ახალი ამბები

საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში კულტურის როლის კვლევა დაიწყო

24 მაისი, 2016 • 1600
საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში კულტურის როლის კვლევა დაიწყო

საქართველოში დაიწყო კვლევის – “კულტურის ინდიკატორები განვითარებისთვის” განხორციელება, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იქნება კულტურის როლის განსაზღვრა ეკონომიკის განვითარებაში. კვლევა, რომელიც დეკემბრამდე გაგრძელდება, კულტურის სფეროში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის, წარმოაჩენს ციფრებს, რომლებიც განსაზღვრავს კულტურის სფეროს პოტენციალს ეკონომიკური განვითარებისთვის.

კულტურის მინისტრ მიხეილ გიორგაძის თქმით, კვლევის შედეგად დაიდება მკაფიოდ გაზომვადი მონაცემები, რაც კულტურის როლს წარმოაჩენს.

“ყველას დავარწმუნებთ, რომ კულტურა არ არის ფუფუნება, რომ კულტურას ნამდვილად შეუძლია კონკრეტული ეკონომიკური და სოციალური ამოცანების გადაწყვეტა”, – განაცხადა მინისტრმა დღეს, 24 მაისს, კულტურის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მიხეილ გიორგაძის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ კვლევა უკავშირდება კულტურის სტრატეგიის დამტკიცების ეტაპს და სწორედ მომავალი პოლიტიკის დაგეგმვაში დაეხმარება სამინისტროს.

კვლევაში ჩართული საერთაშორისო ექსპერტის, ლევან ხეთაგურის განმარტებით, ასეთი კვლევები ყველა ქვეყანას სჭირდება იმისთვის, რომ მთავრობა, კერძო სექტორი, დონორები, დაარწმუნონ კულტურაში ფულის ჩასადებად.

“იმიტომ, რომ თქვენ ასაბუთებთ, რომ კულტურის სუბსიდირება არ არის ფულის გადაყრა, ეს არის დაბრუნება. ჩვენ ვიკვლევთ, რა დაბრუნდა. მაგალითად, თქვენ ფესტივალში იხდით მილიონს და კითხულობთ, რატომ იხდით ფესტივალში მილიონს? ჩვენ გპასუხობთ, რომ თქვენ მილიონი კი გადაიხადეთ, მაგრამ ფესტივალის განმავლობაში 2 მილიონი შემოგივიდათ ავიარეისებზე გაყიდული ბილეთებით, მილიონი შემოგივიდათ სასტუმროებზე გაყიდული ბილეთებით, მილიონი შემოგივიდათ კვების ობიექტებიდან, ამ პერიოდში გაიზარდა გაყიდვები ქალაქის სექტორში”, – ამბობს ლევან ხეთაგური.

ხეთაგურის თქმით, ეს არ გამოიწვევს იმას, რომ ის სფეროები, რომლებიც შეიძლება არ იყოს მომგებიანი, უმნიშვნელოდ შეფასდეს. ექსპერტის თქმით, ამას უკვე სახელმწიფოს კულტურის პოლიტიკა დაარეგულირებს.

მისი თქმით, ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ამ პროცესში საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს. ხეთაგურის თქმით, საქსტატს ჰყავს კვალიფიციური თანამშრომლები, რომ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღონ კვლევების საფუძელზე, თუმცა არ აქვთ საკმარისი დაფინანსება, რომ კითხვარი იყოს უფრო ვრცელი და მოიცავდეს იმ საკითხებს, რაც კულტურის პოლიტიკის მკვლევარებს აინტერესებთ: მაგალითად, უცნობია, თუ რამდენს ხარჯავს ოჯახი კულტურულ ღონისძიებებზე, ან რამდენი ადამიანია დასაქმებული კულტურულ დაწესებულებებსა და ორგანიზაციებში.

კვლევის მიზანია მოაგროვოს სტატისტიკური მონაცემები 7 ძირითადი მიმართულებით: ეკონომიკა, განათლება, მმართველობა, სოციალური, ჩართულობა, გენდერული თანასწორობა, კომუნიკაცია და მემკვიდრეობა. თუმცა ეს 7 მიმართულება კიდევ 22 კატეგორიითაა ჩაშლილი.

აღნიშნული კვლევის მეთოდოლოგია ზოგადია და “იუნესკოს” სპეციალისტების მიერააა შემუშავებული, თუმცა შესაძლებელია ეს ინდიკატორები შეიცვალოს მას შემდეგ, რაც საქართველოს მდგომარეობას შეისწავლიან.

საერთაშორისო ექსპერტი საიმონ ელისი განმარტავს, რომ კულტურა განიხილება ეკონომიკის მამოძრავებელ ძალად და მოაქვს სიახლე, რაც სხვა სფეროებს არ შეუძლიათ, ამიტომ უნდა შეფასდეს, რა როლს შეიტანს კულტურა საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებაში.

რაც შეეხება განათლებას, მისი საშუალებით კულტურა გადაეცემა ერთი ადამიანიდან მეორეს. სკოლებში და სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადამიანები სწავლობენ კულტურის ახსნას და გაგებას. ახალგაზრდობა იგებს თავისი იდენტობისა და კულტურის შესახებ.

მართვის ნაწილი მოიცავს კანონების, პრინციპებისა და ადმინისტრირების ერთობლიობას. ის ხელს უწყობს კულტურის განვითარებას რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

“მნიშვნელოვანია გავიგოთ მისი სტრუქტურა, რომელიც დაგვეხმარება პრიორიტეტების დადგენაში”, – ამბობს ელისი.

სოციალური ჩართულობა აფასებს  მონაწილეობას კულტურულ პროცესებში, გენდერული თანასწორობა  კი სწავლობს, გენდერულ ჭრილში როგორ არიან ქალები და კაცები ჩართული კულტურულ ცხოვრებაში. ასევე საინტერესოა ასაკობრივი მახასიათებლები, – ამბობს ელისი.

კომუნიკაციის ასპექტი განიხილავს, თუ რა გზებით იღებენ ადამიანები ინფორმაციას კულტურასთან დაკავშირებულ ინფორმაციას – ტელევიზიით, გაზეთით, რადიოთი თუ ინტერნეტით.

სისტემის ბოლო ნაწილია მემკვიდრეობა, რაც ასოცირდება  წარსულთან, მუზეუმებთან. ელისის აზრით, ის მნიშვნელოვანია მომავლისთვის, რადგანაც ყველა ის ადგილი, საგანი, სამოსი, მუსიკა შეადგენს ახალი პროდუქტის საფუძველს, რომელიც ეყრდნობა წინა თაობების პრინციპებს და ტრადიციებს.

ხეთაგურის თქმით, 5 წლის წინ ევროკავშირმა გადახედა თავის დამოკიდებულებას კულტურის მიმართ და დაადგინა, რომ კულტურა არის არა სუბსიდირების, არამედ ინვესტირების სფერო, შესაბამისად, კვლევის შედეგად ჩვენ შეიძლება მოვიზიდოთ საერთაშრისო ორგანიზაციები, მოხდეს კულტურის სფეროს დაფინანასება არა სუბსიდირების, არამედ ინვესტირების კუთხით.

ამ კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შემოქმედებითი ინდუსტრიები, რომლებსაც წვლილი შეაქვთ კულტურის ეკონომიკურ მდგრადობაში.

რაგნარ სიილი, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის კულტურისა და შემოქმედებითობის პროგრამის მონაწილე ექსპერტი განმარტავს, რომ არ არსებობს ერთი განმარტება შემოქმედებითი ინდუსტრიების.

რაგნარ სიილი ამბობს, რომ, მაგალითად, ბეჭდვა არ არის შემოქმედებითი ინდუსტრია, როგორც ასეთი, თუმცა წიგნის ბეჭდვა შემოქმედებით ინდუსტრიად მიიჩნევა.

მან გაიხსენა ესტონეთის კულტურის სამინისტროში მუშაობის დროს მიღებული გამოცდილება, როდესაც 2005 წელს სამინისტრომ დაიწყო მუშაობა კულტურული ინდუსტრიებისთვის ფინანსების მოძიებაზე, თუმცა ძალიან რთული იყო დაერწმუნებინა მთავრობა მათ სარგებლიანობაზე, რადგან არ არსებობდა მონაცემები, საფუძვლიანი დასაბუთება, რომელიც დაარწმუნებდა მთავრობას ამ წამოწყების პერსპექტიულობაში.

რაგნარ სიილი ამბობს, რომ ამის შემდეგ მათ დაიწყეს მონაცემების შეგროვება და აღწერა დასაბუთების მოგროვებისთვის, შექმნეს სასათბურე პირობები შემოქმედებითი ინდუსტრიებისთვის, ჩაატარეს ტრენინგები, ძველი შენობები გადააქციეს შემოქმედებით ცენტრებად. შედეგად, დღეს ესტონეთში რეგისტრირებული ბიზნესების 12% სწორედ შემოქმედებითი ინდუსტრიებია და ისინი მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდშიც ვითარდებოდნენ.

რაგნარ სიილის თქმით, ეს ის შემთხვევებია, როდესაც მხოლოდ შინაგანი განცდებით არ უნდა ესაუბრო მთავრობას ან დონორს, არამედ დასაბუთებული მტკიცებულებებით.

აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურის პროგრამის ინიციატივით, კულტურის ინდიკატორების კვლევის მეთოდოლოგიის დანერგვა დაიწყო როგორც საქართველოში, ასევე, უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანსა და ბელორუსში. ამ პროცესში უკვე ჩართულია მოლდოვა. საქართველოში პროექტი – „კულტურის ინდიკატორები განვითარებისათვის“ ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის კულტურისა და კრეატიულობის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

2016 წლის ბოლოს, პროექტის დასრულებისას, საქართველოში გამოვლენილი შედეგები წარედგინება იუნესკოს და განხლვის შემდეგ განთავსდება იუნესკოს მონაცემთა ბაზაში, იმ სხვა ქვეყნებთან ერთად, რომლებსაც მონაწილეობა აქვთ მიღებული პროგრამაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი