ახალი ამბები

“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდში არჩევნების შედეგი საოლქო კომისიაში გაასაჩივრა

23 მაისი, 2016 • 2564
“ქართულმა ოცნებამ” ზუგდიდში არჩევნების შედეგი საოლქო კომისიაში გაასაჩივრა

ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების ზუგდიდის #67.15 მაჟორიტარული ოლქის შედეგები “ქართულმა ოცნებამ” საოლქო კომისიაში გაასაჩივრა.

“მომჩივანი ითხოვს ზუგდიდის #67-ე საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე საუბნო საარჩევნო  კომისიებში  გამოყენებული ბიულეტენების ხელახლა გადათვლას, ასევე ითხოვს, რომ ბათილად ცნოს ან გადაისინჯოს 53-ე და 54-ე უბნების კენჭისყრის შედეგები და შემდეგი მოთხოვნა აქვს, რომ ბათილად იცნოს ან შეიცვალოს ზუგდიდის საარჩევნო ოლქის 53-ე და 54-ე უბნების კომისიების  კენჭისყრის შემაჯამბელი ოქმების შედეგები შემოწმების ან/და გადათვლის შედეგების შესაბამისად”, – განუცხადა ნეტგაზეთს ცესკოს სპიკერმა ანა მიქელაძემ.

რაც შეეხება იმას, თუ რას ასახელებს ამის მიზეზად “ქართული ოცნება”, მიქელაძე აგრძელებს:

“მომჩვანს საჩივარში აღწერილი აქვს, რომ მთელი დღის განმავლობაში კენჭისყრის უბნის გარეთ იყო დაძაბული და სტრესული გარემო.  ამბობს, რომ სტრესი და დაძაბულობა უბნის შიგნითაც იყო. დაძაბულობა გარეთ რომ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა, ამაზე აქვს საუბარი,  რომ საარჩევნო კომისიის წევრები იმყოფებოდნენ უბნის შიგნით, ასევე  ხმების დათვლის პროცესს ესწრებოდნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები. საჩივარში აღნიშნულია, რომ ხმის დათვლის პროცესი ხარვეზებით წარიმართა  და დაძაბულობის და შეცდომების გამო ბიულეტენები რამდენჯერმე იქნა გადათვლილიო. [მომჩივანი ასევე აცხადებს, რომ ]53-ე უბანზე ხელმოწერების რაოდენობა  ბიულეტენების რაოდენობაზე. ნაკლები აღმოჩნდაო”, – გვითხრა ანა მიქელაძემ.

როგორც ნეტგაზეთს ზუგდიდის 67-ე საოლქო კომისიის თავმჯდომარე მირანდა მესხიამ განუცხადა, ამ საკითხზე კომისია დღეს, 20 საათზე იმსჯელებს:

“დამსწრეთა 2/3 წყვეტს ამ ამბავს. ვნახავთ, დავაკმაყოფილებთ თუ არა საჩივარს”, – ამბობს ნეტგაზეთთან მირანდა მესხი.

მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც “ქართული ოცნების” წარმომადგენელი ხმების გადათვლას ითხოვს, შეუსაბამობაა, რომელიც #53 საარჩევნო უბნის შემაჯამებელ ოქმში დაფიქსირდა. კერძოდ, ოქმის მიხედვით, ამომრჩევლების ხელმოწერების ჯამი 881-ია, ხოლო ყუთიდან 882 ბიულეტინი ამოიღეს.

ზუგდიდის ოლქის #53 უბნის ოქმი

ზუგდიდის ოლქის #53 უბნის ოქმი

რა შეიძლება ამის მიზეზი იყოს? მირანდა მესხისთვის ზუსტი პასუხი უცნობია:

“შესაძლოა ზუსტად არ იქნა დათვლილი ან რეგისტრატორის მიერ იქნა გამორჩენილი ხელმოწერა”.

“მეტობით არის ცდომილება. ეგ ბათილობის საკითხიც არის, თუ დადასტურდა… თუ ის ერთი ხმა არჩევნების შედეგებზე გავლენას არ იქონიებს, პრობლემა არ არის”, – აცხადებს მირანდა მესხი.

ენმ-ის კანდიდატმა ვარდებული ლაშხიამ “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ამირან ლაგვილავას ორივე უბნის შედეგების მიხედვით არჩევნები 10 ხმით მოუგო. არჩევნები ზუგდიდში მხოლოდ ამ ორ უბანზე ტარდებოდა.

აღსანიშავია, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” ცნობით, გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობაზე ერთით მეტი ოზურგეთის #6 და  წყალტუბოს #51 საარჩევნო უბნებზეც აღმოჩნდა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი