ახალი ამბები

ომბუდსმენი “მაესტროსთან” დაკავშირებულ დავაში არ ერევა

1 დეკემბერი, 2011 • • 1080
ომბუდსმენი “მაესტროსთან” დაკავშირებულ დავაში არ ერევა
“სახალხო დამცველი ვერ ჩაერევა ტელეკოპანია “მაესტროს” შიდა საქმეებში. ეს არის კერძო კომპანია და არის შიდა პრობლემა. ამიტომ თავად უნდა მოაგვარონ ეს საკითხი,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” სახალხო დამცველის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო ერემაშვილმა.
“დამატებით ამ საკითხზე ვერანაირ კომენტარს ვერ გავაკეთებ. ეს არის შიდა უწყებრივი დავა. თქვენ თუ ჩახედავთ სახალხო დამცველის შესახებ ორგანულ კანონს, ძალიან კარგად მიხვდებით, რამდენად შედის ეს ჩვენს კომპეტენციაში. ჩვენ ვმოქმედებთ ყოველთვის კანონიდან გამომდინარე,” – აღნიშნავს ერემაშვილი.  

საქართველოს ორგანული კანონი სახალხო დამცველის შესახებ მე-3 თავის მე-13 მუხლში აღნიშნულია, საქართველოს სახალხო დამცველი განიხილავს საქართველოს მოქალაქეთა, უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა, აგრეთვე კერძო სამართლის იურიდიულ პირთა, პოლიტიკურ და რელიგიურ გაერთიანებათა განცხადებებსა და საჩივრებს, რომლებიც ეხება სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა, საჯარო დაწესებულებათა და თანამდებობის პირთა ქმედებებს ან აქტებს საქართველოს კონსტიტუციითა და კანონით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა, აგრეთვე იმ საერთაშორისო ხელშეკრულებათა და შეთანხმებებით დადგენილ უფლებათა და თავისუფლებათა დარღვევის შესახებ, რომელთა მონაწილეც არის საქართველო.

შეგახსენებთ, რომ “მაესტროს” დამფუძნებლებსა და  მმართველი კომპანიის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილს შორის დაპირისპირება გუშინ დილით დაიწყო. . ამ წუთებში მოდავე მხარეები მოლაპარაკებებს მართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი