ახალი ამბები

კანონპროექტი ახალგაზრდა მეცნიერების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად

24 მაისი, 2016 • 1087
კანონპროექტი ახალგაზრდა მეცნიერების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის უზრუნველსაყოფად

დღეს, 24 მაისს თბილისში, პარლამენტის ბალანსზე არსებულ შენობაში დეპუტატები ივანე კიღურაძის საკანონმდებლო ინიციატივასს განიხილავენ, რომლის მიზანი ნიჭიერი ახალგაზრდა მეცნიერების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის უზრუნველყოფა და  ამ მეცნიერების საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საქმიანობაში ჩართვაა. კანონპროექტის მიზანს ასევე წარმოადგენს აკადემიის სტატუსის, აკადემიის ადმინისტრაციული პერსონალის სამართლებრივი მდგომარეობისა და მართვის ორგანოების უფლებამოსილების მკაფიოდ განსაზღვრა.

,,მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ მომზადებული კანონპროექტი ითვალისწინებს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ გრძელვადიანი (5-წლიანი) სამეცნიერო სტიპენდიების დაწესებას და წევრ-კორესპონდენტთა ინსტიტუტის სტიპენდიანტთა ინსტიტუტით ეტაპობრივ ჩანაცვლებას. წევრ-კორესპონდენტთა და სტიპენდიანტთა საერთო რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 40-ს:

“კანონის ამოქმედების შემდეგ შესაძლებელი იქნება 9 სტიპენდიანტის არჩევა, (რადგან ამჟამად აკადემიაში ირიცხება 31 წევრ-კორესპონდენტი). მოქმედი კანონის მიხედვით წევრ-კორესპონდენტების არჩევა აღარ ხდება და მომავალში გამოკლებულ წევრ-კორესპონდენტთა ხარჯზე სათანადოდ გაიზრდება აკადემიის სტიპენდიანტთა რაოდენობა. აკადემიის სტიპენდიანტად შეიძლება არჩეულ იქნას დოქტორის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის პირი, რომელიც არის საერთაშორისო დონეზე აღიარებული სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. აკადემიის სტიპენდიანტად არჩევის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 50 წელს, იგი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და მოღვაწეობდეს საქართველოში. სტიპენდიანტი აირჩევა 5 წლის ვადით. ერთი და იმავე პირის სტიპენდიანტად არჩევა შეიძლება მხოლოდ ორჯერ. სტიპენდიანტს ენიშნება ანაზღაურება თვეში არანაკლებ 1000 ლარის ოდენობით,” – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

კანონპროექტის თანახმად, აკადემიის ნამდვილი წევრის, წევრ-კორესპონდენტის და სტიპენდიანტის დანიშნულ ანაზღაურებათა უზრუნველსაყოფად საჭირო თანხა გაიცემა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია. წარმოდგენილი კანონპროექტის კიდევ ერთი  სიახლე არის ის, რომ საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაზე, როგორც წევრობაზე დაფუძნებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე, სახელმწიფო კონტროლის განხორციელება ეკისრება საქართველოს მთავრობას (და არა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, როგორც ამას ითვალისწინებს მოქმედი კანონი).

კანონპროექტის თანახმად, აკადემიას შეიძლება ჰყავდეს მხოლოდ ერთი ვიცეპრეზიდენტი. როგორც პრეზიდენტის, ისე ვიცეპრეზიდენტის თანამდებობა მიჩნეულია ადმინისტრაციულ თანამდებობად. ამასთან, აკადემიაში ადმინისტრაციულ თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას აკადემიის ნამდვილი წევრი, რომლის ასაკი არ აღემატება 70 წელს.

პროექტით იცვლება აკადემიის მართვის ორგანოს სახელწოდება, რომელიც საერთო კრებებს შორის ხელმძღვანელობს აკადემიის საქმიანობას. ამ ორგანოს, ნაცვლად „აკადემიური საბჭოსი“, დაერქმევა „აკადემიის პრეზიდიუმი“.

მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტში დაფიქსირებულია, რომ აკადემიის ძირითადი სტრუქტურული ერთეულია აკადემიის სამეცნიერო განყოფილება, რომელიც აერთიანებს შესაბამისი სამეცნიერო პროფილის აკადემიიის ნამდვილ წევრებს, წევრ- კორესპონდენტებსა და სტიპენდიანტებს. დაფიქსირებულია აგრეთვე, რომ განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების აკადემიკოს-მდივანი. მოქმედი კანონისაგან განსხვავებით, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ  საპატიო აკადემიკოსი და აკადემიის უცხოელი წევრი საერთო კრების მიერ იქნას არჩეული (და არა დამტკიცებული); ამასთან,  აკადემიის ნამდვილ წევრად ასარჩევი პირი მეცნიერულ მოღვაწეობას უნდა ეწეოდეს საქართველოში.

კანონპროექტს 12:00 საათზე განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტი პირველი მოსმენით განიხილავს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი