა.
“რაც შეეხება “ქართულ პარტიასთან” კავშირს, ფინანსები არ მოდიოდა ამ პარტიიდან,” –განაცხადა კიწმარიშვილმა.
კიწმარიშვილი ამბობს, რომ მან ბოლო ორი წლის მანძილზე 4,5 მილიონი ლარი მოიზიდა ტელეკომპანია “მაესტროს” განვითარებისთვის.
“სხვათა შორის, 2009–2010 წელს გახსოვთ კონფლიქტი, როდესაც იყო ათასი ბრალდებები ჩემი მისამართით. ამ სიტუაციის ფინალი იყო წლევანდელი შემოდგომა. თვენახევრის წინ ძალიან კარგად გახსოვთ ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომლითაც პირველი დარტყმა მომაყენა მე და ტელეკომპანია
“მაესტროს” პირდაპირ შესთავაზა, რომ  ყველაფერს გააკეთებს ტელევიზიის გასაუმჯობესებლად.
თქვენ გახსოვთ ჩემი განცხადება, რომელიც გავაკეთე გადაცემა “სუბიექტურ აზრში”, იმასთან დაკავშირებით, რომ გადაჭარბებულია ჟურანლისტების ინტერესი იმ თემების მიმართ, რომელიც ეხება ბიძინა ივანიშვილს”, – აცხადებს ეროსი კიწმარიშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი