ახალი ამბები

კიწმარიშვილი: პრობლემები “მაესტროში” ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება

2 დეკემბერი, 2011 • 1204
კიწმარიშვილი: პრობლემები “მაესტროში” ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება

ეროსი კიწმარიშვილის თქმით, პრობლემა, რაც ტელეკომპანია “მაესტროში” შეიქმნა, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას უკავშირდება. მისივე ინფორმაციით, “მაესტროს” დამფუძნებლებსა და ივანიშვილს შორის შუამავლის ფუნქციას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი აწარმოებდა.

კიწმარიშვილი ამბობს, რომ “მაესტროს” ერთ–ერთი დამფუძნებელი მამუკა ღლონტი მოლაპარკებას ბიზნესმენ კოტე გოგელიასთანაც (“მაესტროს” კიდევ ერთი მფლობელის, მაკა ასათიანის მეუღლე და “ქართული პარტიის” ყოფილი წარმომადგენელი, რომელთანაც პარტიამ, რომელსაც საქართველოში ეროსი კიწმარიშვილი ხელმძღვანელობს,  კავშირი დაახლოებით სამი კვირის წინ შეწყვიტა) აწარმოებდა, რათა “მაესტროს” მართვიდან მოეცილებინათ კიწმარიშვილის კუთვნილი “რუსთავის მედიის მართვის კომპანია”, რომელსაც ტელეკომპანია მართვის უფლებით 2009 წლის ნოემბერში გადაეცა სამი წლის ვადით.

კიწმარიშვილი დღევანდელ პრესკონფერენციაზე გუშინდელ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც არხის დამფუძნებლების გადაწყვეტილებით “მაესტროს” მაუწყებლობა რადიო “მაესტროს” ოფისში გადავიდა:

“მე არ მინდოდა მძევლებად გადამექცია ჟურნალისტები და ამიტომაც არ შევაჩერე ისინი, როდესაც ვიდეო კამერები და აპარატურა თან წაიღეს.”

კიწმარიშვილი აცხადებს, რომ დღეს კომუნიკაციების მარეეგულირებელი კომისია განიხილავს მის წერილს იმასთან დაკავშირებით, რომ “მაესტრო” უკანანოდ აგრძელებს მაუწყებლობას და ამის მერე გადადგამს შემდეგ ნაბიჯებს. კიწმარიშვილი აცხადებს, რომ ის თავად აღადგენს “მაესტროს” მაუწყებლობას, თუმცა როგორ – არ დაუკონკრეტებია.

მასალების გადაბეჭდვის წესი