ახალი ამბები

ევროპის სახალხო პარტია კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმას გმობს

24 მაისი, 2016 • 1395
ევროპის სახალხო პარტია კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმას გმობს

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ჯოზეფ დოლი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ოპოზიციაზე თავდასხმას გმობს. ჯოზეფ დოლი კორცხელში მომხდარს განცხადებით გამოეხმაურა:

„კატეგორიულად ვგმობ ამ აღმაშფოთებელ, პოლიტიკურად მოტივირებულ ძალადობას სოფელ კორცხელში, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) ლიდერების და პარლამენტის წევრების მისამართით. ეს თავდასხმა  ოპოზიციური ენმ-ის მიმართ გავრცელებული ძალადობის კიდევ ერთი მაგალითია,“ – აცხადებს „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი და დაშავებულებს გამოჯანმრთელებას უსურვებს.

სამეგრელოში, სოფელ კორცხელის 53-ე საარჩევნო უბანზე 22 მაისს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. საარჩევნო უბანთან შეკრებილმა პირებმა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს: ნიკა მელიას, გიგა ბოკერიასა და კიდევ რამდენიმე წევრს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ენმ-ს განცხადებით, თავდამსხმელები იყვნენ “ქართული ოცნების” ე.წ. ზონდერჯგუფის წევრი სპორტსმენები. მათ რამდენიმე პირი ამოიცნეს. შსს საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით (ცემა) იძიებს, თუმცა ამ დრომდე არავინაა დაკავებული. 23 მაისს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაავალა იუსტიციის სამინისტროს კანონპროექტის მომზადება, რომლითაც გამკაცრდება არჩევბთან დაკავშირებით ძალადობაზე სანქციები. 24 მაისს იუსტიციის სამინისტრომ წარმოადგინა ცვლილებების პროექტი, რომლითაც საარჩევნო პროცესში ძალადობა, შესაძლოა, 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი გახდეს. ამ კანონპროექტს მთავრობის სხდომაზე 27 მაისს განიხილავენ.

„ოპოზიციის დევნა და დაშინება აბსოლუტურად მიუღებელია და არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. ოპოზიციის ოფისებზე წინა თავდასხმაში მონაწილეები ჯერ არ დაუსჯიათ. საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა გამოიძიოს ინციდენტები და დამნაშავეები სასამართლოს გადასცეს. დაუსჯელობას ადგილი არ უნდა ჰქონდეს“ – წერს ჯოზეფ დოლი.

განცხადების მიხედვით, „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი შეშფოთებულია „მართლმაჯულების სისტემასა და პრესის თავისუფლებაზე თავდასხმებისა და სისტემური ძალადობის გახშირების“ გამო. მისი რეკომენდაციით, „მთავრობამ უნდა განამტკიცოს დემოკრატიული პრინციპები და კანონის უზენაესობა. ახლანდელი მოქმედებები არა მხოლოდ არღვევს საერთაშორისო სტანდარტებსა და კანონის უზენაესობას, არამედ საფრთხეს უქმნის როგორც საარჩევნო გარემოს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, ასევე, საქართველოს გზას ევროპული ინტეგრაციისაკენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი