ახალი ამბებისამართალი

“კაბელების საქმის” ადვოკატი პროკურატურის წინააღმდეგ მტკიცებულებას ასაჯაროებს

24 მაისი, 2016 • 1729
“კაბელების საქმის” ადვოკატი პროკურატურის წინააღმდეგ მტკიცებულებას ასაჯაროებს

თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმის (“კაბელების საქმე”) ადვოკატი ლევან სამუშია აცხადებს, რომ ტყუილია პროკურატურის მტკიცება, თითქოს “სპეცკავშირმშენმა” თავდაცვის სამინისტროს ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის უფასოდ მიყვანა შესთავაზა.

ლევან სამუშიამ ამის შესახებ დღეს, 24 მარტს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მანვე წარმოადგინა მტკიცებულება, რომელიც, მისივე თქმით, ამტკიცებს, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის “სპეცკავშირმშენს” ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანის შესახებ ოფიციალურად არ მიუმართავს.

16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ სახელმწიფოს კუთვნილი თანხის გაფლანგვაში ბრალდებულ თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს – გიზო ღლონტს, ნუგზარ კაიშაურს, გიორგი ლობჟანიძეს, არჩილ ალავიძესა და დავით წიფურიას 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

პროკურატურა თავდაცვის სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს 2013 წელს კოჯორი-ახალციხე-ბათუმის  მიმართულებით ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მიყვანისთვის გამოცხადებულ ტენდერში “სილქნეტისთვის” უპირატესობის უკანონოდ მინიჭებას და მის სასარგებლოდ 4 მილიონ ლარზე მეტის გაფლანგვას ედავება.

დღეს გამართულ ბრიფინგზე ლევან სამუშიამ ამ საქმის პრკურორის, ნინო აღლემაშვილის მიერ 21 მაისს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებას უპასუხა.

აღლემაშვილმა განაცხადა, რომ “სპეცკავშირმშენმა” ჯერ კიდევ სახელმწიფო შესყიდვების გამოცხადებამდე რამდენიმე თვით ადრე თავდაცვის სამინისტროს შესთავაზა არა მხოლოდ სამხრეთის, არამედ ყველა მიმართულებით, ოპტიკურ-ბოჭჯოვან საკაბელო მაგსიტრალში წვერების უფასოდ გადაცემა.

“ამის დამადასტურებელი არის უშუალოდ მინისტრის სახელზე გაკეთებული განცხადება. “სპეცკავშირმშენმა” პირდაპირ მიმართა მინისტრს და არა მხოლოდ მინისტრს, პირდაპირ შეხვდა პარლამენტის უშიშროების და თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელს, ირაკლი სესიაშვილის და ირაკლი სესიაშვილის ხელმძღვანელობით შევხვედრა მოეწყო თავდაცვის სამინისტროში…  პირდაპირ ამ ადამიანის უფასო შეთავაზებებთან დაკავშირებით, ვგულისხმობ “სპეცკავშირმშენის” კომპანიის დირექტორს, ავთანდილ ჭოლოკავას, მისი ოფიციალური განცხადება დევს საქმეში, რომელიც არის დათარიღებული 2013 წლის 15 ივლისით,”- განაცხადა ნინო აღლემაშვილმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ მიმართა “სპეცკავშირმშენმა” საკაბელო მაგისტრალში არსებული წვერების უფასოდ გადაცემის შესახებ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წერილით, აღლემაშვილმა განაცხადა, რომ მიმართა და ეს დარეგისტრირებულია.

ლევან სამუშია კი აცხადებს, რომ “სპეცკავშირმშენს” თავდაცვის სამინისტროსთვის არასოდეს მიუმართავს ოფიციალური წერილით მაგისტრალში არსებული წვერების უფასოდ დათმობის შესახებ.

სამუშიამ წარმოადგინა წერილი, სადაც თავდაცვის სამინისტროს საქმისწარმოების დეპარტამანტის უფროსი აუდიტის სამსახურს სწერს, რომ 2013 წლის 8 ივლისს “სპეცკავშირმშენის” წერილი თავდცვის მინისტრის სახელზე შემოსული და რეგისტრირებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ პროკურორი აღლემაშვილი საუბრობს 2013 წლის 15 ივლისით დათარიღებული წერილზე, ხოლო წარმოდგენილ დოკუმენტში ჭოლკავას წერილი 2013 წლის 8 ივლისით არის დათარიღებული. ამას ლევან სამუშია ხსნის იმით, რომ პროკურორს პირდაპირ ეთერში თარიღი შეეშალა.

რაც შეეხება თავად წერილს, სამუშიას მიერ წარმოდგენლი დოკუმენტების თანახმად, წერილი, სადაც “კაბელების საქმეზე” მოწმე, “სპეცკავშირმშენის” დირექტორი ავთანდილ ჭოლოკავა ირაკლი ალასანიას სთავაზობს უფასო მომსახურებას, ჭოლოკავამ თავად წარუდგინა გამომძიებელს.

“ეს წერილი ჭოლოკავას კომპიუტერში ინახებოდა. ამ კომპიუტერიდან იქნა ამობეჭდილი და გამოძიებისთვის გადაცემული. თავდაცვის სამინისტრო მსგავსი შეთავაზების შესახებ არაფერი იცოდა. ოფიციალური მიმართვა დარეგისტრირებული არ არის,”- აცხადებს სამუშია.

ის, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის შეთავაზების წერილი ოფიციალურად არ ჩაუბარებიათ, სასამართლო პროცესზე “სპეცკავშირმშენის” წარმომადგენელმა, გურია შენგელიამაც დაადასტურა. შენგელიას ჩვენებით, ავთანდილ ჭოლოკავამ მას უთხრა, რომ სესიაშვილთან ერთად [რომელსაც იდეა მოეწონა] თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიას შეხვდა და ეს ინიციატივა პირადად გააცნო, ასევე იდეა დაუტოვა წერილობითი ფორმითაც.

ლევან სამუშიას თქმით, შეხვედრა თავდაცვის სამინისტროში მართლაც შედგა, თუმცა ამას ოფიციალური მიმართვა არ მოჰყოლია.

” ის [ჭოლოკავა] მივიდა რაღაც “გუგლიდან” ამობეჭდილი რუკით და უთხრეს, რომ თუ რამე იდეა გაქვს, მოდი და მოგვმართე, რომ განვიხილოთო,”- განაცხადა ლევან სამუშიამ.

რაც შეეხება საკითხს, თუ რა თანხა მოითხოვა სპეცკავშირმშენმა  2013 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით, როგორც პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, ეს იყო 12 886 026 ლარი. ამავე დოკუმენტის თანახმად, “დელტაკომმა” მოითხოვა 10 464 982 ლარი, ხოლო”სილქნეტმა” – 5 500 000 ლარი.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი