ახალი ამბები

„პრესის ასოციაციის“ და ქონების მართვის სააგენტოს უშედეგო მოლაპარაკება

1 დეკემბერი, 2011 • 1156
„პრესის ასოციაციის“ და  ქონების მართვის სააგენტოს უშედეგო მოლაპარაკება

უშედეგოდ დასრულდა თბილისის საკრებულოში ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ გაფართოებული სხდომა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია  „პრესის ასოციაციის“ წევრები   და მერიის ქონების მართვის წარმომადგენელი ესწრებოდნენ.

საკრებულოს ფრაქცია „პრესის ჯიხურების“ თემასთან დაკავშირებით შეიკრიბა. ფრაქციის მდივნის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ეს საკითხი მისი ფრაქციისთვის პრინციპული მნიშვნელობისაა, რადგან ის დემოკრატიის უმთავრეს მონაპოვარს სიტყვის თავისუფლებას და პრესის დაუბრკოლებლად მუშაობას ეხება.

ფრაქციის სხდომაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „პრესის ასოციაციის“ წარმომადგენელმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა, რომ დედაქალაქის მერია ბეჭდურ მედიას მიზანმიმართულად უპირისპირდება და მისი გავრცელების უფლებას ზღუდავს.

„პრესის ასოციაციის“ წარმომადგენელი მერიის ქონების მართვის სამსახურს თხოვს, რომ პრესისთვის აუქციონზე იჯარით გასაცემი ლოტები ცალკე გაიტანოს და ამ აუქციონში მხოლოდ მედიის გავრცელების სააგენტოს წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

„ამ შემთხვევაში კონკურენცია ჯანსაღი იქნება და ჯიხურები მისაღებ ფასად გაიყიდება,“– აცხადებს ჩაფიძე.

მერიის ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლის თამარ მთიშვილის განმარტებით, მერია შეღავათებს ვერც ერთი კომპანიისთვის ვერ დააწესებს: „ბაზარი ჯანსაღი კონკურენციის საფუძველზე უნდა განვითარდეს, იჯარით ჯიხურს მიიღებს ის კომპანია თუ ფიზიკური პირი, რომელიც მეტს გადაიხდის,“– აცხადებს თამარ მთიშვილი.

საკრებულოს ფრაქცია „ქრისტიან დემოკრატების“ მდივნის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ევროპის ქალაქებში პრესის გავრცელებას მუნიციპალური სერვისის სტატუსი აქვს: „კერძოდ, პარიზის და ლონდონის მუნიციპალიტეტებს გამოყოფილი აქვთ პრესტიჟული ადგილები, სადაც გაზეთები იყიდება,“– ამბობს გაბუნია.

„პრესის ასოციაციის“ წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით, დედაქალაქის მერია „შაურმას, ცოცხს და გაზეთს შორის განსხვავებას ვერ ხედავს. ამიტომ საკუთარი უფლებების დასაცავად პრესის წარმომადგენლები დიპლომატიურ კორპუსს შეხვდებიან და თავისი უფლებების დაცვას ამ ფორმით შეეცდებიან,“  – აცხადებს ჩაფიძე.

მერიის ქონების მართვის სააგენტომ  მცირე ბიზნესის  მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში  ჯიხურების იჯარით გაცემაზე 19 ოქტომბერს გამოცხადებული პირველი აუქციონი  7 ნოემბერს ჩაატარა. 2011 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, მერიის ქონების მართვის სააგენტომ უკვე გამართულ 8 აუქციონზე 400 ლოტი გაიტანა. ამ დროისათვის აუქციონის წესით განაცხადი 125 ლოტზე გაკეთდა, ხოლო 275 ლოტით არავინ დაინტერესებულა. აუქციონზე დაფიქსირდა შემდეგი თანხები: 1050, 1100, 1551, 1800, 2100, 4600, 5200, 9700, 10000, 10200, 10500, 12050, 12500, 19000, 22000, 25050, 36000 ლარი.

ამავე თემაზე:

სოლიდარობის აქცია – “მე ვკითხულობ პრესას”

პოლიტიკური პარტიების სოლიდარობა ბეჭდურ მედიას

”საია” პრესის ჯიხურების საკითხზე გამართულ აქციას შეუერთდება

მედია „ჯიხურების აუქციონს“ აპროტესტებს

ივანიშვილი პრესის გამომცემლებს ეპატიჟება

“ერთად სიტყვის თავისუფლების დასაცავად!”

კოალიცია ”მედიის ადვოკატირებისათვის” სოლიდარობას უცხადებს ბეჭდურ მედიას

მასალების გადაბეჭდვის წესი