ახალი ამბები

საია თანახმაა, “მაესტროს” მოდავე მხარეებს მოსალაპარაკებლად ოფისი დაუთმოს

1 დეკემბერი, 2011 • • 1115
საია თანახმაა, “მაესტროს”  მოდავე მხარეებს მოსალაპარაკებლად ოფისი დაუთმოს
საია თანახმაა, ტელეკომპანია “მაესტროს” მმართველ მოდავე მხარეებს მოლაპარაკებების საწარმოებლად ნეიტრალური ფართი – საიას ოფისი შესთავაზოს.

აღნიშნულის შესახებ “ნეტგაზეთს” ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა ფოფხაძემ განუცხადა.

“ჩვენ ვერც ერთი მხარის ადვოკატი ცალ–ცალკე არ ვიქნებით. ჩვენ მხოლოდ თანახმა ვართ იმაზე, რომ ორივე მხარეს დავეხმაროთ იმაში, რომ შევასრულოთ მედიატორის როლი და არსებული დაძაბული ვითარება განვმუხტოთ.

თუმცა ამ საკითხზე ჩვენ არც ერთი მხარე– არც კიწმარიშვილისა და არც მამუკა ღლონტის–პირადად არ დაგვკავშირებიან ამ თხოვნით. ერთადერთი ჩვენ დაგვიკავშირდა მედია–კოალიციის წარმომადგენლები, რომლებმაც გვითხრეს, თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ გამოვიდნენ იმ შენობიდან და სადმე ნეიტრალურ ტერიტორიაზე აწარმოონ მოლაპარაკებები, მზად ხართ თუ არა, რომ თქვენ დაუთმოთ თქვენი ფართი და ეს მოხდეს თქვენს ორგანიზაციაშიო. ჩვენ ამას დავთანხმდით,” – განაცხადა ფოფხაძემ.

“მაესტროს” დამფუძნებელ ლევან ჩიკვაიძესა და მმართველი კომპანიის მფლობელ ეროსი კიწმარიშვილს შორის მოლაპარაკება ორი საათის მანძილზე მიმდინარეობდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჩიკვაიძემ განაცხადა, რომ გარკვეულ საკითხზე შეთანხმება უკვე მოხდა.

მისი თქმით, ის და ეროსი კიწმარიშვილი შეთანხმდნენ, რომ შეიძლება ტელევიზიის მართავში მეთვალყურის სახით შემოიყვანონ მედიატორი და ასევე, შეთანხმდნენ იმაზე, რომ მოლპარაკება უნდა დაიწყოს და ეს უნდა მოხდეს ტელეკომპანიის გარეთ, ნეიტრალურ ტერრიტორიაზე.

როგორც ჩიკვაიძემ თქვა, კიწმარიშვილი და “მაესტროს” დამფუძნებლები სავარაუდო მედიატორად და ნეიტრალურ ტერიტორიად განიხილავენ “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”, იმიტომ, რომ, მისი თქმით, ძირითადად, მოსაგვარებელია იურიდიული საკითხები და ორივე მხარე ენდობა ამ ორგანიზაციას.

მასალების გადაბეჭდვის წესი